ჰააგაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-18 სესია. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. ასამბლეის მიღმა მან ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც გამართა. მთავარი თემა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობა იყო. თეა წულუკიანმა ჰააგაში ყოფნისას აგრეთვე განაცხადა, რომ საქართველო თავის კანდიდატს წარადგენს ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნებში და ეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის გამოყოფილი კვოტით მოხდება.
ასამბლეის მიმდინარეობის პარალალურად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაიმართა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ჰააგაში იმყოფება, რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს გამოძიების პროცესთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. ის აღნიშნავს, რომ პროცესის კონფიდენციურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზუსტი დროის განსაზღვრა - როდის დასრულდება გამოძიება და გასაჯაროვდება მისი შედეგები, თუმცა, გარკვეულ ვარაუდებს უზიარებს რადიო თავისუფლებას:
„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვისმინოთ პროკურორის მხრიდან ინფორმაცია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. ამას ვამბობთ უკვე თითქმის წელიწადზე მეტია, რომ გამოძიება გადასულია უკვე ფინალურ ფაზაში. სამწუხაროდ, დიდხანს გრძელდება ხოლმე, როგორც წესი, პროკურორის მიერ დაწყებული გამოძიება. საქართველოს შემთხვევაშიც ასე იყო. ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი საქმეა, რაზეც უწევს სასამართლოს მუშაობა. შემდეგ წელს, იანვარში გადის ოთხი წელი მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება. ომიდან თავისთავად 11 წელია გასული. შესაბამისად, საუბრები მუდმივად არის სასამართლოს პროკურორთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებთან, სასამართლოს სხვა ორგანოების წარმომადგენლებთან გამოძიების შესახებ. პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ წელს ახალი პროკურორი უნდა აირჩიოს სასამართლომ, შემდეგი წელი იქნება ბოლო წელი ამჟამინდელი პროკურორისთვის. ფატუ ბენსუდას ოფიციალურად მანდატის ვადა 2021 წლის მარტში ეწურება და ამ დროისთვის უკვე შერჩეული იქნება ახალი პროკურორი“.
ნიკა ჯეირანაშვილი განმარტავს რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შემთხვევა ტრიბუნალისთვისაც და პროკურორ ფატუ ბენსუდასთვისაც:
„საქართველოს შემთხვევაში გამოძიება სწორედ ფატუ ბენსუდამ გახსნა. ეს არის პირველი საქმე მისთვის, რომელიც აფრიკის გარეთ გაიხსნა. ამთავითვე პრეცედენტული საქმეა მისთვის, როგორც პროკურორისთვის. პროკურორი ქალისთვის, რომელიც აფრიკიდან არის წარმოშობით და როდესაც შეარჩიეს 2012 წელს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
როდესაც მიდის საუბარი, რომ ქალბატონ პროკურორს ეწურება ეს ვადა და, ვთქვათ, საქართველოს შემთხვევაში რა მოხდება და როგორ გაგრძელდება, ამაზე პასუხი აქვს პროკურორის ოფისს, რომ სანამ პროკურორს ამოეწურება ვადა, იგი იტყვის თავის სიტყვას. და უკვე მათი მხრიდან მოვისმინეთ, რომ ფინალურ ფაზაშია გადასული გამოძიება. ისინი სიტყვებს არჩევენ ძალიან დაბეჯითებით, როცა დროს შეეხება. შეიძლება, ეს ნიშნავდეს კიდევ რამდენიმე თვეს. რა თქმა უნდა, კონკრეტულ დღეებზე და თარიღებზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა, ვარაუდი არის, რომ შემდეგი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, სანამ სასამართლოს ეყოლება ახალი პროკურორი, ჩვენ ამჟამინდელი პროკურორისგან მოვისმენთ, თუ რა შედეგებით მთავრდება გამოძიება. ყოველ შემთხვევაში, წასვლამდე მაინც ფატუ ბენსუდა ქართველ ხალხს გააცნობს ინფორმაციას, როგორ მთავრდება ეს გამოძიება. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანებზე გაიცეს დაკავების ორდერები“.
რაც შეეხება მოსამართლის ვაკანსიებს ჰააგის ტრიბუნალში, ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატი შეარჩიოს, საჭიროა სათანადო პროცედურის უზრუნველყოფა და ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და სამართლიანად:
„ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი პოზიცია საქართველოსთვის. შემდეგ წელს ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს და მათ შორის ერთი ადგილი არის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან, რომელშიც შედის საქართველო. შესაბამისად, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი და შესაძლებლობა, რომ პირველად სასამართლოს არსებობის განმავლობაში, ქართველი მოსამართლის ნომინირება მოახდინოს და წევრმა ქვეყნებმა შემდეგ წელს, ასამბლეაზე აირჩიონ 9 წლის ვადით.
რომ არ გვყოლია მოსამართლე, არც პროცედურები არ გვაქვს ქვეყანაში, თუ როგორ ვარჩევთ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეს. პირველ რიგში, შესაქმნელია გარკვეული ტიპის წესები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც ავარჩევთ. რაც მთავარია, ამ წესებმა უნდა უზრუნველყოს კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი. ეს არის ის, რაზეც დღეს სასამართლოშიც აქტიურად საუბრობენ. ასამბლეის ფარგლებში ერთ-ერთი შეხვედრა დაეთმო სწორედ სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესებს.
ჩვენმა კოლეგებმა, პარტნიორებმა გააცნეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს - მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ - როგორია პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია საქართველოსთვის. პირდაპირ შეუძლია აიღოს სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებები, დანერგოს და შემდეგი წლიდან გვყავდეს ქვეყანას მართლა ისეთი პროფესიონალი მოსამართლე, რომელიც იმსახურებს, და შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთვება.
სულ ხუთი-ექვსი თვე გვაქვს. შემდეგი წლის ივნისი-ივლისის პერიოდში უკვე ნომინირება უნდა გააკეთოს საქართველომ. შესაბამისად, ამ ხუთ-ექვს თვეში ასარჩევია ძალიან სერიოზული პროფესიონალი ადამიანი. გამორიცხული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი შეიძლება რაიმე სახით მთავრობასთან იყოს დაკავშირებული. საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკით, ბოლო ხუთი წელი საერთოდ ნამუშევარი არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებებში. მათ შორის, არც დიპლომატად“.
Your browser doesn’t support HTML5