ნერვების ომი „რუსთავი 2“-ში: გუნდის გეგმები

ქიბარ ხალვაშის ურთიერთობა უკვე მის მფლობელობაში გადასული „რუსთავი 2“-ის გუნდთან ჯერჯერობით წერილობითი ფორმით გრძელდება.

საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარის შემოთვლის შემდეგ, 22 ივლისს, ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებული განცხადებიდან რუსთავი 2-ის გუნდმა შეიტყო, რომ მათი ახალი მფლობელი ეძებს მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელი მედია-მენეჯერს“, იმისთვის, რომ მან „მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნას“.

ასევე ნახეთ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ზე: „ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს“

ეს არის ჯერჯერობით პირველი სიახლე, რომელიც, როგორც ჩანს, რუსთავი 2-ს ელის და რაც საჯაროდ ცნობილი გახდა.

გავიგეთ ისიც, რომ ქიბარ ხალვაშს არ მოსწონს ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში ახლა ხდება.

ის წერს, „სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებასო“.

და შიშობს, რომ ასეთი ეთერი - „უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე“.

ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ რუსთავი 2-ზე ცვლილებები მალე იქნება? რამდენ ხანს მოითმენს ხალვაში თავისი ტელევიზიის ეთერიდან თავის (და ივანიშვილის) კრიტიკას?

რუსთავი 2-ის გუნდი უბრძოლველად დანებებს არ აპირებს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით გამოწვეული პირველი შოკი გადავლილია და ახლა ისინი დაკვირვების რეჟიმში მუშაობენ - „უწყვეტად და ისევე კრიტიკულად, როგორც მანამდე“, - გვითხრა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.

თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჟურნალისტები არ უარყოფენ, რომ ახლა „რუსთავი 2“-ში ნამდვილი ნერვების ომია.

ნოდარ მელაძე: „ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჟურნალისტებს წასვლა აიძულონ“

ამისთვის რუსთავი 2-ის გუნდი შინაგანად მზად არის.

მიუხედავად იმისა, რომ მათ პირველივე დღეს მიიღეს სიტყვიერი პირობა, რომ ახალი მფლობელი მხოლოდ მაშინ მოქმედი დირექტორის, ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვდა, დღეს არხის გუნდს არ გააჩნია მყარი გარანტიები, რა მოხდება არხზე, ვინ დარჩება და ვინ იქნება იძულებული წავიდეს და რაც მთავარია, როგორც შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა.

ნოდარ მელაძე არ გამორიცხავს, რომ თუ სხვადასხვა ბერკეტებით ხალხს წასვლა ვერ აიძულეს, გუნდს კი ნერვებმა არ უმტყუნა, მაშინ თავად დაიწყებენ „გაშვებების სერიას“.

ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი გუნდი ქიბარ ხალვაშის (და მის უკან მდგარი ბიძინა ივანიშვილის) დავალებებს არ შეასრულებს და მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებაში საინფორმაციოს გუნდი ერთიანია:

„ჩვენ გარეშე, სხვა, ინფორმაციას ეთერში ვერ განათავსებს. სანამ ჩვენ ვართ, ამ რეჟიმში ვეცდებით მაუწყებლობის შენარჩუნებას“.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსისთვის უცხოელი მედია-მენეჯერი, რომლის მიყვანასაც გეგმავს ქიბარ ხალვაში ტელევიზიაში, „სხვა არავინ იქნება თუ არა ცენზორი“:

„რუსთავი 2“-ში ცენზორად შემოიყვანენ ადამიანს, რომელსაც ექნება ქართული გვარი და სახელი, თუ შექმნიან რაღაც სქემას, რომელსაც ვიღაც უცხოელის ხელით შეასრულებენ, ეს ყველაფერი აუცილებლად დაეტყობა ეთერს. ამას ყველა მიხვდება. მაგრამ ვიდრე მე ვაკეთებ სცენარს, ასეთ საინფორმაციოს მე ეთერში არ გავუშვებ - შესაბამისად, მათ მოუწევთ ჩემი გაშვება სამსახურიდან. ჩემი ნებით მე არ წავალ. ნერვები არ მიმტყუნებს“, - უთხრა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას.

