ოთხი ლიდერი „ილიას გზაზე“ - ვის რა როლი ერგო ხალხთან შეხვედრებზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - საპარლამენტო არჩევნებამდე რადიო თავისუფლება აკვირდება, ისმენს და გიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.

„არჩევნებში მეხუთედ ვიღებ მონაწილეობას, თუმცა ბრენდირებული ავტობუსით პირველად დავდივარ“, - მეუბნება ალეკო ელისაშვილი და ავტობუსის ფანჯარას წითელ ფარდას აფარებს, რომ მზემ არ შეაწუხოს.

პარლამენტარი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი ფანჯრის მხარეს ზის, გვერდითა სკამზე პიჯაკი და ჰალსტუხი უდევს. ცალკე ზის მამუკა ხაზარაძეც, ლევან ცუცქირიძემ და ანა დოლიძემ გვერდიგვერდ დაიკავეს სკამები.

მამუკა ხაზარაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“

ალეკო ელისაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველო"

ლევან ცუცქირიძე და ანა დოლიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებით, წევრებითა და მხარდამჭერებით სავსე ოთხი ავტობუსი სადგურის მოედნიდან დღის ოთხ საათზე დაიძრა და რამდენიმე მეტრში თბილისის რკინიგზის სადგურის მთავარ შესასვლელთან საცობში გაიჭედა.

ავტობუსს კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამონათვალი და საარჩევნო ნომერი აწერია. ავტობუსს გასდევს სლოგანი - „რეალური არჩევანი“, მის გვერდით კი ილია ჭავჭავაძის დიდი პორტრეტია გამოსახული.

ასე გამოიყურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ბრენდირებული ავტობუსი

„ილიას გზა“

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამას, რომელსაც „ილიას გზა “ ჰქვია, სამი მთავარი ამოცანა აქვს:

  • ევროპული მომავლის უზრუნველყოფა და რუსული გავლენის შემცირება;
  • 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა;
  • პენსიების გაზრდა 1000 ლარამდე.

ეკონომიკური რეფორმებისთვის ჩამონათვალს მარშალის გეგმა დაარქვეს. „მარშალის გეგმა“ 1947 წელს რეკონსტრუქციის პროგრამას უწოდეს, რომელიც აშშ-მა შეიმუშავა მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ევროპის აღსადგენად.

„ლელოს“ მარშალის გეგმის მთავარი დაპირებებია: მაღალი ეკონომიკური ზრდა, კორუფციის აღმოფხვრა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტების შეკვეცა და აზარტული თამაშების ინდუსტრიის მეტად დაბეგვრა.

ცხელა… ყველაფერს ბუღი ასდის, წუთები საათებივით იწელება. ავტობუსი არ იძვრის. ამბავი მოიტანეს - ვიღაცას მანქანა სავალ ნაწილზე დაუპარკინგებია და ავტობუსები ვეღარ ეტევიანო. - მძღოლი 20 წუთში ბრუნდება და მანქანა იძვრება.

სრული შემადგენლობით კოალიცია პირველად მიდის რეგიონებში. „ძლიერმა საქართველომ“ წინასაარჩევნო „ბასტური“ (ავტობუსის ტური) გორიდან დაიწყო.

„ავტობუსი პრაქტიკულია, ბევრი ადამიანი ეტევა. სხვა შემთხვევაში 30 მანქანა დაგვჭირდებოდა… ამას გარდა, ჩემთვის გუნდის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია. საარჩევნო ველზე გამორჩეული არავინ უნდა იყოს, ეს არის საქმე, რომელიც თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს“, - მიხსნის მამუკა ხაზარაძე და თანაგუნდელებს ხმამაღლა აფრთხილებს: „მოწინააღმდეგეზე უხეში სიტყვები არ იხმაროთ, იყავით ზრდილობიანები...”, ეს მას შემდეგ, რაც პარტიის წევრებს ვეცნობი და ვუხსნი: „ვიღებ და ვიწერ ყველაფერს, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესოა“.

პოლიტიკოსების გარდა, გორში თბილისიდან მხარდამჭერებიც ავტობუსებით მიდიან, პარტიის ხარჯზე. ავტობუსში, სადაც მე ვარ, მხოლოდ ლიდერები და მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები სხედან. კოალიციის ყველა წევრ პარტიას საზოგადოებასთან ურთიერთობის თავისი გუნდი ჰყავს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ელოდებიან, როდის დაიძვრება ავტობუსი გორისკენ

კოალიცია „ძლიერი საქართველო“

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოთხ ოპოზიციურ ძალას აერთიანებს:

  • „ლელო საქართველოსთვის“;
  • ანა დოლიძის „ხალხისთვის“;
  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და
  • ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“.

