ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე, რომელსაც დიდი და წარმატებული მეურნეობა აქვს ჯავახეთში, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ფერმას, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა და აფართოებდა, ყიდის. მიზეზად კი სახელმწიფო ტენდერში უსამართლო დისკვალიფიკაციას ასახელებს.
“ 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო. მახსოვს, 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს, გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ ძროხები ბრუცელოზით დაავადდა. რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ. ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები დედის გარეშე ფაქტიურად, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ამას ყველაფერს, ანუ ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!”
ნინო ზამბახიძის ფერმა ამ დროისთვის მოიცავს კომბინირებული საკვების საწარმოს ძროხებისთვის, ვაშლის ბაღებს, ხელოვნურ ტბას თევზსარეწით, ძროხების ფერმას და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობას. არის ასევე “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე. ასოციაცია 2012 წელს დაარსდა და ათასზე მეტ ფერმერს აერთიანებს.
წაგებული ტენდერი
დაახლოებით 135 ათასი ლარის ღირებულების ყველის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერი შარშან დეკემბერში გამოცხადა. მასში მოაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო ნინო ზამბახიძის,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-მა და შპს “ალპურმა”. ტენდერი კომპანია შპს “ალპურმა” მოიგო. 2015 წელს ბორჯომში სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში დაარსებულმა კომპანია შპს “ალპურმა” მოიგო და სახელმწიფო მის მიერ მოწოდებულ ყველში 1 275 060 ლარს გადაიხდის. “ჯორჯიან ბიზნეს ზონ”-ა კი ამ ტენდერის შემდეგ დისკვალიფიცირდა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. გვაინტერესებდა, თვლიან, თუ არა რომ კონკრეტული ტენდერი ხარვეზებით წარიმართა და რამდენად გამართლებული იყო კომპანიის დისკვალიფიკაცია. სააგენტოში გვითხრეს, რომ დისკვალიფიკაციის მიზეზი ახსნილია სატენდერო დოკუმენტაციაში და უკვე ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ.
სატენდერო დოკუმენტაციაში დისკვალიფიკაციის მიზეზი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნილთან შეუსაბამობით არის ახსნილი.
“კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5კგ-მდე, ამასთან არ არის მინიშნებული რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისწინებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით.“
ნინო ზამბახიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ტენდერში მისი კომპანია ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობდა სახელმწიფოს და პირველი ცნობა, რომელიც მათ მიიღეს, ტენდერში გამარჯვებას ატყობინებდა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს მეორე ცნობა, რომლითაც კომპანიამ შეიტყო რომ დისკვალიფიცირებული იყო.
“დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება რომ ეს არის ბიუროკრატიული მიზეზი, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ეს ტენდერი წავაგეთ, რა ხდება მერე, თუკი საქართველოში არსებულმა ბიზნეს ოპერატორმა შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტოს.”
ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ კონსოლიდირებულ ტენდერზე, რომლითაც ყველაზე ხშირად სარგებლობენ სახელმწიფო უწყებები, არ არსებობს გასაჩივრების საშუალება, არ არსებობს დავების საბჭო, რომელიც საკითხს განიხილავს. შესაბამისად, მომჩივანი პირდაპირ სასამართლოში ხვდება. მოგების შემთხვევაში კი სააგენტო არა მომჩივანის ზარალს, არამედ ტენდერში მონაწილეობისთვის დახარჯულ თანხას ანაზღაურებს, რაც მაქსიმუმ 1000 ლარი შეიძლება იყოს.
“მიხვდით, რამდენად დაუცველები ვართ ის ხალხი, ვინც ვცდილობთ ქართული პროდუქცია ვაწარმოოთ?! ყველაზე დიდი მომხმარებელი ქართული წარმოების უნდა იყოს ის დიდი სახელმწიფო ობიექტები, რომლებიც ტენდერს აცხადებენ. აქ ვაწყდებით იმას, რომ არ გვაქვს ჩვენი უფლების დაცვის მექანიზმი, როცა არ ვეთანხმებით”, - ამბობს ნინო ზამბახიძე.
ნინო ზამბახიძის კომპანია და შპს "აპლური" კიდევ ერთ ტენდერში გადაიკვეთენ რამდენიმე თვის წინ, რომელიც ასევე შპს "ალპურმა" მოიგო. 2018 წლის ივნისში სახელმწიფომ ამ კომპანიისგან 989 000 ლარის ღირებულების ყველი, კარაქი, შესქელებული რძე და რძის ფხვნილი შეისყიდა. ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ მას არ აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შესაძლოა მისი პროგრამის ფარგლებში შექმნილ კომპანიას ტენდერებში ლობირებდეს და მისი აღშფოთება არა იმდენად წაგებულმა ტენდერმა, არამედ ამ ტენდერების ჩატარების ფორმამ და გასაჩივრების მექანიზმის არარსებობამ გამოიწვია.
“არ შეიძლება სახელმწიფო ერთი მხრივ მილიონებს დებდეს სოფლის მეურნეობაში და მეორე მხრივ ადამიანები დაუცველები იყვნენ თავის ბიზნეს გარემოში. ვფიქრობ, რომ პარლამენტში დავაყენებ ამ საკითხს“, - ამბობს ნინო ზამბახიძე, რომლის კომპანიასაც სახელმწიფო ტენდერი ბოლოს 2017 წელს აქვს მოგებული. მაშინ სახელმწიფომ მისგან 540 000 ლარის რძის პროდუქტები შეიძინა.