ოკუპაციას გამოქცეულები

გაქცევა

შუადღის 2 საათი იქნებოდა. მალხაზი ეზოში გამოვიდა და კუთხე-კუნჭული გულდასმით დაათვალიერა. შემდეგ გარეთ გავიდა, გზას გახედა და მავთულხლართებთან ახლოს ბუჩქებშიც შეიხედა. რუსები არსად ჩანდნენ. ალბათ, შესვენებაზე საჭმლისთვის წავიდნენო, იფიქრა და თათიას ანიშნა, რომ სწორედ ახლა იყო გაქცევის დრო. ბარგი წინა ღამეს გაამზადეს. წასაღები ბევრი არაფერი იყო, ერთ ჩანთაში ჩატიეს ყველაფერი. სახლთან ახლოს ერთ ადგილას ჩაქელილ მავთულხლართზე ჯერ თათია გადასვა, შემდეგ ჩანთაც გადააგდო და თვითონაც სწრაფად გადახტა. უკან მიიხედა: დათა პაპა შვილიშვილს და რძალს ხელის აწევით ემშვიდობებოდა, თან აქეთ-იქით იხედებოდა, შიშობდა რომელიმე ბუჩქიდან შეიარაღებული „მესაზღვრე“ უცბად არ გამოვარდნილიყო. მახოც დაემშვიდობა პაპას და ცოლთან ერთად სოფლისკენ მიმავალ გზას დაუყვა. ხურვალეთში ერთ ღამეს ცოლის ნათესავებთან გაჩერდა. მეორე დღეს ეპიდემიოლოგებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული, სავალდებულო ორკვირიან კარანტინში უნდა გადასულიყო. ახლა თათიასთან ერთად ის თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო ზონაში იმყოფება.

მახოს დარდები

„იძულებული გავხდი, რომ წამოვსულიყავით. რუსები სულ მითვალთვალებდნენ, გაივლიდნენ-გამოივლიდნენ და ცოტა დაძაძღულ ღობეს ნახავდნენ თუ არა, ეგრევე ჩემსკენ იყურებოდნენ. ღამე მოდიოდნენ და ბატარიებით მინათებდნენ. დღედაღამ ვფიქრობ მაგასა, ამ კარანტინის მერე რა გავაკეთო. სულ მთლად ჰაერში დავრჩი. რომ გადმოვედით, ცოლის მშობლებთან მივედით და იქაც როდემდე გავჩერდე, ძალიან მრცხვენია. ერთი ოთახიც რომ მქონდეს, ჩემი ჭერიც რომ მქონდეს, ეგ მინდა. ახლა მე და ჩემი ცოლი ხომ გადმოვედით ოკუპირებული ტერიტორიიდან, უნდა დავინტერესდე, რომ დევნილის სტატუსი გავაკეთო. დათა პაპას სახლში ცხინვალის პასპორტი დავტოვე, აქ რაში დამჭირდება. საქართველოს პირადობის მოწმობაც მაქვს. გორში დავიბადე. აქ, ხურვალეთში, გავიზარდე, აქ ვცხოვრობდი და დევნილი ვარ, აბა, რა ვარ. ხომ ყველამ იცის, რომ ეს წლები დათა პაპასთან ვცხოვრობდი და ცოლიც როცა მოვიყვანე, ეგრევე ღობის იქით, იმ სახლში გადავიყვანე“.

ასევე ნახეთ საბოლოო გაფრთხილება: ციხე და ცოლის გაძევება

მალხაზ კურტაევი - სოფელში მას ვანიშვილად იცნობენ - ხურვალეთში ბებოსა და პაპასთან გაიზარდა, დათა და ვალია ვანიშვილების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ დედა ვლადიკავკაზშია, მალხაზს ყველაზე მეტად ხურვალეთში ყოფნა უყვარდა და მოხუცებს ყურადღებასაც აქცევდა. დათა ვანიშვილს ყველა იცნობს, მისი შვილიშვილი მახო კი ტელეკამერების წინ იშვიათად ჩნდებოდა. მალხაზი მავთულხლართებზე ხშირად გადად-გადმოდიოდა მალულად, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდიოდა და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო. ჯარიმის გადახდის შემდეგ უშვებდნენ, მაგრამ მავთულხლართებში ცხოვრებას ვერ ეგუებოდა. ერთ-ერთი გადმოსვლისას ხურვალეთის მაღაზიაში თათია ადიკაშვილი გაიცნო და ასე დაიწყო მალხაზისა და თათიას სიყვარულის ისტორია.