თუ ჟურნალისტებს ხელფასი არ გადაუხადეს (ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ სირთულეებზე უკვე ილაპარაკა მოქმედმა დირექტორმა პაატა სალიამ), რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიერ, ესეც აღიქმება მათზე ზეწოლად, რადგან როგორც ნოდარ მელაძე და მისი კოლეგები ამბობენ, ისინი ხელფასებს იღებდნენ ყადაღის პირობებშიც.

დღეს კი, როცა ყადაღა მოხსნილია, სარეკლამო ბადე სავსეა, გადაცემები კი ჩვეულ რეჟიმში მიდის და მელაძის თქმით, რეიტინგიც მაღალია, ეს პრობლემა მხოლოდ ხელოვნურად თუ შეიქმნება.

„აქ ჩანთით ფული არავის მოჰქონდა. ყადაღის და დიდი წნეხის პირობებშიც, წინა მენეჯმენტი ახერხებდა სარეკლამო შემოსავლებით ხელფასების გადახდას - გაჭირვებით, მაგრამ მაინც. და თუ დღეს ხელფასს არ დაარიგებენ, ცხადია, ეს იქნება ზეწოლა, რომ თანამშრომლები ტელევიზიიდან წავიდნენ. ყველას გვესმის, რომ ეს არის ნერვების ომი. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენს მაყურებელთან და სანამ საშუალება მოგვეცემა, ეთერში ბოლომდე ვიქნებით“, - უთხრა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას.

ეკა კვესიტაძე: ამ ბრძოლით ივანიშვილს მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით

გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ფინანსური ზეწოლის გზით გუნდის წასვლის იძულებას - გაშვების შედარებით რბილ გზას უწოდებს.

მისი სიტყვებით, ხელფასის გადაუხდელობა - სამსახურიდან გაგდების ტოლფასი იქნება, რადგან ისიც ფიქრობს, რომ ყადაღამოხსნილ ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა გადაიხადოს თანამშრომლების ხელფასი.

რაც დღეს რუსთავი 2-ში ხდება, მისი შეფასებით, ამ სიტუაციას პარადოქსულიც შეიძლება ეწოდოს, რადგან:

„ფორმალურად, ქიბარ ხალვაშის ხელში ვართ, თუმცა, არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილის ხელში, მაგრამ თან ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს - კრიტიკას. ჩვენ ველაპარაკებით პირდაპირ ივანიშვილს, რადგან გვჯერა, სწორედ ის დგას პაატა სალიას და ქიბარ ხალვაშის უკანაც. ყველაზე მეტად ახლა ის მაინტერესებს, სადამდე გაუძლებს ის ამ კრიტიკას, როდის აფეთქდება და როდის მიმართავს რადიკალურ ზომებს. თუმცა, „რუსთავი 2“-ს შეუძლია გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრება. ხოლო თუ ამ პერიოდში, არხზე მოხდა რადიაკალური ცვლილება, ეს, დიდი პალატისთვის იქნება პირდაპირი არგუმენტი, რომ ერთადერთი მიზანი იყო „რუსთავი 2“-ს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“, - უთხრა ეკა კვესიტაძემ რადიო თავისუფლებას.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ესეც არის არხის ახალი მფლობელის სიფრთხილის და დიდი ცვლილებების დროებით თავის არიდების მიზეზი. ან იქნებ, ამბობს ეკა კვესიტაძე, ელოდნენ, რომ „რუსთავი 2“-დან გუნდი დემარშით წავიდოდა?

მაგრამ გუნდის გადაწყვეტილება ასეთი არ არის. მათი გადაწყვეტილებაა, ყველაფერი, თქვან პირდაპირ ეთერში - სანამ შეეძლებათ.

