ნიკა ჯეირანაშვილი ჰააგის ტრიბუნალის შესახებ: „ყველა ცდილობს, რომ გამოაფხიზლოს სასამართლო“

ნიკა ჯეირანაშვილი

„როცა ნიკასნაირი ხალხი ლაპარაკობს, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ“ უნდა მოუსმინოს“, - ასე გამოეხმაურა „ამნესტი ინტერნეიშენალი“ „საერთაშორისო სამართლიანობის“ (Justice International) აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა ჯეირანაშვილის სტატიას - „საქართველოს გამოცდილება: ამბავი იმისა, თუ როგორ მარცხდება ICC მსხვერპლებთან მიმართებით მის პირველ საქმეში აფრიკის მიღმა“. ის შეეხება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“ (ICC) მიერ აგვისტოს ომის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესის თანმხლებ ხარვეზებს. ნიკა ჯეირანაშვილი თავის სტატიაში წერს არაერთ გამოწვევაზე, მათ შორის: სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების 8 წლის დაგვიანებით მიღებაზე, საქართველოს შესახებ სასამართლოს გაუთვითცნობიერებლობაზე, მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შესახებ ინფორმაციის დეფიციტზე საქართველოში, საომარი მოქმედებების დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამო დაზარალებულთა მდგომარეობის მიმართ სასამართლოს შესაბამისი უწყების ინტერესის სიმცირეზე და ა.შ.. „ვითარება საქართველოში მოითხოვს ახლებურ, კომპლექსურ მიდგომას ICC-სგან, ყველა ასპექტის გათვალისწინებას იმისათვის, რომ პროცესი მნიშვნელოვანი გახდეს მსხვერპლებისთვის. სასამართლოს ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, ახალი პრეზიდენტისა და კანცლერის არჩევის ჩათვლით, შეიძლება იყოს ბოლო იმედი, რომ ICC დაადგეს სწორ გზას, ამხელა დაყოვნების შემდეგ“, - ასე ასრულებს ნიკა ჯეირანაშვილი თავის სტატიას.

რადიო თავისუფლება ჰააგაში „სკაიპით“ დაუკავშირდა ნიკა ჯეირანაშვილს. ის აღნიშნავს, რომ პროცესის კონფიდენციურობის მიუხედავად, გამოძიების პროცესის შესახებ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია:

„არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, არ შეიძლება ხალხი კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს, როცა ამდენი დროა გასული. ჩვენ თუ გადავხედავთ სხვა სიტუაციებს, სხვა ქვეყნებში როდესაც სასამართლო აწარმოებდა გამოძიებებს, ერთი და ორი წლის შემდეგ ფაქტობრივად ეჭვმიტანილებიც კი ჰყავდათ დაკავებული და პროცესები იყო დაწყებული. როცა, ჩვენს შემთხვევაში, ჯერ არანაირ დაკავებაზე საუბარი არ არის. ყოველ შემთხვევაში, არ ვიცით. გამოძიების ნაწილი კონფიდენციურია. მეორე მხრივ, სასამართლოს სხვადასხვა წევრები, კანცელარიის წარმომადგენლები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ჩამოვიდნენ და შეხვდნენ საზოგადოებას, ხალხს, დაზარალებულებს პირველ რიგში და აუხსნან რა ხდება“.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი გამოძიებას შეუდგა 2016 წლის დასაწყისში და ეს იყო ჰააგის ტრიბუნალის პირველი საქმე აფრიკის კონტინენტს მიღმა. თავად სასამართლოს წარმომადგენლებს არაერთხელ განუმარტავთ, რომ ეს გამოძიება სპეციფიკურია მრავალი თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია კონფიდენციურობის დაცვა. ამით ხსნიან ისინი თავიანთი თანამშრომლების „უჩინრობასაც“. სასამართლოს გამომძიებლები არ გადაადგილდებიან დემონსტრაციულად, ორგანიზაციის ლოგოიანი მანქანებით, თუმცა, როგორც სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი მიმდინარეობს და გამომძიებლებიც მუშაობენ ადგილებზე. ნიკა ჯეირანაშვილი განსაკუთრებით უსვამს ხაზს სასამართლოს თანამშრომელთა მოუმზადებლობას საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიების დაწყებისა და წარმართვისთვის:

„ეს ადამიანები, აბსოლუტურად ყველა მუშაობდა აქამდე აფრიკის ცხრა ქვეყანაზე და სპეციალიზებული იყვნენ მათზე. იცოდნენ ამ ქვეყნების ენები, ისტორია, გეოპოლიტიკური ვითარება და ა.შ.. ახლა, როცა მათ ახალ რეგიონში გადმოსვლა უწევთ, აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად, სასამართლოში ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევროპის რეგიონზე, კონკრეტულად აღმოსავლეთ ევროპაზე და საქართველოზე ექნებოდათ რაიმე ინფორმაცია. მახსოვს, თავიდან რომ ვხვდებოდი ამ ადამიანებს 2015-16 წლებში, ეგონათ, მაგალითად, რომ საქართველოში ფრანგულად ვლაპარაკობთ“.

