კვირა, 25 ნოემბერი
დღიური არასოდეს დამიწერია. კვირა დილაც სწორედ იმაზე ფიქრით იწყება, რას დავწერ მთელი კვირის განმავლობაში და შემდეგ, როდესაც ამ ჩანაწერებს გადავხედავ, რამდენად საინტერესოდ მომეჩვენება მომავლის გადმოსახედიდან.
ზუსტად ვიცი ის, რომ ჩემთვის ყველა დღე არჩევნებს უკავშირდება მაშინაც, როცა არჩევნები არ არის და მაშინაც, როცა არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი. განსხვავება მხოლოდ რიტმშია. არასაარჩევნო პერიოდში ვცდილობთ ვიფიქროთ, ვიკვლიოთ და ვწეროთ ყველაფერზე, რაც მომავალი არჩევნების მეტ გამჭვირვალობას და სამართლიანობას უზრუნველყოფს - იქნება ეს სისტემა, სოციალური მედია, კენჭისყრის პროცედურები, საარჩევნო დავების განხილვა თუ სხვა, ხოლო დღეს, როცა არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი, საარჩევნო რიტმი განუზომლად არის აჩქარებული.
შესაძლოა, ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ჩემი პროფესიული არჩევანი. მე ვმუშაობ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“, ანუ, მოკლედ, „სამართლიან არჩევნებში“. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებს 3 წლის ასაკიდან ვაკვირდები, იმ დღიდან, როდესაც დედამ საპრეზიდენტო არჩევნებზე წამიყვანა და, საარჩევნო უბანზე მისული, ზვიად გამსახურდიას ვეძებდი, რომ „ხმა მიმეცა“. შემდეგ, სტუდენტობისას, „სამართლიანი არჩევნების“ აქტივობებს პერმანენტულად ვეცნობოდი. ვათვალიერებდი ფოტოებს მათი პროექტებიდან და ძალიან მინდოდა რიგითი აქტივისტი ვყოფილიყავი მათ რიგებში, ვინაიდან მიმაჩნდა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ღირებულ საქმეს აკეთებდნენ.
დღეს ოჯახთან ერთად ყოფნა მაქვს დაგეგმილი, თან ამინდიც იდეალურია ბავშვის გასასეირნებლად, თუმცა 12 საათზე ცესკოში შეხვედრა დაინიშნა ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით და აქ დასწრება მნიშვნელოვანი მგონია. ელენე მწერს, რომ დავრჩე და თვითონ წავა, მაგრამ მე არ ვუჯერებ.
რა ვქნათ?
მე მარტო წასვლა არ მინდა, თან ავტომობილს არ ვმართავ და ამიტომ ჩემი სახლიდან ცესკოს შენობამდე მინიმუმ 2 ტრანსპორტი უნდა შევიცვალო, რაც დროს და მოთმინებას მოითხოვს, მე კი არც ერთი მაქვს და არც მეორე.
საბოლოოდ, მე, თემო და ბავშვი ერთად მივდივართ. კოლეგებთან ერთად შევდივარ შეხვედრაზე, ხოლო დემეტრე მამასთან ეზოში რჩება, გართობისა და კარგი ამინდის იმედად.
დამავიწყდა ზემოთ მეთქვა, რომ ჩვენ რუსთავში ვცხოვრობთ, ძველ რუსთავში. ეს ქალაქი და ქალაქის ეს ნაწილი ჩემთვის ეგზოტიკურია იმდენად, რამდენადაც არ არის გადატვირთული ურბანული ხმაურით, მტვრით, ავტომობილებით და, ამასთან, არის ბევრი ფართო ქუჩა, სადაც შეიძლება ისეირნო და მწვანე ადგილებში განიტვირთო.
ცესკოში შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა. „სამართლიან არჩევნებსა“ და მის პარტნიორ ორგანიზაციებს, TIG-სა და საიას, კითხვები გვიჩნდება: რამ გამოიწვია განსხვავება სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დასახელებულ სიაში გაზრდილ ამომრჩეველთა რაოდენობასა და I და II ტურებს შორის ცესკოს სიაში ამომრჩეველთა რაოდენობას შორის. საქმე ისაა, რომ მედიაში სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სია, დაახლოებით, 3 500 ამომრჩევლით გაიზარდა, ხოლო ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 9 871 ამომრჩევლით მეტია, პირველ ტურთან შედარებით. როგორც აღმოჩნდა, ცესკომ სააგენტოს მიერ დასახელებულ სხვაობას იმ ადამიანების სიაც დაამატა, რომელთა პირადობებსაც პირველი ტურის შემდეგ ვადა გაუვიდა და, შესაბამისად, სხვაობაც ამით აიხსნება. შეხვედრის შემდეგ ცესკოს მიმართ არსებულ კითხვებს პასუხი გაეცა და რჩება კითხვები სააგენტოსთან, რომელიც ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრეზენტაციას ხვალ გამართავს.
