ნიკოს კაზანძაკისი, „უკანასკნელი ცდუნება“

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის ბერძნული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენლის, ნობელის პრემიაზე ცხრაგზის წარდგენილი მწერლის, ფილოსოფოსის, მთარგმნელის საკულტოდ ქცეულ რომანზე – „უკანასკნელი ცდუნება“. ნიკოს კაზანძაკისი უკვე აღიარებული ევროპელი მწერალი იყო, მას თავისი „ბერძენი ზორბა“ უკვე ჰქონდა დაწერილი, როდესაც 1955 წელს თავისი ყველაზე სკანდალური და, ამავე დროს, მისი შემოქმედების გვირგვინი, გენიალური „ცდუნება“ დაწერა. რომის იმჟამინდელი პაპის მეცადინეობით, წიგნმა მაშინვე დაიკავა „საპატიო ადგილი“ აკრძალულ წიგნთა ნუსხაში (Index librorum prohibitorum). რა იყო ავტორის დანაშაული, რის გამოც იგი სიკვდილის შემდეგ ჩვეულებრივ სასაფლაოზეც კი ვერ დაკრძალეს და ხანიას გზაზე, გალავანს მიღმა მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი? ავტორმა პასუხი გასცა ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას, დიოფიზიტობას, მაცხოვრის ორმაგ ბუნებას, განსაკუთრებით კი მის ადამიანურ ბუნებას. არასოდეს, არც ერთ, მათ შორის, აპოკრიფულ სახარებაშიც ქრისტე ისე ადამიანური არ ყოფილა, როგორც კაზანძაკისთან; მისი ადამიანურობა, მისი ცდუნება, მისი ფიქრები, მისი ოცნებები, – ესაა კაზანძაკისის „დანაშაული“. რითი ხიბლავდა სატანა მაცხოვარს, რა ცდუნება ეწვია ჯვარზე გაკრულ იესოს, რატომ აპატია საბერძნეთმა „ამბოხებულ“ ავტორს „დანაშაული“ და რატომ დაარქვა მისი მშობლიური ქალაქის, ირაკლიონის აეროპორტს მისი სახელი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.