ნიკა გვარამია:  შემოდგომაზე ახალი ტელევიზია ეთერში იქნება

ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 25 ივლისს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განაცხადა, რომ რამდენიმე პარტნიორთან ერთად აპირებს ახალი, ქვეყნის მთავარი ტელევიზიის გახსნას, რომელიც ნებისმიერ არსებულ ტელევიზიაზე უკეთესი იქნება.

რადიო თავისუფლება ნიკა გვარამიას გეგმების დეტალების დაზუსტებას შეეცადა: „სხვა რამის თქმა რომ მომინდება, ახალ პოსტს დავდებ", - თქვა ნიკა გვარამიამ, თუმცა რამდენიმე კითხვაზე მოკლედ მაინც გვიპასუხა:

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ ვისთან გაქვთ მოლაპარაკებები, ვინ იქნებიან ტელევიზიის ინვესტორები და დამფუძნებლები?

ნიკა გვარამია: პოტენციური ინვესტორები მყავს ნამდვილად, მაგრამ არ დავასახელებ მათ ვინაობას. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მყავს ადამიანები,რომლებიც წილში იქნებიან.

რადიო თავისუფლება: რა თანხა სჭირდება ახალი ტელევიზიის შექმნას?

ნიკა გვარამია: არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით, ცოტა არა. კარგი ტელევიზიის შექმნას ცოტა არ სჭირდება, მაგრამ იმდენი არა, რაც ტრადიციულ ტელევიზიებს სჭირდებათ. მოქნილი და მობილური ტელევიზიის შექმნას ვაპირებთ.

რადიო თავისუფლება: მაინც რამდენია საწყისი თანხა?

ნიკა გვარამია: „დათარგეთებული“ თანხა ცოტა არა გვაქვს სხვათა შორის. მინიმუმ ნახევარ მილიონ დოლარზე ვგეგმავთ გასვლას „ქრაუდ ფანდინგით“.

რადიო თავისუფლება: ამაში შედის ინვესტორების წილებიც?

ნიკა გვარამია: არა, მხოლოდ „ქრაუდ ფანდინგს“, შემოწირულობებს ვგულისხმობ, რასაც სოციალური ქსელებით და სხვადასხვა საშუალებებით განვახორციელებთ. „რუსთავი 2“ რომ არ გაუშვებს ახლა ჩვენს რეკლამას, ალბათ ხვდებით. რამეს მოვახერხებთ მოკლედ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში შეძლებთ ტელევიზიის შექმნას?

ნიკა გვარამია: მალე, შემოდგომის პირველ ნახევარში აუცილებლად ვიქნებით ეთერში.

რადიო თავისუფლება: „რუსთავი 2“ -ის თანამშრომლებთან გქონდათ უკვე საუბარი? ვინ წამოგყვებათ გუნდიდან?

ნიკა გვარამია: მაგაზე ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგ თემაზე არ ვაპირებ ჯერჯერობით საუბარს. ცოტა გვიან.

რადიო თავისუფლება: ალბათ უკვე მოფიქრებული გაქვთ ტელევიზიის სახელწოდებაც. რას დაარქმევთ ახალ ტელევიზიას?

ნიკა გვარამია: კი, მოფიქრებული გვაქვს, მაგრამ მაგასაც ვერ დაგისახელებთ ჯერ.

ნიკა გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ბევრი ფიქრისა და პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტა შექმნას ახალი ტელევიზია, რომლის შემოსავლებსაც ოპტიმისტურად უყურებს.

მისი განმარტებით, საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია. ამიტომ ნიკა გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს და ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის დასახმარებლად საჯარო კამპანია მალე დაიწყება.