„აპოლიტიკური სამოქალაქო აქტივიზმი საერთოდ არ არსებობს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ნოდარ რუხაძე, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი.
თავდაპირველად, როცა თანამოაზრეებთან ერთად ჩაება ანტისაოკუპაციო მოძრაობაში - „რუსეთი ოკუპანტია“, ფიქრობდა პოლიტიკისგან შორს უნდა მდგარიყვნენ:
„ძალიან მალე დავინახეთ, რომ ჩვენი აქტივიზმი ძალიან არის გადაჯაჭვული იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.
გვაქვს ყოველთვის პოლიტიკური მოთხოვნები და ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი“.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, დილემა, რის წინაშეც დღეს უკვე სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბებული პროცესის მონაწილეები დასაწყისში იდგნენ, იყო პოლიტიკოსთა მონაწილეობის საკითხი საპროტესტო აქციებში:
„20 ივნისის დღესაც ამ დილემის წინაშე ვიდექით - პოლიტიკოსებს რა ვუყოთ? პოლიტიკოსები ჩავრთოთ, არ ჩავრთოთ? მოვიყვანოთ? მივცეთ სიტყვის თქმის საშუალება? თუმცა, ყველანი შევთანხმდით - მოდი, პოლიტიკოსები არ გვინდა, რადგან ძალიან მარტივად, პოლიტიკოსები არ გვევასება არავის.
„მთავარზე“ გასულ ინტერვიუზე ვსაუბრობდით და მგონი, ძაან კარგად გამოჩნდა ის, თუ რა ძალას და რა ფუნდამენტურად განსხვავებულ პრინციპებს წარმოადგენს დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა ჩვენთვის. მათი სახელი რეალურად არის შელახული დღეს და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ მარტივი კანონზომიერებით, რასაც საკუთარ პოლიტიკურ ცხოვრებაში აკეთებდნენ აქამდე, სანამ დღევანდელ დღემდე მოვიდნენ. ყველას აქვს დაგროვებული რაღაც საშინელი პოლიტიკური გამოცდილება, საზოგადოებას ცუდად ახსოვს მათი მოღვაწეობა, ან ახსოვს არც თუ ისე კარგად.
მგონია, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ რებრენდინგზე, უნდა იმუშაონ იმაზე, რაც საზოგადოებას სურს და მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ აწიონ თავიანთი პოლიტიკური სტანდარტი, იყვნენ უფრო მისაბაძები, ვიდრე არიან დღეს.
დღეს ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს და ვერ პასუხობენ მოთხოვნებს, რაც ჩვენ - ახალგაზრდებს გვაქვს. ამიტომ, უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა დადის არჩევნებზე და ნაკლებს უჩნდება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის სურვილი“.
მეორე მხრივ, ნოდარ რუხაძე ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ეს ნიჰილიზმი თავის მხრივ შეიძლება იქცეს ერთ-ერთ მოტივატორადაც მათი სამოქალაქო აქტიურობისთვის.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ურჩევს მეტად დაიხარჯოს ახალგაზრდების ინტერესებისთვის:
„კიდევ ერთი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ქართული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის საზიზღარი დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ. დღეს მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიაა, რომელიც პირდაპირ მუშაობს ახალგაზრდების სეგმენტზე. დიდი პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები და კამპანიები არის მხოლოდდამხოლოდ გათვლილი, თუ როგორ უფრო მეტად მოატყუონ ხანდაზმული ადამიანები, რომ „ფეიკ“ დაპირებების გამო შემოხაზონ ერთი თუ მეორე პარტია.
ამ ადამიანებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყნის მომავალი და უნდა იმუშაონ მაქსიმალურად ჩვენზე. ეს ინფორმაცია ვერ მივიტანეთ ამ ადამიანებამდე, რომ მთლიანად შეცვალონ მუშაობის სტრუქტურა, შეცვალონ მესიჯბოქსი, შეცვალონ დამოკიდებულება, მივიდნენ ახალგაზრდებთან, აუხსნან, ელაპარაკონ, გაიგონ რა გვაწუხებს ჩვენ. ამ ყველაფერს არ აკეთებენ და მგონია, ძალიან ბევრს წააგებენ 2020 წელს“.