დემეტრეს უკან მომავალ გზაზე დაეძინა. ძილი სახლშიც გააგრძელა. მე კი ამასობაში მისთვის სადილს ვამზადებ.
საღამოს დედა მირეკავს, ამოწმებს სამსახურში ხომ არ ვარ ისევ. ამას რატომღაც ყოველთვის ფრთხილად კითხულობს, თითქოს პასუხის ეშინია. ჩემი მშობლები დღემდე ვერ ეგუებიან, 8 საათის შემდეგ შინ რომ არ ვარ - სულ ერთია, ვიქნები მათთან სახლში, 300 კილომეტრით შორს თუ სულაც სხვა პლანეტაზე.
ისე, ყოველ ჯერზე, როცა ეკრანზე დედას ან მამას ზარს ვხედავ, სინდისის ხმა ამომძახებს თითქოს: „ისვე დაგასწრო“.
Your browser doesn’t support HTML5
ორშაბათი, 26 ნოემბერი
დღეს პირველი CNN-ის სტატია მეჩეხება, რომელიც იუწყება, რომ ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს და ხელში ჩაიგდეს სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, შეპყრობილი ხომალდების ეკიპაჟი კი, მთლიანობაში, 20 ადამიანამდეა. ისმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ვნერვიულობ, რადგან მარტის ბოლოს უკრაინაშიც საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ეს დაძაბული რეჟიმი საარჩევნო პროცესზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ასევე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გამო ერთ თვეში კიევში მიწევს ხანგრძლივად გადასვლა ოჯახთან ერთად და ეს დამატებით სანერვიულო თავსატეხს მიჩენს.
ამის პარალელურად, მსოფლიო მედია გვახარებს, რომ ნასას ხომალდი „InSight” მარსზე წარმატებით დაჯდა და ზედაპირიდან სურათებიც გამოგზავნა დედმიწაზე. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ვფიქრობ: როგორი ნიშანდობლივია, რომ ერთ დღეს, მსოფლიოს პროგრესული ნაწილის სიმბოლო, ნასა, მარსზე ხომალდს სვამს, ხოლო რუსული საზღვაო ხომალდები უკრაინულ ხომალდებს ესხმიან თავს ქერჩის სრუტესთან.
ამ ფიქრებში გართული მოვდივარ სამსახურში და ვამზადებ შეკითხვებს სერვისების განვითარების სააგენტოში გასამართი შეხვედრისთვის.
დღის მეორე ნახევარში ვამზადებ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ განცხადებას, რომელსაც მოგვიანებით მიშასა და ელენესთან ერთად განვიხილავთ. ამ დროს თითოეული სიტყვა, წერტილი და მძიმე განიხილება და ისე ეძლევა საბოლოო სახე. იმავე განცხადებებს ამზადებენ კოლეგა ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რასაც განხილვების და დისკუსიის თითქმის დაუსრულებელი პროცესი ახლავს თან და რომელსაც მოგვიანებით ერთობლივად წარვუდგენთ საზოგადოებას.
სამშაბათი, 27 ნოემბერი
ხვალ არჩევნებია. მთელი დღე ვცდილობ მშვიდად ვიყო და აღვრიცხავ ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ შემჩნეულ დარღვევებს. წესით, დღეს შედარებით მოკლე სამუშაო დღე უნდა გვქონდეს, რადგან ხვალ არჩევნებია და ენერგიის მობილიზებაა საჭირო.