საპარლამენტო სიის სათავეში ძირითადად „ლელოს“ წევრები არიან.

„ძლიერი საქართველო“ ხელს აწერს პრეზიდენტის ქარტიას, ანუ ემხრობა ტექნიკური მთავრობის შექმნისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შეთანხმებას.

2024 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეცადა გიორგი გახარიას პარტიისა და „ლელოს“ გაერთიანებით ახალი კოალიცია შეექმნა, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, პარტიები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ითანამშრომლებენ. ლიდერებიდან გახარიასთან კოალიციის შექმნის წინააღმდეგი იყო ლევან ცუცქირიძე.

„გაუმარჯოს ჩვენს ძლიერ საქართველოს“, - ეს ფრაზა მომწონს… „ჩვენ ვართ ქალაქში, რომელმაც გადაიტანა ომი“, - [ამას] თითქოს რაღაც აკლია“, - ამბობს გრიგოლ გეგელია და ხელახლა კითხულობს ტექსტს, რომელიც გორში უნდა წარმოთქვას. დღევანდელ შეხვედრას ხალხთან ის და კოალიციის კიდევ ერთი წევრი პარტია „მოქალაქეებიდან“ ქეთევან თურაზაშვილი წაიყვანენ.

„ასე ვბჭობთ ხოლმე, როცა ჩემი სფიჩები იწყება, 30-წამიანი სფიჩი მაქვს, ამას მირჩევნია 10-15 წუთი გაუთავებლად ვისაუბრო, 30 წამი ჩემთვის კოშმარია“, - მეუბნება გეგელია. „დედინაცვლის დავალებას ჰგავსო“, - ამატებს პარტია „ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

კოალიციის ლიდერები ერთმანეთს ბევრს არ ელაპარაკებიან, ალეკო ელისაშვილი თვლემს, „მესიზმრებოდა, რომ უკვე 27 ოქტომბერი იყო და ხელისუფლება შეცვლილიყო“, - ხუმრობით მეტყვის გამოფხიზლებული.

მოკლედ ალეკო ელისაშვილზე

ალეკო ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარეა, რომელიც 2020 წელს დააფუძნა. ის პროფესიით ისტორიკოსი და ძველი თბილისის მკვლევარია. იყო ჟურნალისტი, პარალელურად, თბილისის მზრუნველთა გაერთიანების „თბილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

2014-2017 წელს ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. მან საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს აჯობა. 2017 წელს კენჭი იყარა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად და 18%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილი დაიკავა.

ბოლო ყველაზე ხმაურიანი ამბავი მის პოლიტიკურ კარიერაში „აგენტების კანონის“ განხილვას უკავშირდება. მან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახეში მუშტი დაარტყა, რასაც აყალმაყალი მოჰყვა. ეს კადრები საერთაშორისო მედიაში აღმოჩნდა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მას სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდაებ, თუმცა საქალაქო სასამართლო კანონის დამრღვევად ალეკო ელისაშვილს ცნობს და 2000 ლარით დააჯარიმებს.

„ძლიერი საქართველოს“ ავტობუსები გორში დათქმულზე ნახევარი საათით ადრე ჩავიდნენ. შეკრების ადგილი გორის ციხის ძირში მდგარი ლომჭაბუკის ძეგლია. სცენა უკვე მზადაა და ხალხის ნაწილიც ადგილზეა. ეკრანებზე ერთმანეთს ცვლის პარტიის დაპირებები.

შეხვედრა გორში, 2024 წლის ოქტომბერი

ლიდერებს გორელი მხარდამჭერები ელოდებიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც მამუკა ხაზარაძესთან მიდის, ხელს ართმევს და ეცნობა, ცხინვალიდან დევნილი, შშმ პირის სტატუსის მქონე 77 წლის გივი არჩვაძეა.

გივი არჩვაძე, ადგილობრივი

„მომწონს "ძლიერი საქართველოს" აზრები, მომწონს გასაქანი და ყველაფერში ვეთანხმები, მინდა, რომ მშვიდი საქართველო იყოს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ტკბილად დაბერდნენ, მეგობრებში და მეზობლებში ძლიერები იყვნენ“, - მეუბნება გივი არჩვაძე და სოფლის პრობლემებზე მიყვება - წყალი არ გვაქვს და წლებია ველოდებით, როდის გაგვიკეთებს ადგილობრივი ხელისუფლებაო.

