ოკუპანტი მემორიალურ დაფაზე

მიხეილ ლევანდოვსკი

საბჭოთა ტერორის მსხვერპლის, მიხეილ ლევანდოვსკის, მემორიალური ნიშანი, რომელიც თბილისში დამონტაჟდა, დისკუსიის საგანი გახდა. ლევანდოვსკი, მართლაც, რეპრესიებს შეეწირა, მაგრამ მანამდე ის მე-11 არმიის სარდალი იყო, მონაწილეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპაციაში.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB)ახორციელებს კამპანიას „უკანასკნელი მისამართი“. კამპანიის ფარგლებში სახლებზე მაგრდება იმ ადამიანების მემორიალური ნიშნები, რომლებიც საბჭოთა ტერორს შეეწირნენ. 2 ივნისს თბილისში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N 7-ში, პატარა დაფამიხეილ ლევანდოვსკის სახელზეც განთავსდა.

რა ვიცით ამ ადამიანზე?

მიხეილ ლევანდოვსკი ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მონაწილეობდა კრასნოვის ამბოხისა და დონის კაზაკთა აჯანყების ჩახშობაში. 1918 წელს შეუერთდა წითელ არმიას. 1919 წელს მე-11 არმიის სარდალი გახდა. მონაწილეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ოკუპაციაში.

ლევანდოვსკი 1938 წლის 30 ივლისს დახვრიტეს. მიზეზი „წითელ არმიაში ტროცკისტული, სამხედრო-ფაშისტური შეთქმულება“ იყო. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

SOVLAB-ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ, მიუხედავად ლევანდოვსკის ბიოგრაფიისა, ის მაინც ტერორის მსხვერპლია და მემორიალურ ნიშანზეც ამიტომ დაიტანეს. ამასთან, ეს არ არის მემორიალური დაფა, ტრადიციული გაგებით. ეს არის ტერორის მხვერპლთა სახელების აღმნიშვნელი დაფა, ყოველგვარი შეფასების გარეშე.

„ეს საქმე მიზნად ისახავს ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, და შეფასებები მერე ყველას ინდივიდუალური ექნება. სამწუხაროდ, საზოგადოება მიჩვეულია ასეთ დამოკიდებულებას: გმირი ან უცხო მტერი. ამ ჩარჩოს იქით ვერ მიდის. არადა, ეს ჩარჩო ვერ ერგება 1937 წლის მასობრივ ტერორს... ამ ადამიანების (მსხვერპლთა) რანჟირება დღეს უკვე არაეთიკური იქნება“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შესაბამისი კომისია მიხეილ ლევანდოვსკის თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და ხელმეორედ განიხილავს. კომისია თხოვნით მიმართავს SOVLAB-ს, წარმოადგინოს თითოეული ადამიანის (ტერორის მსხვერპლის) ბიოგრაფია, რათა ის ისტორიკოსებმაც შეისწავლონ.