„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების ეთერში აანალიზებს COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოსთვის და ფიქრობს, რომ სიმძიმის მიუხედავად, ვითარება არ არის უიმედო:
„ნებისმიერი კრიზისი და გამოუვალი მდგომარეობა, არის ამავე დროს ახალი შესაძლებლობების და განვითარების მაპროვოცირებელი და ამიტომ რამენაირად ყველამ ერთად უნდა შევძლოთ.
შეიძლება ჩემი ოპტიმიზმი ცოტა გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ერთად თუ დავემორჩილებით წესებს და მოვახერხებთ ჩვენი ეროვნული ენერგიის გაერთიანებას, აუცილებლად გამოვალთ გამარჯვებულები და წინწასულები ამ კრიზისიდანაც კი. ყველამ შევინარჩუნოთ ეს განწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი, ვიყოთ სოლიდარულები, ვისაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს - ფულით, გულით თუ რამენაირად, რადგან ამ კრიზისთან გამკლავებაში ეს სოლიდარობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი. მე მჯერა ამის და მჯერა დემოკრატიის!“.
ნინო ევგენიძე ვარაუდობს, რომ ვითარების გაუმჯობესება ზაფხულიდან დაიწყება
„ფაქტობრივად, ეკონომიკა ამჟამად ჯანდაცვის მძევალია.
...ძალიან დიდი ზარალია მსოფლიო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან დიდი ზარალი იქნება, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და სერვისების სექტორში ჩართული ბიზნესებისთვის, რადგან სწორედ ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ დოვლათს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მათი მიზნობრივი დახმარება ქვეყნის და მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს“.
EPRC-ს აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ საქართველოს ზომის ქვეყნის მდგომარეობის შეფასება და ანტიკრიზისული ნაბიჯების განსაზღვრა სრულიად შესაძლებელია, თუკი მოხდება არსებული რესურსის კონსოლიდაცია:
„პატარა ქვეყანა ვართ და ამ ზარალის დათვლა-გაანგარიშება შესაძლებელია, თუ ამ მიმართულებით იქნება მთავრობის მონდომება და იმ ადამიანების შემოკრება გარშემო, ვისაც კრიზისების მართვის თუ რეფორმების განხორციელების მიმართულებით რამე გამოცდილება გააჩნია, რომ გადადგან მყისიერი ნაბიჯები კრიტიკული სიტუაციის გარდატეხისთვის.
...ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მცირე დანაკლისით გამოვა ამ კრიზისიდან, იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ, როგორც ქვეყანა: მთავრობა იქნება, ოპოზიცია თუ სხვა, ვისაც შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, გამოავლენს უმაღლეს პასუხისმგებლობას, მზადყოფნას თანამშრომლობისა და სირთულეებთან ერთად გამკლავებისთვის ამ რთულ პერიოდში“.
ნინო ევგენიძე თვლის, რომ გაურკვევლობა ყველაზე დამაზიანებელია და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ ახლო მომავალზე გათვლილი ანტიკრიზისული სტრატეგია დროულად უნდა წარმოადგინოს, რაც გარკვეულწილად შეასუსტებს ერთგვარ პანიკურ განწყობას ბაზარზე:
“აუცილებელია მოკლევადიანი ანტიკრიზისული სტრატეგიის შეთავაზება ბიზნესებისთვის და მოსახლეობისთვის, რომ ადამიანები იყვნენ ინფორმირებულები რა მოხდება უახლოესი თვეების განმავლობაში, რადგან ნებისმიერი გაურკვევლობა არის პირველი მტერი და კიდევ უფრო დააზიანებს ეკონომიკურ მდგომარეობას.
