"ნებისმიერი ამ ტიპის სარედაქციო ჩარევების მიმართ ჟურნალისტების მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი"

ნინო დანელია, მედიაექსპერტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან და „რუსთავი 2“-ის გადაფორმებიდან 4 დღეში კომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელეკომპანიის ჟურნალისტების მუშაობის გამო: უწუნებს მათ ინფორმაციას, სტანდარტების შესრულებას, განუმარტავს რა არის სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, ქიბარ ხალვაშის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში” და რომ ახალ მფლობელს დაწყებული აქვს „შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი“.

რა არის დღეს რეალური საფრთხე და რეალური გამოწვევა „რუსთავი 2“-ის გუნდისთვის?

მათი ჩამოთვლისას მედიაექსპერტი ნინო დანელია რადიო თავისუფლების ეთერში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ეყრდნობა:

„პირველი - ისინი ამბობენ, რომ ბატონმა ქიბარმა, ან პაატა სალიამ შეიძლება თქვას, რომ არ არის ფული კომპანიაში და შესაბამისად ეს კომპანია ვეღარ გაარგძელებს მუშაობას. ამ საფრთხეებზე იყო ლაპარაკი პირველი დღიდან, როცა ბატონი სალია მივიდა კომპანიაში და პირველი, რაც მან მოითხოვა, ეს იყო სწორედ წვდომა ფინანსურ დოკუმენტებთან.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ თუკი საუბარი იქნება ეკონომიკური პრობლემების გამო ან ჟურნალისტების შემცირებაზე, ან ტექნიკური პერსონალის შემცირებაზე, ან ხელფასის შემცირებაზე იმგვარად, რომ ჟურნალისტებმა თავად თქვან, რომ ამ პირობებით ვეღარ იმუშავებენ (მათაც ხომ აქვთ სხვადასხვა ფინანსური ვალდებულება) და წავიდნენ, ეს იქნება, რასაკვირველია, სიმპტომი, ნიშანი იმისა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევიან, ოღონდ, არა პირდაპირ და შინაარსობრივად, არამედ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ჩვენ გვახსოვს, 2001 წელს შევარდნაძის ხელისუფლებამ გამოიყენა საგადასახადო ინსპექცია იმიტომ, რომ არ მოსწონდა, რასაც მაშინ „რუსთავი 2“ აკეთებდა და მაშინაც „რუსთავი 2“ იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხი.

მეორე საფრთხე, როგორც თავად ჟურნალისტები ამბობენ, არის შინაარსობრივი და აქაც ისინი არ ელოდებოდნენ ასეთ სწრაფ და ხისტ განცხადებას. უფრო ელოდნენ, რომ იქნებოდა საუბარი ტონის შერბილებაზე, ან კრიტიკული ტერმინოლოგიის არგამოყენებაზე, ან ვინ და რა დროით მოეყვანათ ეთერში - წმინდა, სარედაქციო ჩარევები, ოღონდ ცოტა უფრო რბილი სახით, რაც შეიძლება ნებისმიერმა რედაქტორმა გააკეთოს, ნებისმიერ სამსახურში.

პრობლემა არის ის, რომ ნდობა ახალი მფლობელის და მისი წარმომადგენელი დირექტორის მიმართ არის ძალიან დაბალი. ამიტომ, ნებისმიერი ამ ტიპის სარედაქციო ჩარევების მიმართ ჟურნალისტების მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი.

რასაკვირველია, არსებობს მესამე ფორმა, როცა შეგიძლია ჟურნალისტს პირდაპირ შეუწყვიტო კონტრაქტი და გაუშვა სამსახურიდან, თუმცა, ამ ფორმას ჯერ თავად ჟურნალისტები არ ელიან. ფიქრობენ, რომ შეიქმნება ისეთი პირობები, რომ მათ თავად მოუწევთ არხის დატოვება. მზად არიან ბოლომდე დაიცვან ის შრომითი პირობები, რაც გაწერილია მათ კონტრაქტებში და ის შინაარსობრივი მხარე, როგორც აქამდე მუშაობდნენ“.

მათ პასუხად, ვინც თვლის, რომ „რუსთავი 2“ არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რადგან არის პარტიული ტელევიზია, „დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს:

„კიდევ ერთხელ ვთქვათ ძალიან მკაფიოდ - რატომ არის მნიშვნელოვანი „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება: თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მედიამრავალფეროვნება (სხვადასხვაგვარი შინაარსის მქონე მედიის არსებობა) არის მნიშვნელოვანი საქართველოში და ამასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა იმიტომ სწორედ, რომ შეასრულოს თავისი პირველადი ფუნქცია - აკონტროლოს ხელისუფლება, ანგარიშვალდებული გახადოს საზოგადოების წინაშე, უყუროს როგორ იხარჯება საზოგადო ფული, ხმარდება თუ არა საზოგადო სიკეთეს, ამისთვის გვჭირდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია.

როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელ ტელევიზიაზე, რომელიც მუშაობს მაღალი პროფესიული სტანდარტით, აქ შეიძლება მეტი ვისურვოთ „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, ვიდრე დღევანდელი სურათია. მაგრამ, დღევანდელი სურათი არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის და სამწუხაროდ სატელევიზიო სივრცეში (ამას ხაზი უნდა გავუსვათ იმიტომ, რომ რადიო და ონლაინ სივრცეებში ასე პრობლემა არ დგას და სატელევიზიოში ასე დგას იმიტომ, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტისთვის ინფორმაციის პირველადი წყარო არის ტელევიზია) ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს (წინა ხელისუფლებაც ასე აკეთებდა და ეს ხელისუფლებაც ასეა) მეტი გავლენა შეინარჩუნოს და თუკი ამ ველში ჩვენ მივიღეთ მხოლოდ სახელისუფლო მედია, ეს ძალიან დაარტყამს ჩვენი აუდიტორიის ინფორმირებულობის ხარისხს“.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო დანელია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებზე