არასამთავრობო ორგანიზაციები ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ. მართლმსაჯულების სფეროს შესახებ ანგარიში საია-ს ეკუთვნის. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე "დილის საუბრების" მსმენელს უზიარებს შეფასებებს. ის თვლის, რომ მართლმსაჯულების სფეროში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტები ყველა ნაწილობრივ არის შესრულებული, გარდა ერთისა - იურიდიულ სამსახურთან დაკავშირებული საკითხები სრულად პასუხობს 2017-2020 დღის წესრიგს.
ნონა ქურდოვანიძე ინტერვიუში სამ ძირითად საკითხს გამოყოფს:
ერთია სასამართლო სფეროში დაგეგმილი რეფორმები. მათ შორის ერთ-ერთი - ძირეული საკითხი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურების განსაზღვრა-სრულყოფას ეხებოდა, ფაქტობრივად არ შესრულებულა და ბოლოდროინდელ მთავარ პოლიტიკურ საკითხად რჩება.
მეორე მნიშვნელოვან საკითხად გამოყოფს პროკურატურის რეფორმას, რომელიც, ნონა ქურდოვანიძის თქმით, "ფორმალურად განხორციელდა", რისი თქმის საფუძველსაც აძლევს ის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ პოზიციას პროკურატურის დამოუკიდებელ უწყებად გამოცხადების შესახებ ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს გასული წლის შემოდგომაზე მიღებული ორგანული კანონი, რადგან ის ვერ აზღვევს პროკურატურას პოლიტიკური გავლენებისგან.
მესამე მნიშვნელოვან საკითხად ნონა ქურდოვანიძე ასახელებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, ნაწილობრივ შესრულებულია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება 2019 წლის იანვრის ნაცვლად ზაფხულისთვის გადაიდო. სხვა საქმეა, რომ უფლებადამცველები და იურისტები საკანონმდებლო განმარტებებშივე ხედავენ მომავალი უწყების პროკურატურისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრობლემას.
Your browser doesn’t support HTML5