...მჯერა, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში გამოსწორდება, ყველანი დაუბრუნდებიან თავიანთა სამუშაო ადგილებს. მომავალში კი, იქნება ეს სხვადასხვა ფონდი თუ დახმარების ის წყაროები, რომლებსაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, უნდა იყოს მიზნობრივად, სწორად მიმართული იმ სექტორებისკენ და იმ ზარალის შემცირებისკენ, რომელიც ამ ბიზნესებს მისცემს თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას“.
„დილის საუბრების“ დასასრულს ნინო ევგენიძემ ილაპარაკა ერთ სიახლეზე, რომელიც EPRC-მ შესთავაზა საზოგადოებას და ეს არის ჟურნალ The American Interest-ის ქართულენოვანი ვერსია. ეს ჟურნალის პირველი უცხოენოვანი გამოცემაა.
EPRC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალის ქართული ვერსიის გამოცემა რთულ დროს დაემთხვა, თუმცა ამ ვითარებაშიც:
„მეტი ცოდნა მეტი გამოცდილება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი მომავალი სირთულეების გადალახვაში. ეს ჟურნალი სწორედ ამისთვის არის. უფასოდ გავრცელდება ქართულენოვანი მკითხველისთვის. როგორც მისი დამფუძნებელი და გამომცემელი ფრენსის ფუკუიამა იტყოდა, ეს ჟურნალი არის იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ამერიკა მსოფლიომ და ამერიკელებმა - დანარჩენი მსოფლიო“.
The American Interest-ისმთავარი რედაქტორი - ჯეფრი გედმინი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე - ფრენსის ფუკუიამა და გამომცემელი - ჩარლზ დევიდსონი ქართულენოვანი გამოცემის მკითხველისადმი მიმართვაში წერენ:
„ჩვენთვის დიდი პატივია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მეგობრებთან ერთად „ამერიკული ინტერესის“ ქართულენოვან გამოცემაზე მუშაობა! „ამერიკული ინტერესი“ მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ ეხება, ეს არის ჟურნალი ამერიკასა და მსოფლიოზე, თანამედროვე სახელმწიფოს მრავალფეროვან პრობლემებსა და გამოწვევებზე. თავად ამერიკული პოლიტიკის კუთხით ჩვენი პრიორიტეტი „პოლიტიკური ცენტრის აღდგენაა“. სახიფათო და არაჯანსაღი ექსტრემისტული ტენდენციების შესაკავებლად შეერთევულ შტატებში დინამიური და ინკლუზიური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გვჭირდება. ვფიქრობთ, ანალოგიური პრობლემა ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც დგას. „ამერიკულ ინტერესში“ ვმსჯელობთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე. გვჯერა, რომ ავტოკრატებსა და კლეპტოკრატებს სათანადო პასუხი უნდა გაეხეთ. ვაფასებთ მოკავშირეებს - გვჯერა, რომ ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, რომელთა მიღწევაში შეერთებულ შტატებს ალიანსები ეხმარება. თუმცა, ეს კავშირები ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, როცა ერთმანეთს ვუსმენთ, ვსწავლობთ, ჩვენ ინტერესებსა და ღირებულებებს პარტნიორებისა ინტერესებსა და ღირებულებებთან ვაჯერებთ. თანამოაზრე ქართველებთან მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა“, - ვკითხულობთ The American Interest-ის ქართულენოვან გამოცემაში.
ცალკე გავრცელდა ჩარლზ დევიდსონისა და ჯეფრი გედმინის ვიდეომიმართვა. ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა:
"აპირებდნენ ჩამოსულიყვნენ საქართველოში ამ გამოცემის აღსანიშნავად, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო გადაიდო მათი ვიზიტი. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან“.
The American Interest 2005 წლიდან გამოიცემა ორ თვეში ერთხელ. ასეთივე იქნება ქართულენოვანი გამოცემის პერიოდულობაც. საწყის ეტაპზე ჟურნალში ამერიკული გამოცემის მასალა დაიბეჭდება, თუმცა იგეგმება ქართული გამოცემისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნა და დამატება.
Your browser doesn’t support HTML5