ნიკო ლორთქიფანიძე - თავსაფრიანი დედაკაცი

„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ნიკო ლორთქიფანიძის თავზარდამცემ შედევრზე, „თავსაფრიან დედაკაცზე“. ეს ნოველა ქართული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოებია. ამ იმპრესიონისტული ხუთგვერდიანი მიკრორომანის ნამდვილი გმირია უსახელო ქვრივი ქალი, რომელმაც შვილების გარემოცვაში გაუცხოებულად და ზედმეტად იგრძნო თავი. თავსაფრიან დედაკაცს ამოქმედებს მთავარი ადამიანური ღირებულება – ღირსება. დედის ღირსება შეხვდა შვილების უმადურებას. დედა კი შვილებს შორიდან გზას უნათებს, რომ არ წაიქცნენ (ამ ფუნქციას ატარებს შვილებისთვის გამოგზავნილი ტელეგრამა-ალიბი). „თავსაფრიანი დედაკაცი“ არის უდახვეწილესი ტექსტი, დაწერილი ფლობერისეული „ზუსტი სიტყვებით“ (les mots justes), ლიტერატურული იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი დანახვით, აღქმითა და გადმოცემით და გადაწყვეტით…