1905 წელს დავით სარაჯიშვილის მიერ აშენებული სახლი ახლა მწერალთა სახლის ფუნქციასთან ერთად მისივე მუზეუმის ფუნქციას ითავსებს. აშენებიდან 115 წლის თავზე მაჩაბლის 13-ში დავით სარაჯიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის, მემორიალური მუზეუმი გაიხსნება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო თქვენ ამ უნიკალური ექსპოზიციას გაზაფხულამდე ვერ ნახავთ, თუმცა რადიო თავისუფლება ეცდება გაჩვენოთ ის, რამაც მუზეუმში მოიყარა თავი.
“ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, გამოჩენილი მეცენატი” - ეს არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველის სტანდარტული დახასიათება.წლების მანძილზე შეგროვებული, გამოსყიდული, მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული ნივთები გაცილებით მეტს ჰყვება, ვიდრე სარაჯიშვილის საქმიანობის ეს მშრალი ჩამონათვალია.
“დავით სარაჯიშვილი არ უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ როგორც კონიაკის მწარმოებელი, ხშირ შემთხვევაში ასე აღიქვამენ, მაგრამ არ არის გასაკვირი, რადგან 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა მისი კვალის წაშლას.
ამ მუზეუმით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რა ეროვნული საქმეები აქვს მას გაკეთებული, რამაც ხელი შეუწყო ერის განვითარებას - მაგალითად, უნივერსიტეტის მშენებლობა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფინანსება, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციების დაფინანსება და უამრავი სხვა საქმე...” - ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური, რომელიც სარაჯიშვილის მუზეუმისთვის ახალ ექსპონატებს ბოლო ორი წელი აგროვებდა.
მართალია, ნივთების უმეტესობა, მათ შორის ხელნაწერები და ალბომები მას ადგილზე დახვდა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი უცნობი ექსპონატის დაბრუნებაც მოხერხდა.„როცა შეგროვება დავიწყეთ, თავად კერძო პირები გვიკავშირდებოდნენ და ყიდდნენ სარაჯიშვილის ნივთებს, ანტიკვარულ მაღაზიაში ვპოულობდით და ვყიდულობდით. სასიამოვნო პრეცედენტი შეიქმნა და იმედი გვაქვს, გაგრძელდება - უანგაროდ შემოგვწირეს სარაჯიშვილის პლატინის ჯიბის საათი და ზაქარია ფალიაშვილის სანათი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფალიაშვილი იყო სარაჯიშვილის სტიპენდიატი და ერთგვარი წრე იკვრება ამ ნივთით“.
ყველა ექსპონატი უნიკალურია. მათ შორისაა საფრანგეთში, ლიმოჟის ფაიფურის ფაბრიკაში, სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული სადილის სერვიზი 100 პერსონაზე. ამ დიდი სერვიზიდან მხოლოდ 30-მდე ნივთი შემორჩა, ყველა დავით სარაჯიშვილის ქართული მონოგრამით - “დ.ს.” “რუსეთის იმპერიის პერიოდში ძირითადად რუსულად კეთდებოდა წარწერები, ეს კი იშვიათობაა”, - ამბობს ნატა რადიო თავისუფლებასთან.
სარაჯიშვილისეული სახლის მეორე სართულის ფოიედან იწყება სარაჯიშვილის ცხოვრების ამბის თხრობა ფოტოების, აკა მორჩილაძის დაწერილი ტექსტებისა და ბილიარდის მაგიდაში ჩამონტაჟებული სენსორული ეკრანის მეშვეობით. თავად მაგიდაზე კი გაშლილა რუკა, რომელზეც დატანილია მთელი ევროპის მასშტაბით გახსნილი სარაჯიშვილის კონიაკის ქარხნები და სავაჭრო ობიექტები.
ეს კი აღმოსავლური ოთახია, სადაც დავით სარაჯიშვილის სტიპენდიატებისა და ოჯახური ხცოვრების ამბებს გაიგებთ.
1911 წელს დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე გახდა მეუღლის ქონებისა და საქველმოქმედო საქმიანობის წარმმართველი. მან სამი მილიონი უანდერძა ქართული კულტურის ინსტიტუტებს, მაგალითად:
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, გამოყო თანხა ქუთაისის თეატრის ასაშენებლად, თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად, დიდუბის ტაძრისთვის, ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად და ა.შ.
“გავლიან დღენი, თვენი, წელნი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ქართველთ განათლების ისტორიიდამ ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხეკავს, მას ყოველთვის საპატიო ადგილი ექნება დატოვებული და შთამომავლობას გადასცემს მის ხსოვნას, ვინაიდგან მისგან დაზრდილის და განათლებულის ქართველთ შვილებით და შვილიშვილებით იქნება მთელი საქართველო სავსე...ხალხს ეყოლება ყოველთვის თავის ცხოვრების აღმწერნი და გამომხატველნი. ესენი მოსძებნიან ყველაფერს... და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილისთანა კაცებსაც შესაფერის აღწერას მიუძღვნიან, კანონიერის ღვაწლდებით და ამაგით მოიხსენიებენ..." - წერდა ისტორიკოსი და დავით სარაჯიშვილის ბიოგრაფი ზაქარია ჭიჭინაძე.
ნატა ლომოური ამბობს, რომ მუზეუმის ექსპონატების შეგროვება დასრულებული არ არის. კიდევ არაერთი ნივთი დარჩა მისი მფლობელის სახლს მიღმა, მათ შორის აღმოსავლური ჭაღი, რომელიც ახლა პრეზიდენტის სასახლეში კიდია და ჯერჯერობით ადმინისტრაცია უარს აცხადებს ნივთის მუზეუმისთვის გადმოცემაზე.