საღამოს თემომ სამსახურში გამომიარა. მე ოპერის ამბები მაინტერესებს და ვეკითხები, როგორ ჩაიარა რეპეტიციებმა. ჩემი მეუღლე ოპერის დასის წევრია და მე ოპერა, არჩევნების შემდეგ, ყველაზე მეტად მაინტერესებს. ამიტომ ოპერის ამბების მოსმენა სასიამოვნო განტვირთვაა ჩემთვის. ზოგადად, მიყვარს მუსიკალურ თავსატეხებზე ფიქრი, იმიტომ რომ ვიცი, თუ ვერ ამოვხსნი, ეს ჩემი პრობლემა არასდროს გახდება. მაგალითად, ამჟამად მაწუხებს კითხვა: რატომ მოდის კარაიანთან დარტყმა უფრო გვიან, მაშინ როცა ტოსკანინისთან მუსიკა მისი ხელის მოძრაობასთან ერთად ჟღერს?!
გზად მიმავალს ამ ფიქრებიდან ნათიას ზარს გამოვყავარ. ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩოხატაურიდან მეუბნება, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს მმართველმა პარტიამ ფული დაურიგა. მითხრა, რომ 4 კომისიის თავმჯდომარემ ფულის მიღების ფაქტი დაუდასტურა. როგორც ჩანს, სამუშაო დღეს დასრულება არ უწერია, რადგან ეს ინფორმაცია საჭიროებს გასაჯაროებას და მე ისევ განცხადების ტექსტს ვამზადებ.
მიშა, ელენე, ბართო, რეზი და სხვები ისევ ოფისში არიან და აგვარებენ ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხს.
სახლში მისულს დემეტრე მეტმასნება და ლექსების მოყოლას მთხოვს. მე კი საბავშვო ლექსების სრული მარაგი უნდა ამოვწურო ზეპირად, რადგან არ მოსწონს წიგნში წაკითხვა. ასე თითქმის საათი ვუყვები ლექსებს კნუტებზე, ზღარბზე, სპილოზე, მურიებსა და ჩიტებზე. ჩემს ამ ყოფაზე სულ მახსენდება ლამფის შუქზე მაგიდასთან მჯდარი დედა, რომელიც ძილის წინ გრძელ პიესებს მიკითხავდა და როცა იკითხავდა, „გძინავს“? მე მხოლოდ იმისთვის ვფხიზლდებოდი, რომ მეთქვა „კი“ და ისიც აგრძელებდა კითხვას მანამ, სანამ ღრმად არ ჩამეძინებოდა.
შემდეგ მე და თემოს დემეტრეს დაძინების გრძელვადიანი რიტუალი გვაქვს: ერთი ბანს, მეორე ამშრალებს; ერთი აძინებს, მეორე სათამაშოებს ალაგებს და ამასობაში ხდება ღამის 12 საათი.
ახლა უნდა დავიძინო, რადგან ხვალ არჩევნებია და დილას 5 საათზე უნდა გავიღვიძო.
არჩევნების დღე, 28 ნოემბერი
დილას 5 საათზე მაღვიძარას დარეკვამდე გამეღვიძა. ჩუმად მოვემზადე და ფეხაკრეფით გამოვედი სახლიდან ისე, რომ არავინ გამიღვიძებია.
ოფისში სამუშაო დღე დილის 6:30 საათზე დაიწყო. დღეს ინციდენტების ცენტრში ვმუშაობ, სადაც 10 იურისტი უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს ვუწევთ კონსულტაციას. ორგანიზაციის 650 დამკვირვებელი და 73 მობილური ჯგუფი უშუალოდ აკვირდება კენჭისყრის პროცესს. თუ მათ რაიმე დარღვევა დააფიქსირეს ან გაუჩნდათ კითხვები პროცედურებთან დაკავშირებით, გვირეკავენ და შემდგომ იურისტების მითითებით წარადგენენ საჩივარს ან წერენ შენიშვნას ჩანაწერთა წიგნში.
ორგანიზაციის დამკვირვებლები არჩევნების დღემდე 2-დღიან საფუძვლიან ტრენინგებს გადიან, ხოლო ის დამკვირვებლები, რომლებსაც 2-ჯერ უკვე გავლილი აქვთ ტრენინგები, სპეციალურ ონლაინ ტესტირებას გადიან და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდებიან დამკვირვებლები.