ეკა კვესიტაძეს მომდევნო კვირაში ამ სეზონის ბოლო გადაცემა აქვს, შემდეგ შვებულებაში გადის, სექტემბერში კი ისევ აპირებს დაბრუნებას.

„მე არ მაქვს ილუზია, რომ საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით. ვეცდებით, რომ ბრძოლა გავწელოთ და ეს ბრძოლა დამაზიანებელი იყოს ამ ხელისუფლებისთვის და ივანიშვილისთვის. მე, პირადად, სექტემბერში დავბრუნდები და იქ ვაპირებ ყოფნას მანამ, სანამ ჩემი გაშვების განცხადებას არ დაწერენ“.

პაატა იაკობაშვილი: „არსად მივდივართ“

„თუ გუნდზე ზეწოლა იქნა, ამას „რუსთავი 2“-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში შეიტყობს“, - ამბობს პაატაც. თუმცა, ვერც ის და ვერც სხვები ვერ გამორიცხავენ, რომ თუ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელი იქნა, მაშინ მათ მაინც მოუწევთ არხის იძულებით დატოვება.

„თუმცა დღეს 99%-ი ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილებაში ერთიანი ვართ. ვეცდებით იმასაც, რომ ჩვენი ნებით წასვლის კომფორტი არ შევუქმნათ ივანიშვილს და ვაიძულებთ დაარღვიოს კონტაქტი. ამის შემდეგ კი, ცხადია, სხვანაირად ვიმოქმედებთ“.

„კურიერის“ წამყვანი ამბობს იმასაც, რომ ხელფასის გაუცემლობის შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის გუნდმა, შესაძლოა, მოითმინოს ერთი ან ორი თვე, მაგრამ ცხადია, არა უსასრულოდ. და თან, პაატა იაკობაშვილის შეფასებითაც, დღეს, ახსნილი ყადაღის პირობებში, „ფული არ არის“ - ახალი მფლობელისგან ძალიან სუსტი არგუმენტი იქნება.

ასეთია სხვების განწყობაც - „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტმა ნინო გაზდელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერ არ იცის, რა იქნება, თუმცა ჩვეულ, თუმცა მოლოდინის რეჟმში მუშაობს.

„ვღელავთ, რადგან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ვხედავთ“ - ეს სიტყვები კი ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან „კურიერელს“, თამარ ჭავჭავაძეს ეკუთვნის. არც მისთვის არის საკმარისი ზეპირი დაპირებები სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ და მიუღებელია ულტიმატუმი, რომელიც ქიბარ ხალვაშისგან 22 ივლისს მოისმინეს.

„არ შეიძლება და არასწორია, ჩვენი მოთხოვნა კაპრიზად შეაფასოს. არასწორია, როცა შენს თანამშრმლებს ამ ტონით ელაპარაკები. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, ვაგრძელებთ და ჩვენი მოთხოვნაც ეს არის - სარედაქციო დამოუკიდებლობა“.

ჩვეულ რეჟიმში, გადაღებაზე იყო „რუსთავი 2“-ის რეპორტიორი ნინო სამყურაშვილიც, როდესაც რადიო თავისუფლება მას დაუკავშირდა - მანაც გვითხრა, რომ მას „რუსთავი 2“-ს მაყურებელთან 13 წლიანი ურთიერთობა და ვალდებულებაც აკავშირებს, ამიტომ იმუშავებს ბოლომდე, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება:

კარი გაიხურო და წახვიდე გამოსავალი არ არის. როცა საქმე შენს პროფესიას, სიტყვის თავისუფლებას და სახლს ეხება, რომელსაც წლობით უანგაროდ და დიდი შრომით აშენებდი“, - უთხრა ნინო სამყურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

22 ივლისს, "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს წერილით იმის თაობაზე, თუ რა გარანტიები შეიძლება ჰქონდეს გუნდს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად ტელეეთერის და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს. მათი მხარდაჭერა "რუსთავი 2"-ის გუნდს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება.