ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა"
"ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და ნატოსკენ", - ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ჯეიმს ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხად გააკეთა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება არ ნიშნავს ქვეყნის "დაშანტაჟებას", როგორც ამას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ უწოდა.
ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?"ვფიქრობთ, რომ ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. ეს ჩემი გასულ კვირას [საქართველოში] ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო", - ამბობს ო'ბრაიენი.
"ამერიკის ხმამ" ჯეიმს ო'ბრაიენს სთხოვა, განემარტა, თუ რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე.
"რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს [ამერიკის გადაწყვეტილება] იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანების მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან", - გვეუბნება ო'ბრაიენი.
შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია. თუმცა, მან განმარტა, როგორ მუშაობს პროცესი და რა მოლოდინი შეიძლება ახლა საქართველოს ხელისუფლებას ამერიკისგან ჰქონდეს:
"რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს".
ასევე ნახეთ ჩინოვნიკების აქტივებს გაყინავენ, შეიძლება ანგარიშები დაუხურონ - ექსპერტებს ვკითხეთ, რანაირი შეიძლება იყო აშშ-ის მთავრობის სანქციებიო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეზღუდვები დაუწესდებათ იმ ადამიანების ოჯახის წევრებსაც, ვინც სიაში მოხვდება: "მოგეხსენებათ, დებულების მიხედვით, ეს [სავიზო შეზღუდვები] მხოლოდ თანამდებობის პირებს კი არა, მათი ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულებითი ტაქტიკა, ეს განცხადებაა, რომ თუ გსურს იყო ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის ისარგებლო ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა, რომ შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა დაიწყო ისე ქცევა, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება. მხოლოდ ესაა, რასაც ვამბობთ".
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვენეციის კომისიის დასკვნის მსგავსად, ამბობს, რომ მზადაა ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის: "ვისურვებდით, გვქონოდა ტექნიკური რუტინული საუბრები [საქართველოსთან], რადგან წამოჭრილი საკითხები ისეთია, რომელთა წინაშეც ყველა ქვეყანა დგას და ჩვეულებრივად აგვარებს მათ",- ამბობს ის, თუმცა ამატებს, რომ ქვეყანაში "უცხოეთის გამჭვირვალობის კანონით" შექმნილი სიტუაცია ახლა საკმაოდ მძიმეა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქმედებები, გულისხმობს ძალადობას და დაშინებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ უჭერენ მხარს მთავრობას, და იმ საკანონმდებლო ჩარჩოების ამოქმედებას, რომლებიც შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რის შესასრულებლადაც მთავრობა აირჩიეს".
ო'ბრაიენმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი და თქვა: "ჩვენ ნათლად განვაცხადეთ იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ესაა დემოკრატიული პროცესების შერყევის მცდელობა, კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება მათ მიმართ, ვინც [აქციაზე] მივიდა".
ასევე ნახეთ როგორ „დააწერინეს“ ვენეციის კომისიას კრიტიკული დასკვნა „აგენტების კანონზე“მისი თქმით, ამერიკის შეშფოთებისა და კონკრეტული პრობლემების შესახებ პირადად ესაუბრა საქართველოს ხელისუფლებას: "ძალიან დეტალური საუბრები მქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა. ასევე, ვენეციის კომისიამ, ევროპულმა ორგანომ, რომელიც კანონებს აფასებს, ამ კვირაში ძალიან მტკიცე მოსაზრებები გაავრცელა, რაც ამავე შინაარსისაა. ასე რომ, საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა",- განმარტავს ამერიკის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი.
23 მაისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში იმ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც ქვეყანაში ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის შემოღებაზე არიან პასუხისმგებლები.
საქართველოს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამერიკის პირველი დიპლომატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" განცხადების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეშ მცდელობად აფასებს. პარტიის პოლიტიკურ საბჭოში თვლიან, რომ ეს ნაბიჯი "ცინიკურიც" კია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღით ადრე.