რატომ დატოვა ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10-წლიანი უმაღლესი თანამდებობა 3 წელიწადში? - ეს შეკითხვა, ბევრის აზრით, ბოლომდე უპასუხოდ დარჩება, თუმცა ფაქტია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზისა თითქმის არავის სჯერა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გარდა. იყო თუ არა გვენეტაძის გადადგომა „სიურპრიზი“ ხელისუფლებისთვის და როგორი „სიურპრიზი“ იყო ეს? ლაპარაკია იმ ვერსიაზეც, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი გადადგომით არასასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ხელს სულაც არ აძლევს სასამართლო ხელისუფლების პირველი პირის გადადგომა წინასაარჩევნო პერიოდში. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას მიიპყრობს, ამით სამოქმედო ასპარეზი გაეხსნა მოქმედ პრეზიდენტს და თავსატეხი გაუჩინა მოქმედ პარლამენტს. რა შეიძლება იდგეს ნინო გვენეტაძის გადადგომის უკან?
სიურპრიზი კარგი თუ სიურპრიზი ცუდი?
2 აგვისტოს, როდესაც გავრცელდა ცნობა ნინო გვენეტაძის გადადგომის თაობაზე, „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ამ ამბავს „სიურპრიზი“ უწოდა. აქვე მან თქვა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ნინო გვენეტაძის წასვლის სხვა მიზეზს, საჯაროდ დასახელებული მიზეზის გარდა.
Your browser doesn’t support HTML5
ხელისუფლებას და, კერძოდ, თეა წულუკიანს არასამთავრობო სექტორი, გავლენიანი კლანის სასარგებლოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იგნორირებაში სდებს ბრალს და ლაპარაკია იმაზეც, რომ სწორედ ეს „კლანი“, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის თანამოაზრეების სახით, მართავდა სასამართლო სისტემას ნინო გვენეტაძის დროსაც, თუმცა გვენეტაძე ძირითადად დუმდა, პრობლემებს არ უქმნიდა ხელისუფლებას და, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა - ხელსაყრელია თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი დიდი მასშტაბის, რეზონანსული ცვლილება, მით უმეტეს არჩევნების წინ? ბევრი ფიქრობს, რომ - არა.
არის თუ არა ეს სამაგიეროს გადახდა?
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ნინო გვენეტაძე ბოლო ხანებში განწყობას არ უჩიოდა და სამომავლო გეგმებზეც აქტიურად ლაპარაკობდა. ამასთან, ჯანეზაშვილი პოსტიდან გადადგომის აუცილებლობას ვერც იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი ნინო გვენეტაძე მართლაც ავად იყო, რადგან სხვა პრობლემების არარსებობის პირობებში არც სამკურნალოდ წასვლა იქნებოდა დიდი პრობლემა.
შესაძლებელია თუ არა, რომ ნინო გვენეტაძემ, დიდი ხნის თმენის შემდეგ, არჩევნების წინ სამაგიერო გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ არასათანადოდ დაფასებული ლოიალურობის, იგნორირებისა და შესაძლო შანტაჟის გამო? - სხვათა შორის, ბოლო დღეებში ასეთი შეკითხვაც დაისვა, მაგრამ ზუსტი პასუხი, ცხადია, არავინ იცის, თავად გვენეტაძის გარდა. როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ზვიად აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა დიდი მასშტაბის მოვლენაა და ეს უყურადღებოდ არც საერთაშორისო თანამეგობრობას დარჩება.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტის აქტიურობა და პარლამენტის თავსატეხი
ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ილაპარაკა და საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ფართო კონსენსუსის შედეგად შერჩევა შესთავაზა. ისევე, როგორც 2015 წელს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა, კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებამდე, ჯერ ისევ პრეზიდენტის ხელშია ქვეყნის პირველი მოსამართლის შერჩევა, მაგრამ ამჯერად გიორგი მარგველაშვილს სურს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი „ქართული საზოგადოების, სპეციფიკურად ქართული იურიდიული საზოგადოების“ მიერ შერჩეულმა კანდიდატმა დაიკავოს.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტთან კონსულტაციები 6 აგვისტოდან დაიწყება და არასამთავრობო სექტორი მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში. როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეულ კანდიდატს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და თუკი მას მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და კიდევ უფრო გაამძაფრებს ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებულ ეჭვებს.
Your browser doesn’t support HTML5
ახალი კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს არა პრეზიდენტი, არამედ - იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. ახალი კონსტიტუცია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება და არასამთავრობო სექტორი შიშობს, რომ შესაძლოა პარლამენტმა პროცესი სწორედ ამ დრომდე გაწელოს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: საპარლამენტო უმრავლესობა უარყოფითად შეხვდა პრეზიდენტის ინიციატივას. ითქვა, რომ მარგველაშვილი, ჩვეულ სტილში, საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.