„პრობლემებს ეძებთ? ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით და თქვენ ჩემს მეგობარს სტაცეთ ხელი. ახლა მე ჩემს ადვოკატს დავურეკავ. გითხარი ხო, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები ... აი, ახლა უკვე შარში ხარ, ჩემო მეგობარო“, - ეუბნება ვიდეოში პოლიციის ოფიცერს ოდიშარიას 22 წლის შვილი, ლაშა ოდიშარია.
მის გარდა კადრებში, სამ პოლიციელთან ერთად, ჩანს სულ მცირე 5 ახალგაზრდა კაცი.
ასევე ნახეთ „შარში ხარ, მეგობარო!“ - მონაწილეობდა თუ არა დეპუტატ ოდიშარიას ვაჟი ჰამბურგის პოლიციასთან კინკლაობაშიოდიშარია ამბობს, რომ „ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ და დაუწყეს ჩხრეკა“. „იმედთან“ საუბარში ბექა ოდიშარია ამბობს:
„ჩემმა შვილმა უთხრა, უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი სწავლის უფლების და ასე არიან დანარჩენი საზოგადოებაც. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები, რასის წარმომადგენლები არიან“.
ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ამაყობს შვილით: „მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel-ი კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიკარხებმა“.
ოდიშარიამ ახსენა რადიო თავისუფლებაც:
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო... ჯერ რა უფლება ჰქონდათ?! ბავშვებს ბოლოში [პოლიციელებმა] ბოდიში მოუხადეს და დღეს როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარი“ იყო თუ „რადიო თავისუფლება“, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო. ე.ი. არაფერი არ დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ, ხომ, ინფორმაცია?“
„ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში და ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს... შემდეგ, ის არაბები დაიჭირეს თავისი რაღაც მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ“, - ამბობს დეპუტატი.
„ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ, ხელწერილიც კი არ დააწერინეს“, - ამბობს იგი.
მიუხედავად შელაპარაკებისა, ქართველ ტურისტებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა.