17 ივლისს, სოხუმში ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლეს. 19 ივლისს საზოგადოებრივი შეკრება და ხალხმრავალი აქცია ოჩამჩირეში გაიმართა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ლაპარაკობენ წითელ ხაზზე, რომლის იქითაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გაქრობის საფრთხეს ხედავენ.
კანონს ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ლობირებს. ერთ-ერთ არგუმენტად ბჟანია რუსეთსა და საქართველოს შორის დამთბარ ურთიერთობებზეც ლაპარაკობს.
"აპარტამენტების კანონი" - რას ითვალისწინებს
17 ივლისს, ასლან ბჟანია კანონის საჭიროების ახსნას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ცდილობდა და ინიციატივას აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის ეკონომიკური განვითარების, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის აუცილებლობით ხსნიდა.
მან თქვა, რომ ვითარება იცვლება - საქართველო რუსეთს უახლოვდება და ყველა შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო.
ერთ-ერთი რაიონი, რომელსაც სადავო კანონი შეეხება, გალის რაიონია - საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს.
„ჩვენ გარშემო პოლიტიკური კონტექსტი იცვლება. უმჯობესდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა - კარგი ურთიერთობებით რუსეთთან. ამ პირობებში ვერ მოვახდენთ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობების იგნორირებას“, - ბჟანიას გამოსვლის სრული ტექსტი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
ბჟანია პირადად ლობირებს კანონს „აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ“.
ოკუპირებულ აფხაზეთში მას „აპარტამენტების კანონს“ უწოდებენ.
მოწინააღმდეგეები ამბობენ რომ ეს არის რედაქტირებული ძველი კანონპროექტი „აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომლის გატანასაც ბჟანიას გუნდი შარშანაც ცდილობდა, მაგრამ ხალხის ზეწოლის გამო ვერ შეძლო.
წელს პროექტი - უკვე სახელშეცვლილი, „დეპუტატების ინიციატივით“ დააბრუნეს პარლამენტში.
17 ივლისს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. განხილვაში ბჟანია პირადად მონაწილეობდა.
კანონპროექტი ამ ჯერზე ინიციირებულია სამი დე ფაქტო დეპუტატის - გერმან კაჭარავას, ასლან აკაბასა და ბესლან ემურხბას მიერ და ის გულისხმობს:
- აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე;
- საპილოტო პროექტი მოიცავს 10 ათასი ნომრის მშენებლობას [თუმცა ოპონენტები 12 ათასზე მეტ ნომერს ითვლიან];
- ეს არ იქნება მუდმივად საცხოვრებელი ბინები - არამედ სასტუმროს ტიპის ნომრები.
უცხოელებს ამ ნომრების შეძენის შესაძლებლობა უპრობლემოდ მიეცემათ. ყველამ იცის, რომ უცხოელებში პირველ ყოვლისა რუსეთის მოქალაქეები იგულისხმებიან.
„თუკი რუსეთის მოქალაქეები იქნებიან გალის რაიონში, ეს სავსებით ნორმალურია. გალის რაიონი საზღვრისპირაა და ჩვენ ვნახეთ, როგორ დადებითად იმოქმედა იქ რუსი მესაზღვრეების ყოფნამ სიტუაციაზე, როგორც იდეოლოგიურად, ასევე პოლიტიკურად. ვფიქრობ, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, თუკი რუსებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ აპარტამენტები ჩვენთან, რაიონში“, - თქვა კომიტეტის სხდომაზე „დეპუტატმა“ თემურ შერგელიამ.
ასლან ბჟანიამ 17 ივლისს „დეპუტატებს“ უთხრა, რომ საჭიროა კანონის დამტკიცება და რუსეთთან ურთიერთობების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.
მისი ტექსტიდან ისიც ირკვევა, რომ რუსეთის მიმართ აფხაზეთში გამოიყენება ტერმინი „კოლონიზაცია“. „ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტერმინები... ეს არასწორი და არაპროდუქტიულია“, - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი.
ვარაუდობენ, რომ „აპარტამენტების კანონს“ 1 აგვისტომდე მიიღებენ, ვიდრე დე ფაქტო პარლამენტის არდადეგები დაიწყება
ხალხის პროტესტი, წითელი ხაზი და ბჟანიას გამოცდა
„აპარტამენტების შესახებ კანონის უპრობლემო დამტკიცება - ეს არის ბჟანიას გუნდის ლოიალურობის ტესტი მოსკოვის წინაშე. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ - ამ გამოცდაში ჩაჭრა პოლიტიკური კარიერის დასრულებას ნიშნავს“, - წერია АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
17 ივლისს, სოხუმში, როცა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი სადავო კანონს განიხილავდა, გარეთ ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
ოპოზიციური წყაროები ხუმრობენ, რომ ასლან ბჟანიას ახლახან აღმართული რკინის მესერი გამოადგა; ხოლო გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მომიტინგეები რკინის მესერს ეჯაჯგურებიან.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, დე ფაქტო პარლამენტის წინ მოხდა რამდენიმე შეტაკება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც დეპუტატების გარეთ გამოსვლას ითხოვდნენ.
არის ცნობები, რომ საზოგადოებრივმა აქტივისტმა, ჯანსუხ ადლეიბამ ორლულიანი თოფიდან ორი ტყვია ჰაერში გაისროლა. „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყება, რომ ადლეიბა მოგვიანებით, სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
კანონპროექტის განხილვაზე დაშვებას არაერთი ექსპერტი და საზოგადოებრივი აქტივისტი ითხოვდა. მათ უარი უთხრეს.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდააფხაზური წყაროები ტელეგრამზე ავრცელებენ აქციის მონაწილის - ზელიმხან ვახაბოვის ვიდეოს და მას წარმოადგენენ, როგორც „აფხაზეთის თავისუფლებისთვის“ მებრძოლი ჩეჩენი მოხალისის შვილს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში.