დღეს ოფისში ბევრ სტუმარს ვმასპინძლობთ. პირველები ევროკავშირის ელჩი ბატონი კარლ ჰარცელი და ავსტრიის ელჩი არად ბენკო მობრძანდნენ, შემდეგ - ამერიკის, ნიდერლანდების სამეფოსა და ბრიტანეთის ელჩები. მე მათ ჩვენს ინციდენტების ბაზას ვაჩვენებ და დარღვევების შესახებ ვესაუბრები. დილის ათი საათისთვის სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა და მხოლოდ მცირედი პროცედურული დარღვევები გამოიკვეთა.
ამ დაძაბულ პერიოდში სიტუაციას ის ინციდენტები მუხტავს, რომლებიც თავისი არსით მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ სასაცილოდ ჟღერს. მაგალითად, ერთ-ერთი უბნის დამკვირვებელი დილის 8 საათზე გვამცნობს, რომ უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელი ოქმი უკვე შეავსეს, იმ მოტივით, რომ კომისიის წევრები საღამოს დასტრესილები იქნებიან და შეიძლება ხელი შეეშალოთ, ან ის, რომ დამკვირვებელს უბანზე ხმამაღლა ჩართული რადიო და მუსიკა უშლის ნერვებს.
დღის განმავლობაში დამკვირვებლები ახალ-ახალი დარღვევების შესახებ გვაწვდიდნენ ინფორმაციას. დარღვევების რაოდენობა დრამატულად არ გამოიყურება და ჩვენც მშვიდად ვართ, თუმცა დამკვირვებლები ლაპარაკობენ უბნების წინ ადამიანთა უპრეცედენტო მობილიზების შესახებ, რის გამოც ვღელავთ და ჩვენს დამკვირვებლებს ვეუბნებით, რომ იყვნენ ფრთხილად და უსაფრთხოდ.
ISFED-ში საარჩევნო დღე საათივით არის აწყობილი. ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს თავისი საქმე აქვს და ზუსტად იცის, ვინ ვის როდის რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იმისთვის, რომ პროცესის მაქსიმალურად ზუსტი და სრული სურათი აღიბეჭდოს, რასაც მიხეილ ბენიძე, აღმასრულებელი დირექტორი, დღის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს.
ხმების პარალელური დათვლისთვის სპეციალური PVT ცენტრი მუშაობს, სადაც დამკვირვებლები უბნებზე მიღებულ ინფორმაციას აგროვებენ. აქ ყველა მონაცემი ერთად გროვდება და მუშავდება. ამ ცენტრს დირექტორის მოადგილე თამარ ბართაია, ანუ, უბრალოდ, ბართო, ხელმძღვანელობს, რომელსაც წინა ღამე ოფისში გაუთენებია.
ელენე ინციდენტების ცენტრს ხელმძღვანელობს და ძალიან დატვირთულია. ის ცენტრში შემოსულ ყველა დარღვევას ერთად უყრის თავს, აანალიზებს და ამზადებს საჯარო განცხადებებისთვის, რაც მნიშვნელოვან მობილიზებას, სტრესთან გამკლავებასა და ოპერატიულობას მოითხოვს, თუმცა მას ეს ყველაფერი უპრობლემოდ გამოსდის.
მიშას, როგორც სუპერგმირს მოსასხამის გარეშე, დღის მანძილზე ყველაზე დაძაბული რეჟიმი აქვს. გამოსაქვეყნებელი განცხადებების ტექსტებს ყველაზე კრიტიკულად გადის, ყველა სიტყვას უკირკიტებს და საბოლოო სახეს აძლევს. შემდგომ მიდის არჩევნების მედიაცენტრში და მართავს პრესკონფერენციას. იქიდან მოსული მასპინძლობს ორგანიზაციაში მობრძანებულ სტუმრებს, რომლებსაც დაუზარლად უხსნის ჩვენი საქმიანობის ნიუანსებს. ამ ორომტრიალის მიუხედავად, ჩვენთან შემოსვლას და მოკითხვას ყოველთვის ახერხებს.
შოთა და ირაკლი არჩევნების პორტალზე საარჩევნო დარღვევების შესახებ ინციდენტებს აქვეყნებენ, მათ ნინიც ეხმარება ბერლინიდან. მათი საქმიანობის შედეგად www.electionsportal.ge -ზე დღის განმავლობაში დარღვევების რუკა იქმნება მთელი საქართველოს მასშტაბით.
რეზი და დიტო ყველა მონაცემის ვიზუალიზაციასა და მათ ციფრულ გავრცელებაზე ზრუნავენ.