კოალიციის დაპირება - 1000-ლარიანი პენსია ხანდაზმულებისთვის შთამბეჭდავია. ელიკო ბერიაშვილს, რომელიც კასპიდან ჩამოვიდა, აინტერესებს, მართლა შეასრულებს თუ არა დანაპირებს „ძლიერი საქართველო“.

ელიკო ბერიაშვილი, ადგილობრივი

„ეს ხელისუფლება ცოტა რაღაცას აკეთებს, მაგრამ იმდენს არა, რომ თანამედროვე ცხოვრება დააკმაყოფილოს, ვეძებთ ახალ ლიდერებს, ახალ მთავრობას, მოვუსმენთ დღეს ბატონ მამუკას და გადავწყვეტთ, გვჯერა თუ არა მისი დაპირებების“, - მეუბნება ელიკო ბერიაშვილი.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პენსია 1000 ლარამდე არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად ოთხი წლის განმავლობაში გაიზრდება.

„ქვეყანაში შემომავალი პირდაპირი ინვესტიცია სამარცხვინოა იმასთან შედარებით, რასაც ემიგრანტები რიცხავენ, ეკონომიკა მუშაობს "ქართული ოცნების" რამდენიმე ოჯახისთვის, დანარჩენი კორუფციული სქემებია“, - ეუბნება ხაზარაძე გორში შეკრებილებს.

ბიზნესიდან პოლიტიკაში

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბიზნესიდან პოლიტიკაში 2019 წელს წავიდა. იქამდე 27 წლის განმავლობაში თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ანაკლიის პორტის მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი, რომელთანაც მთავრობამ თანამშრომლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის არგუმენტით 2020 წელს გაწყვიტა.

მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდა. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს და წააგეს.

კოალიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2024 წლის არჩევნებისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულებაა. პარტია „ლელოს“ პრეზენტაციაც სიმბოლურად ანაკლიაში გაიმართა.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის არჩევნებში და პარლამენტში მოხვდა.

2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავეებად ცნო, პარტიის ლიდერებისთვის ეს საქმე პოლიტიკური დევნის მორიგი მაგალითია.

2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ არმენოფობიური კამპანია ააგორეს ტელევიზიებმა, რომლებიც მმართველ პარტიას ღიად უჭერენ მხარს, მათ შორისაა „პოსტივი“ და „იმედი“. პირველად 30 სექტემბერს „პოსტივის“ ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა 80-წამიანი ვიდეორგოლი: „ხაზარაძის სომხური შალახო“.

ეს ქართულ პოლიტიკაში აუდიოდიპფეიკის გამოყენების პირველი მაგალითია. შემდეგ ამავე არხის ჟურნალისტმა პოლიტიკოსს ჰკითხა „რატომ მალავს სომხურ წარმომავლობას“. ამ კამპანიას პოლიტიკოსმა „კაგებეშნიკური“ უწოდა და სომხურ თემს ხელისუფლების მაგივრად მოუბოდიშა.

ზუსტად ხუთ საათზე კოალიციას საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უერთდება. ეს ის „სიურპრიზია“, რომელიც კოალიციამ ამომრჩეველს მოუმზადა.

„როცა მე ვირჩევდი ჩემს ადგილს ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ვერ გავდგებოდი გვერდით, ჩემთვის ბუნებრივია, ვყოფილიყავი მათთან, ვისაც აქვს შთამბეჭდავი ბიოგრაფია და სუფთა ხელები“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. ის კოალიციას შეუერთდა, თუმცა პარლამენტში მოსახვედრად არ იბრძოლებს. „დეპუტატობა ჩემი საქმე არ არის, სხვაგან მინდა მივმართო ჩემი ცოდნა და გამოცდილება“, - დააზუსტა ყოფილმა პრეზიდენტმა. ის კოალიციის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. გორის შემდეგ ასეთ შეხვედრაზე წალენჯიხაში გამოჩნდა.

კოალიციის ლიდერებმა ღონისძიების დაწყებამდე მათთვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთხი ლიდერიდან ხალხს ყველა ესაუბრება, თუმცა თავად ამომრჩეველი ძირითადად ანა დოლიძის და ალეკო ელისაშვილის გარშემო იკრიბება. უფრო მეტად მათთან ითხოვენ ფოტოების გადაღებასაც.

ნაწილი პირად პრობლემებზე ესაუბრება, ან წერილს აწვდის, ან თავის ტელეფონს უტოვებს. გიორგი მარგველაშვილიც პოპულარულია. ყოფილ პრეზიდენტთან ფოტოს გადასაღებად რიგი დგას.