„არ მინდა, რომ აფხაზი ხალხი გაწყდეს და ამიტომ მოვედი აქ. მზად ვარ უკიდურესი მოქმედებებისთვისაც, რადგან ისინი იძულებულს გვხდიან. არ ვარ თვითონ მე აფხაზი, მაგრამ ვგულშემატკივრობ აფხაზ ხალხს და აფხაზურ მიწას. რისთვის ვიბრძოდით? იმისთვის, რომ 20-30 წლის შემდეგ ბიზნესმენებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება და გაეყიდათ?! ხალხის უმოქმედობა ჩვენი მთავარი მტერია და ამიტომ თვალები უნდა გავახილოთ და გამოვიდეთ ჩვენი ბინებიდან!“, - ამბობს აქციის მონაწილე.
აფხაზი ჟურნალისტი, ისტორიკოსი როინ აგრბა, ინსტაგრამზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში - პროტესტის დაბალ მუხტზე წუხს და ამბობს, რომ არ არის საკმარისი ამ დიდი პრობლემის დასაძლევად მხოლოდ მეთვალყურეობა და განცდა ფეისბუკზე თუ ტელევიზიის სიუჟეტების ყურებისას.
„ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ. ეს წითელი ხაზია, გადავლახავთ და ნახვამდის. ხვალ აგერ მუზეუმი არის და დავკიდოთ ჩვენი გერბი, დროშა და დავაწეროთ, რომ ოდესღაც იყო აფხაზეთის რესპუბლიკა. მერე შვილთაშვილები დაგვწყევლიან“, - ამბობს აგრბა. ვიდეო სკვერშია გადაღებული, სავარაუდოდ - 18 ივლისს, როცა ხალხს კანონის მოწინააღმდეგე „დეპუტატები“ ხვდებოდნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში შიშობენ, რომ აპარტამენტების გაყიდვის პრეცედენტი თანდათან მასობრივი გახდება - აპარტამენტების ყიდვას მოქალაქეობის მინიჭებაც მოჰყვება, რაც მთლიან სურათს შეცვლის. ბჟანიას გუნდი ამაოდ ამშვიდებს მათ, რომ კანონი მოქალაქეობის მინიჭებაზე არ არის მიბმული.
ადგილობრივი საინფორმაციო წყაროების თანახმად, სოხუმიდან საპროტესტო აქციები რეგიონებში იშლება.
19 ივლისს გამოცხადებული იყო საზოგადოებრივი შეკრება ოჩამჩირეში. მონაწილეობის მსურველები სოხუმიდან, 17:00 საათისთვის, სპეციალური ავტობუსით ჩაიყვანეს.
ოჩამჩირიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მილიცია მომიტინგეებს შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდა. არის უხეში ურთიერთშელაპარაკების დამადასტურებელი ფაქტები.
მიტინგის მონაწილეები მიმართავენ სამართალდამცველებს, რომ მეტი პატივისცემა სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მასალები ადასტურებს, რომ აქცია მაინც ჩატარდა.
„ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, ოჩამჩირეში გამართულ აქციაში 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციების მიუხედავად, მოსკოვის ზეწოლით მაინც მოხერხდა ბიჭვინთის ცნობილი სააგარაკო კომპლექსისა და მიმდებარე მიწების რუსეთისთვის გადაფორმება, 2023 წლის მიწურულს.
ფეკალიების მდინარე და პრივილეგიები რუსეთის მოქალაქეებისთვის
„აპარტამენტების კანონის“ გარდა, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში განიხილება კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტი [შეთანხმება სოხუმსა და მოსკოვს შორის], რომელიც რუსი ბიზნესმენებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
პირობებს შორის არის რუსი ბიზნესმენების უფლებების დაცვა და გადასახადებისგან გათავისუფლება 8 წლით.
აფხაზი ეკონომისტების გათვლით, ეს ინიციატივა ძირს გამოუთხრის ადგილობრივ წვრილ და საშუალო ბიზნესს - რომელიც ძირითადად ტურიზმის სფეროშია. რუს მსხვილ ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ შეამცირონ სერვისების ფასები და დამსვენებლები სრულად გადაიბირონ.
უცხოელი ინვესტორების და კერძოდ - რუსული კაპიტალის დაბანდებით მიღებულ სავალალო შედეგებზე რამდენიმე დღის წინ აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია იუწყებოდა. მას მოჰყავს სასტუმრო „როსიას“ მაგალითი, რომელიც კანალიზაციის ღია არხებით ფეკალურ მასებს პირდაპირ ზღვაში უშვებს.
„როსიას“ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, ვინმე სიჭინავა მართავს, რომელსაც ამ 14-სართულიანი სასტუმროს გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც ჩანს, სხვა არაერთი ბიზნესი აქვს.
ანტისანიტარია და საშინელი სუნი თავად „როსიას“ დამსვენებლებსაც აწუხებთ, რადგან პატარა მდინარეს, მთელი ეს სიბინძურე სწორედ პლაჟისკენ მიაქვს. აფხაზი ჟურნალისტის ცნობით, პათოგენური ბაქტერიების სიმრავლე ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემოს ქმნის.