მწერალმა, დრამატურგმა, თეატრის რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა, რომელმაც გერმანიაში აღიარება მოიპოვა თავისი გერმანულენოვანი რომანებით, ტრაგედია „პენთესილეა. რეკვიემი“ დადგა ქართულ- გერმანულად, ქართველი და გერმანელი მსახიობების მონაწილეობით.
Your browser doesn’t support HTML5
"პუბლიკაზე არ ვფიქრობ წარმოდგენაზე მუშაობის პროცესში", უთხრა ნინო ხარატიშვილმა ოქროპირ რუხაძეს, რომელიც პრემიერიდან მესამე დღეს შეხვდა მას ბერლინში.
„რისთვისაც ათი წელი მაკრიტიკებდნენ, ახლა აღმოჩნდა, "უი, რა კარგია“, - ამბობს ნინო ხარატიშვილი.
დრამა ამორძალების დედოფლის, პენთესილეას და ბერძენი გმირის, სახელგანთქმული აქილევსის სიყვარულზეა, მათ შორის ომზე.
პენთესილეას აქილევსი უყვარდება, მტერი, რისი უფლებაც არ აქვს, რადგან, მათი რწმენის თანახმად, მამაკაცი მხოლოდ გასამრავლებლადაა საჭირო... ვაჟი თუ იბადება უნდა მოკლან. და უყვარდება ასეთი მოდგმის შვილს მტერი-მამაკაცი.
პენთესილეას განასახიერებს ეკა ნიჟარაძე, რომელიც ამბობს, რომ როგორც ცხოვრებაში ხდება, - როცა იცი, არ შეიძლება რაიმე ლტოლვა ან გრძნობა გქონდეს ადამიანთან, არ შეიძლება ეს დაუშვა, რადგან ამას დამანგრეველი შედეგი მოჰყვება, - ასე ემართება მის გმირს. ეს არის თავისუფლების აქტი, რომელსაც მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი. ეკა ნიჟარაძის თქმით, მთელი ამბავი ისაა, რომ რაშიც იცხოვრეს პენთესილეამ და აქილევსმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ეს ყველაფერი არის ტყუილი.
აქილევსის როლს ასრულებს, მანუელ ჰარდერი, რომლის თქმით, „ეს სიყვარული თუ ეროტიკული შეხვედრა ისაა, რაც ცოტა ხნით თავშესაფარს სთავაზობს მას, ვისაც სამშობლო არ გააჩნია: „შენი სხეული ჩემი სახლია, შენი სიძულვილი ჩემი სამშობლო“.
შეგიყვარდეს მტერი შენი, უფრო მეტად, ვიდრე მოყვასი შენი, ესაა პენთესილეას და აქილევსის ამბავი და ამას დაერთვის ეს ორენოვნება, როცა მსახიობებს არ ესმით ერთმანეთის, როგორც მტრებს არ ესმით ერთმანეთის ენა.
ნინო ხარატიშვილის თქმით, შინაარსობრივად ისე იყო გამართლებული, როგორც ეს ახლა ხდება ქართველებსა და რუსებს შორის: ჩამოდის რუსი, გელაპარაკება რუსულად და შენ უპასუხებ ინგლისურად, ენა პოლიტიკა გახდა...
მართალია, მტრებს ერთმანეთის ენა არ ესმით და არ სურთ ერთმანეთის ენაზე ლაპარაკი. მაგრამ, პირიქითაც რომაა ნათქვამი, მტრის ენა უნდა იცოდეო?
მანუელ ჰარდერმა მიამბო, მოლდოვაში ასეთსავე ვითარებაში ვიყავი და სცენის შუიდან წარმოვთქვამდი მონოლოგს, არავინ მიყურებდა მე, რადგან სცენის ორივე მხარეს სუბტიტრებს მისჩერებოდნენო. ალბათ, „პენთესილეაც“ ასე იქნება, მაგრამ იმედია, ზოგიერთი მაყურებელი მაინც არ მიაცქერდება მხოლოდ სუბტიტრებსო.
„დოიჩეს თეატერის“ დრამატურგის, ბერნდ იზელეს აზრით, ხარატიშვილს „ორი ცხოვრება აქვს“ და მისი „პენთესილეა“ საქართველოში სხვანაირად იქნება წაკითხული, ვიდრე გერმანიაში. დრამის ქართული თარგმანი ეკუთვნის მაია ფანჯიკიძეს.
ნინო ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს თემა უყვარს, რადგან მითი არის დაუსრულებელი ამბავი, რომელიც სულ იყო, სულ იქნება და სულ მეორდება, არ აქვს მნიშვნელობა ბუჩაში ხდება მოქმედება, ტროაში თუ სირიაში.