„მშვენიერი კოალიციაა, ოთხივე ლიდერი თავისი მიმართულებით პროფესიონალია. დასავლეთს ისეთი მოვეწონეთ, როგორიც ვართ, ამიტომ ჩვენს ღირებულებებს და კულტურას ვერავინ წაგვართმევს, ჩვენი ტრადიციებით მიგვიღებენ და შეგვიყვარებენ“, - ასე ფიქრობს პოლიტიკის მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტი, ლუკა ზინდრიშვილი. ის დევნილია, დედა ემიგრაციაში ჰყავს, თავად გორში ცხოვრობს და საქართველოდან ემიგრაციაში წასვლა არ უნდა.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო კამპანიისას კითხვა-პასუხის საღამოებსაც აწყობს. ამ დროს თბილისის რომელიმე უბანში ან რეგიონში ერთ კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ ხალხს კრებენ, ისინი კითხვებს სვამენ, ლიდერები პასუხობენ. საუბარი ტელევიზიაში და ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ასეთი შეხვედრა გაიმართა დიდუბეში, „ექსპოჯორჯიას“ ეზოში, 10 ოქტომბერს. თემა - ქალთა უფლებებია. აუდიტორიის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა - ქალია. შეხვედრას საბა ბუაძე უძღვება, დაწყებამდე აუდიტორიას ეცნობა და არკვევს, ვის რა თემაზე სურს კითხვის დასმა.

კითხვა-პასუხი დიდუბეში, თბილისი, 9 ოქტომბერი.

„მოქმედი ხელისუფლებისგან იცით რანაირი დამოკიდებულებაა? ასე მესმის და საკმარისია!.. ამომრჩევლის აზრს ყოველთვის უნდა ითვალისწინებდე“, - ამბობს ლიდა კორკოტაძე. ის ექიმია და აინტერესებს, ჯანდაცვაში რის შეცვლას აპირებს კოალიცია და ისიც - ეკონომიკას რას უპირებს.

კითხვა-პასუხის დროს რამდენიმე მთავარი თემა გამოიკვეთა: ოჯახში ძალადობა, ფემიციდი, ქალები პოლიტიკაში, პენსია, ემიგრაცია, სოფლად მცხოვრები ქალები, უმუშევრობა. კითხვებზე პასუხისას ყველა ლიდერი აქამდე მიდის, რომ „პრობლემებს გადაჭრის ეკონომიკური გაძლიერება, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა“.

„ჩვენს საპარლამენტო სიის ოცეულში 9 ქალია“, - მეუბნება ანა დოლიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ კოალიციაში მოწყვლადი ჯგუფების ხმაა, მათ შორის - ქალებისაც:

„მე ვარ იმ ადამიანების ხმა, რომლებისთვისაც მთავარი ფასეულობა ეკონომიკური თანასწორობა და კეთილდღეობაა, იმ ქალების და ჯგუფების ხმა ვარ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, ჭუბერში დაბადებულმა ბავშვმა და ვაკეში დაბადებულმა ბავშვმა ერთნაირ კეთილდღეობაში იცხოვროს“.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პასუხობენ აუდიტორიის კითხვებს. მსჯელობენ ქალთა უფლებებზე

მოკლედ ანა დოლიძეზე

ანა დოლიძე იურისტია. 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. მისი პირველი პოლიტიკური თანამდებობა - 2015 წელს ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა.

2016 წლის ივნისიდან ორი წელი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა, ამის შემდეგ პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი გახდა.

იმ პერიოდში ანა დოლიძე ბევრჯერ იქცა საბჭოს წევრი მოსამართლეების მხრიდან სექსისტური და მიზოგინიური შეტევის სამიზნე. დოლიძე აკრიტიკებდა იუსტიციის საბჭოს მუშაობას და სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე საუბრობდა. 2021 წლიდან დღემდე არის პარტიის „ხალხისთვის“ თავმჯდომარე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და მესამე ადგილი დაიკავა, ის 2021 წელს მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა. ანა დოლიძეს მემარცხენე ხედვები აქვს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კამპანიას „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, მოითხოვდა მორატორიუმის გამოცხადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვაზე.

კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან წავიდა. დიდუბეში შეხვედრაზე მისი ერთ-ერთი დაპირება სკოლებში უფასო კვება იყო.

„მთელი 15 წელი არ ჩამოვსულვარ მანქანიდან, სოფელ-სოფელ დავდიოდი და ვიცნობ ხალხის პრობლემებს, ხელოვნურად არ ვუყურებ …მე მოვდივარ მართლა სუფთა ხელებით პოლიტიკაში და სურვილით, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - ჩამოთვლის ლევან ცუცქირიძე თავის ძლიერ მხარეებს ჩემს კითხვაზე - რას ჰმატებს მისი ყოფნა კოალიციას.

