ნახეთ, როგორ ემზადებიან მოლები ხვალინდელი გახსნისთვის

მაღაზიები კლიენტების ნაკადების მართვას შენობის შესასვლელიდან დაიწყებენ. 

Რიგებისთვის განკუთვნილი ბარიერები წინა დღით მოეწყო.​

 2-მეტრიანი დისტანციის დარღვევა კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს - მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 -ზე ერთი მომხმარებელზე მეტის ყოფნა დაუშვებელია. 

პირბადე სავალდებულოა. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ხელთათმანებს შემოგთავაზებენ, სადეზინფექციო სითხეს თუ ორივეს ერთად ამას თავად მაღაზიები აირჩევენ. 

კონსულტანტები დახლებზე ტანსაცმელს ზომების მიხედვით ალაგებენ. რეგულაციებით, ტანსაცმლის მაღაზიებში არ უნდა იმუშაოს გასახდელებმა, თუმცა ზოგან რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ზუსტი პასუხის გაცემა უჭირთ და საბოლოო მითითებებს ხვალ ელოდებიან.

პერსონალი მზადების პროცესში - ხვალ "გრძელი დღე" იქნება.   

"თუ აქამდე 27 დაცვა  ჰყავდა თბილისი ცენტრალს, ახლა იქნება 40 [დაცვის თანამშრომელი] "  - ამბობს მოლის მენეჯერი. 

პერსონალი ბოლო დეტალებს ამოწმებს.
 

დედაქალაქის სამი ყველაზე დიდი მოლი ხვალ პატარა ინტერვალების სხვაობით იწყებს მუშაობას: 

- "სითი მოლი" დილის 7-დან საღამოს 7-მდე იმუშავებს
- დილის 8 საათზე გაიხსნება "თბილისი ცენტრალი"
- 9-ის ნახევარზე - "გალერია თბილისი"

მომხმარებლები მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეძლებენ მოლებში სასურველი ნივთების ყიდვას. შემდეგ კი მაღაზიები 31 იანვრამდე კვლავ დაიხურება.
 
თუ ხვალ "შოპინგზე" თქვენც აპირებთ წასვლას, ტანსაცმლის ზომა თვალით (წესით, გასახდელები დახურული უნდა იყოს) კარგად შეარჩიეთ, რადგან თუ ნაყიდი ნივთი აღარ მოგეწონათ და მისი გადაცვლა ან დაბრუნება მოგინდათ, ამას 1 თებერვლის შემდეგ მოახერხებთ.