დღეს შექმნილ ვითარებაში ნიკა ჯეირანაშვილი ერთ კონკრეტულ პერსპექტიულ საფრთხეზეც ლაპარაკობს:

„შეიძლება მოხდეს ის, რომ, მაგალითად, რუსეთი, რომელიც არ თანამშრომლობს ტრიბუნალთან, რა თქმა უნდა, არ გადასცემს სასამართლოს თავის მოქალაქეებს, რომლებზეც შეიძლება გაიცეს დაკავების ორდერი სასამართლოს მიერ. მეორე მხრივ, საქართველო არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, „რომის სტატუტის“ ხელმომწერი ქვეყანა. ჩვენ ვალდებული ვიქნებით, ქართველის წინააღმდეგ რომ გამოიცეს ანალოგიური დაკავების ორდერი, გადავცეთ შესაბამისი მოქალაქე სასამართლოს. სწორედ ამის გააზრებას ვთხოვთ ასევე სასამართლოს, რომ წინასწარ რეალისტურად გათვალოს რა შეიძლება მოხდეს და შემდეგ ამ ყველაფერმა რა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში. სასამართლომ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის დაკავშირებული საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებთან“.

ნიკა ჯეირანაშვილი (Justice International) არ არის ერთადერთი, ვინც ჰააგის პროცესს აკრიტიკებს. მის პოზიციებს იზიარებენ ის უფლებადამცველები, რომლებიც ასევე აგვისტოს ომის დასრულებისთანავე შეუდგნენ მსხვერპლებთან მუშაობას და ინფორმაციის მოგროვებას, აგრეთვე ადვოკატირებას ჰააგის სასამართლოსთან, რომ მას დაეწყო აგვისტოს ომის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დამდგარიყო სამართალი მსხვერპლებისთვის კონფლიქტის ორივე მხარეს. 25 მაისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ კიდევ ორი ორგანიზაციის - „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „საია“-ს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ჰააგის ტრიბუნალის მუშაობის ხარვეზებზე.14-18 მაისს ჰააგაში ICC-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ უფლებადამცველები საქართველოდანაც - იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჰააგის პროცესის ხელშესაწყობად აგვისტოს ომიდან მალევე კოალიციად გაერთიანდნენ. საქართველოში. გამოძიების პროცესის დასაწყისში უფლებადამცველები უპირობოდ უჭერდნენ მას მხარს. დღეს კი ნიკა ჯეირანაშვილი გვეუბნება:

„იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებიც იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ, იქნებ, არ იყო სწორი მთელი ამ წლების განმავლობაში უპირობო მხარდაჭერა რომ ჰქონდა სასამართლოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ანალოგიური სასამართლო არ გვაქვს და რაც არის, ეს არის. მიდგომა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო: რაც არის, ეს არის და მოდით, ვეცადოთ გავაუმჯობესოთ, გამოვასწოროთ და ა.შ.. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ რეალურად ვერ ვხედავთ დღეს, რომ სასამართლომ ისწავლა თავის შეცდომებზე, რაც დაუშვა 15, 10, 5 წლის წინ: კენიაში, კოტ დივუარში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ვთქვათ, საქართველოს სიტუაციაში ამ ნასწავლ გაკვეთილებს იყენებს, ან უკეთესად გეგმავს. ამას რომ ვერ ვხედავთ, ამიტომ ძალიან ძლიერდება კრიტიკა. წელს არის 20 წლის იუბილე „რომის სტატუტის“. 1998 წელს შეიქმნა „რომის სტატუტი“ და იმის მაგივრად, რომ აქ საზეიმო ვითარება იყოს და აღვნიშნავდეთ, რეალურად ყოველ შეხვედრაზე ძალიან ბევრი კრიტიკა მოდის, რადგან ყველა ცდილობს, რომ გამოაფხიზლოს სასამართლო და უთხრას, რომ აღარ ექნება ჩვენგან უპირობო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ კონკრეტულ აქტივობებში, დაზარალებულებთან ჩასვლაში, შეხვედრებში, ინფორმაციის გაცვლაში, მაგრამ თუ ვერ დავინახეთ, რომ მიდგომები შეცვალა და სასამართლო ხედავს რა პრობლემებია, გამოვალთ და ვიტყვით ამ ყველაფერზე“.