ცხინვალის საკარანტინო ზონა და დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მუქარა

მალხაზ კურტაევმა (ვანიშვილმა) თათია ადიკაშვილი ცოლად ექვსი თვის წინ მოიყვანა. გადაწყვიტა, რომ ცოლთან ერთად პაპის სახლში, მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეცხოვრა და ერთ დღესაც თათია ღობეზე ჩუმად გადააპარა. საოკუპაციო ძალების ჯარისკაცებმა მახოს დაოჯახების ამბავი მალევე გაიგეს და პრობლემებიც აქედან დაიწყო. 16 აპრილს მახო დააკავეს, მეორე დღეს თათია სახლიდან გაიყვანეს. ცოლ-ქმარი ცხინვალის საავადმყოფოს ორკვირიან კარანტინში მოათავსეს. კარანტინში მახოს უშიშროების თანამშრომლებმა მუქარით მიაკითხეს.

„ცხინვალის საავადმყოფოში, ინფექციურში ვიყავით, იქ კაგებეც დამადგა. მაგათმა უშიშროებამ თათიას არაფერი უთხრა. მე მითხრეს, თუ ეხლაო არ გაჩერდებიო და იქით გადახვალ ხოლმეო, ცუდად გექნება საქმეო. რაღა გინდა, ეს ცოლი დაგიტოვეთ, საბუთიც არაფერი აქვსო და შენ რაზე ცელქობო. გაჩერდი ერთ ადგილზეო, თორემ შენ ცოლსაო გავგზავნით უკანაო, თავის სახლშიო, შენ კიდევ ექვსი წელი ციხეში ამოყოფო თავსაო და ვეღარც პაპასა და ბაბოს და ვერც სახლსა ნახავო. აი, ასე გამაფრთხილეს და დამემუქრნენ. მორჩა, მე ხურვალეთში ვეღარ გადავალ. საბოლოო გაფრთხილებაა. ორჯერ ხომ დაგიჭირეთ და გაგიშვითო და კიდევ თუ დაგიჭირეთ, შენ თავს დააბრალეო. თუ ერთხელ მაინც გადავედი სოფელში, ესე იგი უნდა წავიდე და წავიდე, ჩემ სახლში აღარ უნდა დავბრუნდე. პაპა და ბაბო როგორ დავტოვო?“

ასევე ნახეთ მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია

ცხინვალის კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ მახოს მშვიდი ცხოვრება მაინც არ გამოუვიდა. არადა, უნდოდა მიწა დაემუშავებინა, დათა პაპას და ვალია ბაბოს შეძლებისდაგვარად დახმარებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მის სახლთან მუდმივად იმყოფებოდნენ შეიარაღებული პირები და უთვალთვალებდნენ. ასეთ პირობებში ერთი თვე გაძლო, შემდეგ კი თათიასთან ერთად გადაწყვიტა გამოქცეულიყო. გამოქცეულმა კი აღარ იცის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ პაპა-ბაბოსთან კონტაქტი როგორ დაამყაროს.

„ახლა რუსები ძალიან აღრენილები იქნებიან ჩემზე, ძალიან სახიფათოა უკვე იქ გამოჩენა. სულ მემუქრებოდნენ და მაფრთხილებდნენ, აღარ გადახვიდე, თორემ 6 წელი ციხეში ჩაგსვამთო. ახლოს რომ მივიდე, შეიძლება ღობეებზე გადმოხტნენ და გადამათრიონ, მერე იქით გადამიღებენ სურათს და იტყვიან, აი, საზღვრის დარღვევაზე დავიჭირეთო. ასე რომ, არ ვიცი მოხუცებსაც როგორ მივხედო. მაგრამ იქ დარჩენითაც ვერაფერს ვშველოდი“.

