"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა ანგარიში - "მავთულხლართების ზონა - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გამყოფ ხაზებზე". ნაშრომში აღწერილია იმ ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულები და დარღვევები, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი და ანგარიშის თანაავტორი, ნინო ცაგარეიშვილი თვლის, რომ ამ ადამიანების პრობლემების გასაჯაროება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, ნორმალიზდა ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიაზე. ისინი ხდება და რეაგირება არ არის. ადამიანებიც შეეგუენ, რომ გამოსავალი მოცემულ ვითარებაში არ არის. გასააქტიურებელია მუშაობა საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია მეტი ინფორმირება იყოს საზოგადოების ადამიანების ტანჯვაზე, რასაც ყოველდღიურად განიცდიან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დარღვევები განხილული იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით".
ანგარიშის ტექსტში არ მოხვდა ისეთი ისტორიები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა პირის იდენტიფიცირებას:
"იყო ისტორიები, რომლებიც იმდენად გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის - პერსონალურ ინფორმაციას და გარკვეულ დეტალებს შეიცავს, შესაძლოა ახდენდეს პირის იდენტიფიკაციას და უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე არ იყოს მიზანშეწონილი გასაჯაროება. ეს ადამიანები აგრძელებენ სახიფათო ზონაში ცხოვრებას და შესაძლოა აღმოჩნდნენ ისევ საფრთხის ქვეშ, თუ გაამჟღავნებენ ისეთ დეტალებს, რაც სავარაუდო დამნაშავეების გამოაშკარავებას გამოიწვევს".
ანგარიშის ავტორთა ერთ-ერთი რეკომენდაციაა, შესაბამისმა უწყებებმა გამოიყენონ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია და გამოინახოს გზები, რომ დადგეს შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობა:
"ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც 5-6 წლის წინ იყვნენ გატაცებული და არასათანადო მოპყრობის მსხვეპრლები და დღემდე არ იციან რა ხდება მათ საქმეზე, რა შედეგებს შეიძლება ელოდონ".
ნინო ცაგარეიშვილის აზრით, საკითხის სირთულის მიუხედავად, შესაძლებელია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ულებების დარღვევებზე ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რომ არ მიადგეს ზიანი ცალკეული ადამიანის უსაფრთხოებას.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი "დილის საუბრებში" აღნიშნავს, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები გამოთქვამენ სურვილს საქართველოს სამართალდამცავებმა განახორციელონ აქტიური პატრულირება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან:
"ხშირად, როცა არის პატრულირება, ამ დროს ერიდებიან ადამიანის დაკავებას რუსი მესაზღვრეები. რეალობა არის ის, რომ ამჟამად ადგილზე ყურადღების ნაკლებობაა შესაბამისი უწყებების მხრიდან",
- შენიშნავს ნინო ცაგარეიშვილი, რომლის ორგანიზაცია აპირებს იზრუნოს მოკვლეული ინფორმაციის გამოყენებით საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურებაზე:
"ჩვენ გავაგრძელებთ ადვოკატირებას, რომ მიმდინარე მასობრივი უფლებადარღვევები შეფასდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჭრილში, რადგან ამის ნიშნები სახეზე ნამდვილად არის".
Your browser doesn’t support HTML5