რუსიკო დეიდა უწყვეტად გვამარაგებს ცხელი ყავით და ზრუნავს იმაზე, რომ ყველამ ვისადილოთ.
აქვე უნდა ითქვას რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ თითოეული საჯარო განცხადების უკან უამრავი ადამიანის მუხლჩაუხრელი შრომა, პასუხისმგებლობა და ზღვა ინფორმაციის ანალიზი დგას.
ყველაზე რთული ნაწილი ჩვენთვის საღამოს 8 საათისთვის უბნების დახურვასა და ხმის დათვლასთან ერთად იწყება. ინციდენტების ცენტრში ყველაზე მეტი ზარი ამ დროს შემოდის. დამკვირვებლები გვიყვებიან პროცედურული დარღვევების შესახებ და ასევე იღებენ კონსულტაციას, როგორ აწესრიგებს საარჩევნო კანონმდებლობა ამა თუ იმ საკითხს.
საღამოს მობილური ჯგუფის დამკვირვებლები მირეკავენ და გვამცნობენ, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ხალხისა და ტრანსპორტის უპრეცედენტო მობილიზებაა, რაც მათ აქამდე არ უნახავთ. რაშანი და დათა, ჩვენი მარნეულისა და ზუგდიდის გრძელვადიანი დამკვირვებლები რთულ მდგომარეობაში არიან. დათა იმ უბანზეა, სადაც კომისიის წევრმა ამომრჩეველთა სია დაკარგა, თუმცა კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს. რაშანი მარნეულის ერთი უბნიდან დღეს უკვე გამოაძევეს, რადგან ტელეფონით სცადა ვიდეოგადაღება, თუმცა კომისიის წევრებმა უთხრეს, რომ უბანზე ტელეფონის ჩართვა არ შეიძლება და უბანი უნდა დატოვოს. გვიან კი მარნეულის 59-ე უბანთან ინციდენტი მოხდა და რაშანიც იქ იმყოფება, მე ხშირად ვუკავშირდები და უსაფრთხოების ინსტრუქციას ვაძლევ.
შუაღამის პირველი საათისთვის ჩვენი დამკვირვებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უბნებიდან ინფორმაციის გამოგზავნა დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესი დასრულებულია და ძირითადი პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში ინაცვლებს.
შუაღამისას თინამ დამირეკა და მითხრა, რომ მომაკითხა და სახლში წამიყვანს. შევწუხდი, რადგან არ ვიცი, როდის დასრულდება ჩემი საქმე ოფისში და ასე უსასრულოდ როდემდე უნდა ვალოდინო?! როგორც ჩანს, თავისი კლუბური მოღვაწეობა დაასრულა და ამ გადარბენაში არც მე დავავიწყდი. თან, ალბათ, არჩევნების შედეგი აინტერესებს და ჩემგან უნდა გაიგოს. თინა თემოს დაა, რომლის თავზეც გადაიარა ბევრმა ქარტეხილმა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა. მამამისის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თემოს, თინასა და მათი დედის, ლეილას, ბრძოლადაც ქცეულიყო და ჯერ საბჭოთა კავშირის რეპრესიული მანქანების დევნისგან არ გათავისუფლებულიყვნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე მხედრიონის მხრიდან დევნისა და შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.
საბოლოოდ, სამუშაო დღე დილის 4 საათზე დასრულდა.
არჩევნების შემდეგი დღე, 29 ნოემბერი
დილას, გაღვიძებისას, შვება ვიგრძენი. ერთი თვეა, 29 ნოემბრის დადგომაზე ვოცნებობ. დღე, როდესაც, იმედია, საარჩევნო ორომტრიალი დასრულდება. ეს პირველად ხდება მას შემდეგ, რაც არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციაში ვმუშაობ. საარჩევნო პროცესი ყოველთვის საინტერესო და იმედისმომცემი იყო ჩემთვის. 2011 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, წლიდან წლამდე ჩემს თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა საარჩევნო კულტურა და საარჩევნო პროცესის მონაწილეები უფრო და უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებდნენ ერთმანეთს, თუმცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდმა სრულიად არ გაამართლა იმედი. მოულოდნელი იყო საზოგადოების სიძულვილით პოლარიზება, რადგან მეგონა, რომ ეს სახიფათო გამოცდილება შორეულ 90-იანი წლების დასაწყისს დავუტოვეთ. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამეფებული ანტაგონიზმი ნიაღვარივით მოედინებოდა ტელევიზიებიდან, კომპიუტერებსა და მობილურებში გახსნილი სოციალური ქსელებიდან, ქუჩებში მდგარი ბილბორდებიდან და ისიც კი, ვინც ტელევიზორს, სოციალურ ქსელებსა და ქუჩაში სიარულს აარიდებდა თავს, პოლიტიკური სიძულვილის შემცველ ესემესებს იღებდა პირად მობილურზე, ბოლოს კი, ორი კანდიდატიდან ერთი პირადად ურეკავდა და არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, ხოლო მეორის ნაცვლად ამასვე აკეთებდნენ მისი მთავარი მხარდამჭერის რობოტები.