„სუფთა ხელებით პოლიტიკაში“

ლევან ცუცქირიძე ფართო აუდიტორიამ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მარტში გამართული აქციებიდან გაიცნო. ის ამ შეკრებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

ამ პერიოდში ის მორალური და ფსიქოლოგიური თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა - მის ოფისსა და სახლთან უცნობებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

„აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ცუცქირიძე პოლიტიკაში წასვლას აპირებდა. მას აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, 2017 წელს დააფუძნა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) და მისი აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ექსპოჯორჯიაში კითხვა-პასუხი საათ-ნახევარი გაგრძელდა. პირველი ნახევარი საათი ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა.

თუ აუდიტორიის მიერ წამოჭრილი საკითხი პოლიტიკის შემუშავებას ეხება, მაშინ კითხვებს ლევან ცუცქირიძე პასუხობს, სოციალურ საკითხებზე ანა დოლიძე აქტიურობს, როცა საქმე ეკონომიკას ეხება - მამუკა ხაზარაძეა წამყვანი სპიკერი, ალეკო ელისაშვილი ამ შეხვედრას ვერ დაესწრო.

ერთი შეხედვით, ლიდერების პოზიციები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ნამდვილად ასეა თუ არა ან რამდენად შესაძლებელია ეს რეალობა იყოს კოალიციაში, რომლის წევრებიც როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ხედვების პოლიტიკოსები არიან?

„მასობრივი ამომრჩევლისთვის ამ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის მსგავსება სჭარბობს განსხვავებას“, - ასე ფიქრობს გია ნოდია და მიაჩნია, რომ ეს მსგავსება, თავის მხრივ, ამ კოალიციის საერთო იდენტობას განაპირობებს.

„ისინი არიან ხალხი, რომლებიც არასდროს ყოფილან არც "ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს მათი საერთო იდენტობაა, თუ ცალკეულ პირებს არ ჩავთვლით, მაგალითად, სალომე სამადაშვილს. ამ ეტაპზე და ამ არჩევნების კონტექსტი, როგორც ჩანს, ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე განსხვავებებს, მაგალითად, ეკონომიკის ნაწილში. კონტექსტია მნიშვნელოვანი და ამ კონტექსტში შეიძლება მათი ერთობა პოლიტიკურად განათლებული ადამიანისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მასობრივი ამომრჩევლისთვის მსგავსება სჭარბობს განსხვავებას“, - ამბობს გია ნოდია.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. გიორგი მაგველაშვილი საპარლამენტო სკამისთვის არ იბრძვის, ის საარჩევნო კამპანიას დაეხმარება

გია ხუხაშვილი მეთანხმება, რომ კოალიცია „ძლიერ საქართველოში” ფასეულობათა სისტემისა და მსოფლმხედველობის მკვეთრი სხვაობებია, თუმცა ეს შესაძლოა პრობლემა ყოფილიყო სხვა პოლიტიკურ ვითარებაში, 2024 წლის არჩევნებისთვის კი კონტექსტი სრულიად განსხვავებულია.

„წინასაარჩევნო კოალიციების ხედვაა, რომ ეს არ არის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, ყველა ერთის წინააღმდეგ, ნეგატიურ სივრცეში ვართ, ვირჩევთ ევროპას, ამოცანა არის არა იმდენად არჩევნებში გამარჯვება, არამედ ხელისუფლების დამარცხება. ასეთი ნეგატიური ამოცანაა და ნეგატიური ველი ამ ტიპის ეკლექტიკას გულისხმობს. იმისათვის, რომ ძლიერი დაამარცხო, შენც უნდა შეძლო ძალის აკუმულირება“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

როგორ გააგრძელებს „ძლიერი საქართველო“ არჩევნების შემდეგ არსებობას და ზოგადად, რამდენად ხანგრძლივი სიცოცხლე ექნებათ 2024 წლის არჩევნების წინ შექმნილ ერთობებს, ამის პროგნოზირება რთული დავალებაა.

ევროპულ პოლიტიკაში არსებობს კონსენსუსის ძიების კულტურა, როცა ყველა მხარე რაღაცას თმობს. ეს დათმობა მსოფლმხედველობის შეცვლას კი არ ნიშნავს, არამედ კომპრომისზე წასვლის ცოდნას.

შემდეგ რეპორტაჟში პარტია „გირჩის“ საარჩევნო კამპანიაზე მოგიყვებით.

ასევე ნახეთ: