ნინო ჩიხლაძე: "როგორც წესი, მოწმე არ გვყავს არასდროს ოჯახში ძალადობის საქმეებზე"

17 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ჩიხლაძე, საია-ს იურისტი. ორგანიზაციის იურისტები გაესაუბრნენ მოკლულის ოჯახის წევრებს და მათი თანხმობით, დაიცავენ დაზარალებული მხარის ინტერესებს სასამართლოზე. ნინო ჩიხლაძემ აღნიშნა აგრეთვე, რომ საია შეისწავლის საქმის ყველა დეტალს და იმასაც, ხომ არ იყო საქმეში მონაწილე პირების და სახელმწიფოს ურთიერთობაში პროცედურული დარღვევები. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ. როგორც მან აღნიშნა, სერიოზული პრობლემაა მოწმის პოვნა ასეთ დანაშაულზე: "როგორც წესი, მოწმე არ გვყავს არასდროს ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, რადგანაც ყველა თავს არიდებს მოძალადესთან ურთიერთობის გაფუჭებას, ან ეშინიათ მათზე არ გადავიდეს მოგვიანებით აგრესია". მნიშვნელოვან საკითხად თვლის ნინო ჩიხლაძე შემაკავებელი ორდერის მოქმედების მონიტორინგს. როგორც წესი, სამართალდამცავები ელოდებიან მსხვერპლისგან მორიგი დანაშაულის შესახებ ცნობას. გარდა ყველაფრისა, საია-ს იურისტი ლაპარაკობს რისკის შეფასების ფორმის დანერგვის საჭიროებაზე. ასეთი კითხვარი პოლიციის თანამშრომელს დაეხმარებოდა საფრთხის შეფასებაში და მისცემდა ადეკვატური და დროული მოქმედების საფუძველს.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ჩიხლაძე ფემიციდზე