ამ ყველაფერზე ის აზრი მაქვს, რომ ეს სიძულვილის კამპანია პოლიტიკური ჯგუფების მიერ დაქირავებული პიარჯგუფების დაგეგმილია. ისინი ხომ, ბოლო რამდენიმე წელია, სოციალური ქსელების გამოყენების გზით სიძულვილის კამპანიის გაჩაღებაში დახელოვნდნენ. როგორც სოციოლოგები და ანთროპოლოგები მიიჩნევენ, სიძულვილი და ნეგატიური კამპანია ეფექტურად აღიბეჭდება ადამიანის გონებაზე და უფრო ადვილად იქცევს ყურადღებას, ვიდრე პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული მესიჯები. როგორც ჩანს, პოპულარული პიარტექნოლოგები, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მორალური ნორმების სრული უგულებელყოფით გეგმავენ საარჩევნო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი არ ერიდებიან ადამიანის უფლებათა დამცველების, აქტიური საზოგადოების ნაწილის ღია დისკრედიტაციას მოგონილი ტყუილებით ან ხელოვნური სკანდალების შექმნის გზით.
ამის წყალობით ალბათ, დამქირავებელი და შემსრულებელიც კმაყოფილია. როგორც ჩანს, პოლიტიკოსებისთვის „მიზანი ამართლებს საშუალებას“, ხოლო პიარის ტექნოლოგები კიდევ ერთ „წარმატებულ“ კამპანიას მიიწერენ ბიოგრაფიაში, რის წყალობითაც უფრო ძვირად გაყიდიან თავის „მომსახურებას“ მორიგ ქვეყანაში, სადაც არჩევნები მოდის და რომლის მოქალაქეებს ვუთანაგრძნობ, ვინაიდან ისინი წინასწარ არიან განწირულნი სიძულვილის კამპანიის მსხვერპლობისთვის.
სამსახურში 11 საათზე მოვდივარ. ოფისში მიშა მხვდება, რომელმაც 1 საათის წინ საზოგადოებას არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარუდგინა ISFED-ის PVT-ის მიხედვით, ცდომილების ხარისხით 0.8 %. გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 40.9 % მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 59.1 %.
დღევანდელ დღეს ჩვენი ორგანიზაციის რაიონულ წარმომადგენლებს საოლქო კომისიაში წარსადგენი საჩივრების შესახებ ვუწევთ კონსულტაციას. ამაზე პასუხისმგებლობა მე, თათიას და ელენეს გვაკისრია, თუმცა ეს ნაწილი ყველაზე სუსტი წერტილია ჩემთვის და ვოცნებობ, ჩემთან არავინ დარეკოს. თათიას ვთხოვ და ისიც სიხარულით იბარებს ჩემს ოლქებს, მე კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს ვუსმენ და კანდიდატების პირველ განცხადებებს ვეცნობი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
პარასკევი, 30 ნოემბერი
დედა მეუბნება, რომ ის და მამა ჩამოვიდნენ. ძალიან მიხარია, რადგან, ორი თვეა, არც ერთი არ მინახავს. ისინი ასპინძაში ცხოვრობენ, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ და ხშირად ერთმანეთის ნახვას ვერ ვახერხებთ. მიხარია, რომ დღეს მათ ნახვას შევძლებ.
