ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს ჰომეროსის საყვარელ გმირზე, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უნივერსალურ პერსონაჟზე, ოდისევსზე. ოდისევსი გამორჩეული გმირია „ილიადაში“, მაგრამ ჰომეროსის მეორე პოემა მხოლოდ მასზეა ორიენტირებული და მის სახელს ატარებს. ოდისევსი (რომაელთა ულიქსესი ან ულისესი, ევროპელთათვის ულისე) ყველაზე მრავალმხრივი პერსონაჟია ანტიკურობაში, იგი ერთმანეთს უხამებს ვაჟკაცობას, ცბიერებას, გასაოცარ მჭევრმეტყველებას, გამძლეობასა და ღვთებრივ იუმორს. ამ პერსონაჟისადმი არც ერთი ღმერთი არ არის გულგრილი: ერთი, პოსეიდონი, ყველანაირად დევნის, ხოლო მეორე, ათენა, ყველაფერში მფარველობს. ოდისევსის მოგზაურობა იქცა ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად და ყველას ჩვენ-ჩვენი ოდისეა გაგვიჩნდა. ამავე დროს, ეს პირველი პერსონაჟია, რომელიც ცოცხლად ეწვია საიქიოს (ქართველი ქალღმერთის, კირკეს, დახმარებით) და გზა გაუკვალა მიწისქვეშეთისკენ ვერგილიუსსა და დანტე ალიგიერის. რატომ თქვა ოდისევსმა უარი უკვდავებაზე, როგორ ჩაიფიქრა და განახორციელა საკუთარი მეუღლის გათავხედებულ სასიძოებზე შურისძიება, როგორ გამოსცადა ოცი წლის შემდეგ შინ მობრუნებული კაცი ერთგულმა მეუღლემ — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.