ნოდარ რუხაძის თქმით, რამდენიმე პარტიამ გარკვეულწილად იმუშავა ახალგაზრდა ელექტორატზე და შესაბამისი შედეგიც მიიღო მათგან.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“-ს მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი დიდწილად უკავშირდება ქვეყნის საგარეო კურსის საკითხს:
„დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ არის პროდასავლური ხელისუფლება და აღარ გამოხატავს საზოგადოების ჭეშმარიტ და გულწრფელ ნებას - რომ ჩვენ ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ გვქონდეს მისწრაფებები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ან თუნდაც ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი, ჩვენი აზრით, არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და მთავარი ეჭვმიტანილი ამ პროცესების სავალალოდ წარმართვაში არის ჩვენი ხელისუფალი.
პირველი, ყველაზე დიდი პასუხი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გასცა ხელისუფლებას, იყო 20 ივნისის დღე და 20 ივნისის ღამე, როცა აშკარა და მკაფიო მანიფესტაცია იყო იმ 7 წლიანი პოლიტიკისა, რასაც ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ ატარებდა - გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში! პირადად მე, რაც დავინახე იმ დღეს, იყო ის, რომ არასდროს აღარ დავიკარგებით საქართველოს მოქალაქეები, რადგან ჩვენი გზა არის ძალიან ნათელი და ჩვენი მოთხოვნაა ძალიან ნათელი, ძალიან გულწრფელი, ძალიან რეალური და ძალიან ბუნებრივი!“.
მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტები არიან. ნოდარ რუხაძე ისურვებდა მეტი რესურსი დახარჯოს განათლებაზე, თუმცა, იმ, საქმიანობას, რასაც შეუდგა,თავისი მიაქვს:
„მაგისტრატურის პირველ ლექციაზე იმ დროს მიმდინარე აქციაზე ვფიქრობდი. ძალიან ჩამთრევია ეს ყველაფერი!“.
საიდან მოვიდა პოლიტიკური პროცესებისადმი ინტერესი? როგორც ამბობს, ყოველთვის აინტერესებდა:
„ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა ქვეყანაში, რას საუბრობდნენ პოლიტიკოსები, ლაივში როგორ „დაჭამდნენ“ პოლიტიკოსები ერთმანეთს - მაინტერესებდა ერთის არგუმენტი მეორის წინააღმდეგ და ალბათ, იმ პატარა წრეში, რომელშიც დავიწყე აქტივიზმი და აქტივიზმში გავიცანით ერთმანეთი, დარწმუნებული ვარ, ისინიც იდენტურად იყვნენ.
აუცილებელია, ქვეყნის გულისცემას უსმენდე. სხვანაირად კარგი მოქალაქე ვერ იქნები, რადგან პოლიტიკოსები არიან რეალურად ის ადამიანები, რომლებიც ფორმირებას ახდენენ ჩვენი დღის წესრიგის და აუცილებელია იყო მათ მიმართ ძალიან მომთხოვნი და ყოველთვის აკონტროლო, რას აკეთებენ და რას ამბობენ“.
სამთვიანი აქციების უმნიშვნელოვანეს მიღწევად თვლის პროპორციული არჩევნების დაპირებას:
„ამ დაპირების შესახებ დღეს იცის საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩემი აზრით, ის დარჩენილი სახეც თუ უნდათ შეინარჩუნონ, ამ დაპირებას შეასრულებენ“.
თუმცა, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ნოდარ რუხაძე ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შედეგთა შორის პირველ ადგილზე აყენებს:
„იმედი! ჩემი აზრით პროპორციულ არჩევნებზე მნიშვნელოვანიც არის, რომ გაჩნდა იმედი, რომ ცვლილება შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია, თუ ერთად დავდგებით და განსხვავებების მიუხედავად, ვიპოვით იმ ერთს, რაც გვაერთიანებს, ცვლილებას მივაღწევთ!“.
Your browser doesn’t support HTML5