დღის განმავლობაში რამდენიმე კოორდინატორმა დამირეკა და საარჩევნო ოლქებში საჩივრების განხილვის ნეგატიურ პროცესზე მესაუბრებოდნენ. ელენე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანგარიშს ამზადებს, რომელიც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
დღის განმავლობაში ვმუშაობ სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშზე. სოციალური მედიის მონიტორინგს ISFED-ის მიერვე შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ვახორციელებთ. დღესდღეობით ვხედავთ, რომ სოციალური მედია ბუნებრივად, თითქმის ახლებურად განსაზღვრავს პოლიტიკური თამაშის წესებს, რომელიც არ ემორჩილება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს არჩევნებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ვთვლით დავაკვირდეთ სოციალურ მედიაში პოლიტიკურ აქტივობას წინასაარჩევნოდ, რათა, გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე, ხელისუფლებასა და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს - მათ შორის Facebook-ს - მოვუწოდოთ გადადგანეფექტური ნაბიჯები, აუცილებელი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების ჩასატარებლად.
დღეს გუგლისა და ფეისბუქის მიერ სოციალური სივრცის აბსოლუტური მონოპოლიზება ისე ხდება, რომ არ არსებობს ამის შემაკავებელი რაიმე მექანიზმი. სოციალური მედიის კომპანიების მთავარი მიზანი მეტი რეკლამის მოზიდვა, უფრო მეტი ადამიანის მონაცემების შეგროვება და შემდეგ გაყიდვაა. ამისთვის ისინი იყენებენ ალგორითმებს,რათა უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა რაც შეიძლება ხანგრძლივად მოიხმაროს მათი პლატფორმა. სოციალური სივრცის მონოპოლიზება და ალგორითმებით ადამიანის გონებაზე ზემოქმედება უზნეო საქციელია, რადგან ეს ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნქციონირებას და არჩევნების პროცესს, რასაც არადემოკრატიული რეჟიმები საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეფექტურად იყენებენ.
სწორედ ამიტომ, ჯორჯ სოროსი ამბობს, რომ ღია საზოგადოება კრიზისშია და არა მხოლოდ ღია საზოგადოების გადარჩენაა კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ მთლიანი ცივილიზაციაა დარტყმის ქვეშ.
შაბათი, 1 დეკემბერი
ზამთრის კვალობაზე შესანიშნავი ამინდია. ცივი ქარია და მსხვილი წვიმა მოდის. დღეს თინას დაბადების დღეა. სტუმრებს ველოდებით და სუფრას ვაწყობთ.
ეზოში უცნობი გოგონა შემოდის, სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებენ ტელევიზიის რეიტინგებთან დაკავშირებით. მე სიამოვნებით დავუთმე დრო ამ გამოკითხვას მას შემდეგ, რაც კვლევითი ორგანიზაცია დამისახელა და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტია მომცა.
დღეს პირველი დეკემბერია. ერთი წლის წინ ამ დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მოზარდების მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა, თუმცა ერთ წლის თავზეც კი ამ მკვლელობებთან დაკავშირებით უამრავი ბუნდოვანება და არაერთი ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია საქმე. სახალხო დამცველის მიერ ამ საქმის შესწავლამ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობამ ამ საქმის გამოძიებისას დაშვებული სერიოზული ხარვეზები გამოკვეთა, რის გამოც დარჩნენ, დიდი ალბათობით, დაუსჯელნი დამნაშავეები.
საღამოს ვიგებ, რომ დღისით ქუთაისის აეროპორტში ოპოზიციის აქტიურ მხარდამჭერ ერთ-ერთ ქალს და მის ოჯახს თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო. შემაშფოთებელი ამბავია და ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ გაღვივებულმა სიძულვილმა და აგრესიულმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. მიუღებელი და დაუშვებელია ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დავა კამათის გარდა რაიმე ფორმის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვფიქრობ, თუ გრძნობს რაიმე პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ოპონენტებისთვის „თავში ჩარტყმაზე“ საუბრობდა და თვე-ნახევრის წინ ISFED-ის დირექტორი ფაშისტად გამოაცხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ცალკე განცხადება არ დაუთმო ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს, რომელშიც გვარამიას დაუწერია, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები უნდა განვდევნოთო. ეს თავისი შინაარსით მიუღებელი ფეისბუქსტატუსი იქით იყოს და, ახლა პოლიტიკური სიძულვილით გაჯერებული რეალური ფაქტი არსებობს და საინტერესოა, საით გადაიხრება ამ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსების მორალური კომპასი.
Your browser doesn’t support HTML5