პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, იგივე ნოტრ-დამი მდებარეობს მდინარე სენაზე მდებარე კუნძულ სენ-ლუიზე. ის 1163-1345 წლებში აშენდა. წარმართულ ეპოქაში ამ ადგილას იუპიტერის ტაძარი იყო აგებული, უფრო მოგვიანებთ - წმინდა სტეფანეს ბაზილიკა.
ნოტრ-დამის მშენებლობა დაემთხვა ეკონომიკურ აღმავლობას ევროპაში, განსაკუთრებით კი - პარიზში. ტაძარი ორი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა. მისი აგებისას გამოიყენეს ძალიან ბევრი სიახლე, რამაც სხვა ყველაფერთან ერთად განაპირობა ის, რომ საბოლოოდ ტაძარი არქიტექტურული მნიშვნელობით ევროპაში ერთ-ერთი განსაკუთრებული გახდა. ის ფრანგული გოთიკის მთავარ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.
ტაძრის სიგრძეა 130 მეტრი, სიგანე 50 მეტრი და სიმაღლე - 34 მეტრი. ტაძარი გაფორმებულია ვიტრაჟებით, თაღებით, წმინდანების ქანდაკებებით, ასევე ქანდაკებებით, რომლებიც სხვადასხვა ურჩხულს განასახიერებენ. ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით ერჩოდნენ ჰუგენოტები. ტაძარი რამდენჯერმე გადააკეთეს.
ჯერ კიდევ მშენებლობისას აღმოჩნდა, რომ მძიმე სახურავი მყარ კედლებს მოითხოვდა, რაც თავის მხრივ, ნაკლებ სარკმელსა და ნაკლებ მზის შუქს ნიშნავდა. ამ შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, მშენებლებმა გამოიყენეს თაღების სპეციფიკური სისტემა, რომელიც კედლებზე ზეწოლას ამცირებდა და იმ დროისთვის ინოვაციური იყო. მოგვიანებით აქვე გამოიყენეს გოთიკური არქიტექტურის კიდევ ერთი სიახლე - ე.წ. მფრინავი საყრდენები.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ტაძარი სანახევროდ დანგრეული იყო. ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ გამოქვეყნების შემდეგ ნაგებობა ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. კათედრალი აღადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი მონარქებისთვის ნოტრ-დამი მთავარი ტაძარი არ ყოფილა. აქ არ ხდებოდა არც მეფეთა კორონაცია, არც - დაკრძალვა. ნოტრ-დამში მხოლოდ ნაპოლეონი აკურთხეს იმპერატორად. სანაცვლოდ, ტაძრის სიახლოვეს იმართებოდა სხვადასხვა შეხვედრა, სანახაობები, მათ შორის - კოცონზე დაწვა და სიკვდილით დასჯა. ასევე ნოტრ-დამი იყო ტაძარი, სადაც ჟანა დარკი მოწამედ შერაცხეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება მაცხოვრის ეკლის გვირგვინი. ასევე ტაძრის ღირშესანიშნაობებს შორისაა ზარი, მე-17 საუკუნის ორღანი და ვიტრაჟი.