8 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ოგე ბორქგრევინკი, "ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის" წარმომადგენელი და თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი. ოგე ბორქგრევინკმა აღნიშნა, რომ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება ადგილობრივებისთვის ნორმად იქცა. წლების განმავლობაში დაკვირვებამ მას აჩვენა, რომ ეს ტერიტორიები სულ უფრო იცლება. ოგე ბორქგრევინკი არსებულ საფრთხეებზე უპირველეს პასუხისმგებლად საოკუპაციო რეჟიმს ასახელებს, თუმცა, აგრეთვე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს მინიმალური სერვისების მიწოდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის. მისი აზრით, მოქალაქეების გატაცების ფაქტებს შეამცირებდა ქართველი სამართალდამცავების ადგილზე ყოფნა. "ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ომის დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელობის ინდივიდუალიზაცია და კონკრეტული პირების დასჯა. ოგე ბორქგრევინკი შეეხო ჰააგის სასამართლოს მიერ წარმოებულ გამოძიებასაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ. თამარ ავალიანმა ილაპარაკა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე. მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ელოდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედურ დასკვნას. ის მნიშვნელოვნად თვლის დამოუკიდებელი ექსპერტის (ცენტრ "ემპათიის") სრულფასოვან ჩართულობას პროცესში. ექსპერტიზის ბიუროს მიმართ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატს კონკრეტული კითხვები აქვს. თამარ ავალიანი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატია. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მამასთან ერთად უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა მცხეთის პროკურატურაში. ცნობილია, რომ დაკითხულია ბევრი მოწმე. მათი ჩვენებებით იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე შემხებლობაში იყვნენ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტთან.
Your browser doesn’t support HTML5