ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები

გიორგი კვირიკაშვილი, ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 მაისს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, და სწორედ ამით ახსნა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის საქართველოს შერჩევა. ფაშინიანი მადლიერია იმ ინტერესისთვის, რომელიც საქართველოში გამოიწვია აპრილ-მაისში სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის - ხავერდოვანმა რევოლუციამ, რომლის კვალდაკვალაც მოვიდა ის სომხეთის მთავრობის სათავეში. საქართველოსა და სომხეთის სამომავლო ერთობლივი გეგმები უკავშირდება სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ თუ რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესებს. 30 მაისს არაფერი თქმულა სომხეთის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. რა სიახლეებია მოსალოდნელი ორი ქვეყნის ურთიერთობებში?

სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები - ეს ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებია და სწორედ ამ განწყობით ჩამოვიდა ის საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით. ოფიციალურ ვიზიტებს შორის, მართლაც, პირველია, მაგრამ სომხეთის ახლად არჩეული პრემიერი მანამდე უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, კერძოდ, 14 მაისს სოჭში,ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში. 30 მაისს თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში:

„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, ვცდილობდით სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას, იმის მიუხედავად, რა საქმიანობას ვეწეოდით. მე, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი და ახლა როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად. ახლა იმ კონკრეტულ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი მრავალი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს“.

30 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის დელეგაცია საქართველოში „კონკრეტული პერსპექტივების გასახსნელად“ ჩამოვიდა და ორმა სუვერენულმა ქვეყანამ სამომავლო გეგმების განხორციელებისას „საერთო ინტერესებიდან გამომდინარე“ უნდა იმოქმედოს.ითქვა, რომ ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს „ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე“. პრიორიტეტად დასახელდასავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონის მდგრადობა. ბატონ პრემიერთან გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონალური მდგრადობის, სიმშვიდის, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, ვინაიდან რეგიონის მშვიდობა და მდგრადობა ჩვენი მომავალი განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ელკის“, ყოფილმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 8 მაისს დაიკავა მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად პრემიერის თანამდებობიდან გადადგა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. ფაშინიანისთვის შთამბეჭდავია გამოძახილი, რომელიც აპრილ-მაისის მოვლენებს მოჰყვა საქართველოში და მადლიერია ქართული მედიის წარმომადგენლებისა, რომლებმაც არაერთი კვირა გაატარეს სომხეთში.

სომეხი ხალხის სურვილისა და მონდომების საფუძველზე მიღწეული გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ მიულოცა ქართველმა კოლეგამ. გიორგი კვირიკაშვილი მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს:

ნიკოლ ფაშინიანი, გიორგი კვირიკაშვილი

„სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს ძვირფას სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა და ვუსურვო მას წარმატებები და მიღწევები ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”.

არც 30 მაისს თქმულა ამის შესახებ და არც ანალიტიკოსები მოელიან მნიშვნელოვან ცვლილებებს სომხეთის საგარეო პოლიტიკურ სარბიელზე. ყველასათვის ნათელია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ინტერესების გამო სომხეთი ვერ დაეხსნება რუსეთის ზეგავლენას. შესაბამისად, გამორიცხულია წინსვლა ნატოსთან ურთიერთობებში და კვლავაც შეზღუდული იქნება ურთიერთობები ევროკავშირთან, რადგან სომხეთი რუსეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. თუმცა გარკვეულ ძვრებს მაინც მოელის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია:

„შეიძლება გამოიკვეთოს ცოტა უფრო მეტი დაახლოება ევროკავშირთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუკი სომხეთის ხელისუფლება დაიწყებს გარკვეული რეფორმების გატარებას, რომელთა კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა ევროკავშირთან. ბუნებრივია, თუკი ასეთი პოლიტიკა აწარმოვა სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ, ეს კიდევ უფრო დააახლოებს სომხეთს საქართველოსთან“.

ნიკოლ ფაშინიანი, გიორგი მარგველაშვილი

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, 30 მაისს, ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ასევე საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. 31 მაისს კი ფაშინიანი ეწვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოსახლეობას შეხვდება. ფაშინიანი საქართველოს იმავე დღეს დატოვებს.