თავშესაფრის ძებნაში

გამოქცეულები სოფელ ხურვალეთში თათია ადიკაშვილის ოჯახმა შეიფარა. თათიას და, თამთა ადიკაშვილი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მავთულხლართებს მიღმა ახლად შექმნილი ოჯახისთვის ცხოვრება შეუძლებელი იყო.

„რუსები მუდმივად ავიწროებდნენ. ჩემი და ქართველია და ქართველი აქეთ არ უნდა ცხოვრობდესო. ჩემ დას არა აქვს რუსეთის პასპორტი და რაც იქ მახომ გადაიყვანა, სულ უთვალთვალებდნენ რუსები. თავისუფლად ვერ მოძრაობდა და იძულებული იყო სულ სახლში ყოფილიყო. ეზოს გარეთ ვერ გადიოდა უსაბუთობის გამო.მთავარი მიზეზი ეს შევიწროება იყო,რატომაც გამოიქცნენ. მეორე მიზეზი ის იყო, რომ დათა პაპას სახლში არც წყალი იყო და არც შუქი. არანაირი საცხოვრებელი პირობები იქ არ იყო. კილომეტრებიდან 5-10 ლიტრ წყალს ეზიდებოდნენ, მეტს ხომ ვერ მოიტანდნენ დათა და მახო? და ეს ცოტა წყალი რაში უნდა ჰყოფნოდათ. გამოქცევის შემდეგ ჩვენთან მოვიდნენ, თბილისის კარანტინის შემდეგ ჯერ, ალბათ, ჩვენთან იცხოვრებენ - აბა, ქუჩაში ხომ არ დარჩებიან - და მერე ვნახოთ, რა იქნება. ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯებიც იყიდება და იქნებ რამე ქნან მომავალში. ოჯახშიც განვიხილავდით, რომ მათ დევნილის სტატუსი ეკუთვნით და, ალბათ, საბუთების მოგროვებას დავიწყებთ“.

ოკუპაციის ხაზს მიღმა მარტო დარჩენილი მოხუცები

„ბაბო და პაპაც ძალიან მოხუცდნენ, რა შეუძლიათ? დათა პაპას ყურში თითქმის აღარ ესმის, აპარატი სჭირდება, თვალებიდანაც ვეღარ ხედავს ნორმალურად. პაპას და ბაბოს წნევის წამლები სჭირდებათ და ეგეც გამოელიათ. ჩემი იქ მისვლა უკვე შეუძლებელია და იქ არც მაღაზიაა და არც არაფერი. არ ვიცი, რა ვქნა. მთავრობიდანაც აღარავინ მოდის. აღარ ვიცი, ვის შევჩივლო ჩვენი გასაჭირი“, - ამბობს მალხაზ ვანიშვილი.

ასევე ნახეთ დათა ვანიშვილი: 88 წელიწადი აქ ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!

ოკუპაციით გაყოფილი ოჯახი

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყეს.

დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართი გაუვლეს. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დარჩა, მიწა კი - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილსა და მის ოჯახს უთხრეს, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გადასვლა ეკრძალებოდათ.

დათას საქართველოს მოქალაქეობა აქვს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. სთავაზობენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღოს და იქაური პენსიაც დაენიშნება, მაგრამ დათა ვანიშვილი ვერ ეგუება ოკუპაციას. რამდენჯერმე დაკავებული იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლის.

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.

მახომ რომ ცოლი მოიყვანა და მავთულხლართებს მიღმა პაპასთან გადაიყვანა, დათა პაპა და ვალია ბებო ფიქრობდნენ, რომ შვილიშვილსა და რძალთან ერთად ცხოვრებას შეიმსუბუქებდნენ, მაგრამ მავთულხლართმა და ოკუპაციამ მათი ოჯახი კიდევ ერთხელ გაყო და ერთმანეთს დააშორა.