„რინა მარგალურ ნინას“ - „ენმ“ ზუგდიდელებს ხვდება

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რადიო თავისუფლება ნახავს, მოისმენს და მოგიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.

„კარდაკარზე ვინც პირველად ხართ, ჯერ მიესალმეთ და საარჩევნო ბუკლეტი შემდეგ მიაწოდეთ“, - ასწავლის „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დეპუტატი ანა წითლიძე ახალგაზრდა აქტივისტებს და ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველზე გაჩერებულ ტაქსის მძღოლს საარჩევნო ფლაერს აწვდის.

ეს შეხვედრა დილით შტაბში დაიგეგმა. თათბირს „ზონის უფროსები“ და „უბნის ლიდერები“ ესწრებიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 70 საარჩევნო უბანი გაიხსნება. პარტიაში საარჩევნო უბნებს პასუხისმგებელ პირებს უჩენენ. ყველა მათგანი ადგილობრივია.

„ვეცდები ყველგან ვიარო ხოლმე, მაგრამ 70 უბანში, 33 სოფელში და ქალაქის 25 უბანში ერთდროულად ვერ ვიქნები. ჩვენი ზონის უფროსები და აქტივისტები ყოველდღიურად უნდა დადიოდნენ, დღეში ერთი საათი თავის ზონაში უნდა გაატარონ. ჩვენ ნანახი გვაქვს, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება", შეხვალთ [უბანში], ჩვენები არიან, ერთ საათში კი უკვე დაშინებულები გვხვდებიან“, - ეუბნება ანა წითლიძე შტაბში შეკრებილებს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ერთი კვირის განრიგს დაფაზე წერს

შტაბის შეხვედრა ყოველდღე იმართება, განხილვებს ესწრებიან პარტიის ახალგაzრდა წევრებიც. ერთ-ერთი მათგანი ბუკლეტებს ითხოვს, ქალაქში აქვს ამომრჩეველთან დაგეგმილი შეხვედრა.

„ბუკლეტები არ გვაქვს, ყველა დავარიგეთ უკვე? ერთი შეკვრა მაქვს გადანახული, იქიდან მოგცემთ, შეკვრაში 2000-ია და მანამდე კიდევ დაგვეწევა ახალი პარტია“, - ამბობს შტაბის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

დაფაზე, მიმდინარე კვირის გეგმა ერთ საათში დაწერეს. ერთი დღე - ერთი სოფელი. ორშაბათს ზუგდიდი გადაწყდა.

„გავიგეთ, რომ გუშინ საარჩევნო შეხვედრაზე [ხელისუფლების წარმომადგენლებმა] ელექტროენერგია გაგითიშეს“, - ეუბნება ქუჩაში კარდაკარზე გასულ აქტივისტებს გამვლელი.

„ენმ“ ზუგდიდში კარდაკარს ატარებს და საარჩევნო ფლაერებს არიგებს

ის გულისხმობს დიდ საარჩევნო ღონისძიებას, რომელიც წინა დღით, 22 სექტემბერს, ზუგდიდის ცენტრში, დადიანების სასახლესთან გაიმართა. კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სწორედ ამ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავედი ზუგდიდში წინა დღით.

წინასაარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია ახალი სახელით გაიარა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. ამ კოალიციაში შედიან პარტიები: სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული საქართველო, პოლიტიკოსები: თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გუბაზ სანიკიძე, ასევე გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ლელა ჯეჯელავა, ირაკლი ხვადაგიანი.

მოედანი დადიანების სასახლის წინ, დღის 2 საათია. საორგანიზაციო ჯგუფს შეკრების ადგილზე თეთრი სკამები მოაქვთ - მათი რაოდენობა ათასზე მეტია, ბათუმიდან ჩამოიტანეს - სატვირთო მანქანიდან ერთმანეთზე შეწყობილი ჩამოაქვთ და მოედანზე ჭადრაკულად დგამენ. მოტანილი მხვდება ტრიბუნა 5 ნომრით, სასცენო და საარჩევნო რეკვიზიტები. სცენის აწყობას 4 საათს ანდომებენ.

თეთრი სკამები სპეციალურად შეარჩიეს, მეუბნებიან, რომ წითელი და თეთრი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდული ფერებია.

ზუგდიდში კოალიციის მხარდამჭერები მთელი სამეგრელოდან მოდიან, მგზავრობის ხარჯებს კოალიცია იხდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა შეკრება საღამოს 7 საათიდან დაიწყეს. ერთ-ერთი პირველები თეთრ სკამებზე ადგილს წინა რიგში დები - ქეთევან ჯაფარიძე და ნინო გოჯიაშვილი იკავებენ. ნინო მასწავლებელია და ანაკლიაში ცხოვრობს, ქეთევანიც მასწავლებელია, იმერეთში გათხოვდა და დასთან სტუმრად ხშირად ჩადის.

„სტუმრად ვარ ანაკლიაში ჩემს დასთან, გავიგე შეხვედრის შესახებ და მოვედი, მინდა 5-მა ნომერმა გაიმარჯვოს. მათი წარსულიც მომწონს და დაპირებებიც“, - მეუბნება ქალბატონი ქეთევანი და ამატებს, რომ იმედგაცრუებულია, როცა წარმოიდგენს, როგორ „გააპარტახა“ ხელისუფლებამ ანაკლია. იმავეს ფიქრობს მისი და - ქალბატონი ნინო - ანაკლიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წამოწყებული პროექტები „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გააჩერა.

„ამ ხელისუფლებისგან ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ გამოვარჩევ ამათ სიძულვილის ენას, სხვას არაფერს ლაპარაკობენ, ცდილობენ, რომ პარტია და ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეს უნდა შეიცვალოს და კოალიციური მთავრობა მოვიდეს“, - ამბობს ნინო გოჯიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი დები ანაკლიიდან. მარცხნივ: ნინო გოჯიაშვილი, მარჯვნივ: ქეთევან ჯაფარიძე.

დაღამებამდე შეხვედრისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა, როგორც კი ბნელდება, როცა უკვე უნდა დაიწყოს ღონისძიება, იქ მყოფები ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ. ქუჩის ლამპიონები, რომლებიც დადიანების სასახლის წინ მოედანს ანათებს, ჩამქრალია, გამორთულია ლამპიონებიც, რომლებიც ბილიკს პარკისკენ მოუყვება.

„ყოველდღე ამ პარკში ვასეირნებ ჩემს შვილებს და ყოველთვის განათებულია ხოლმე“, - მეუნება დავით ყოლბაია და გზას ტელეფონის შუქით ინათებს.

ზუგდიდის მერიაში ვრეკავ, მაინტერესებს, რატომ არის ჩაბნელებული დღეს პარკი, რომელიც აქაურების თქმით, ყოველთვის კარგადაა განათებული - ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და ვმუშაობთო, ზოგადად მპასუხობენ. თუმცა საარჩევნო შეხვედრა ისე დაიწყება და ისე ჩაივლის, რომ ლამპიონები არ აინთება.

„ქართული ოცნება არ გვაძლევს შუქს, ყველგან არის და აქ გაგვითიშეს, შევარდნაძეს ვყავდით სიბნელეში და ქართულ ოცნებასაც უნდა, სიბნელეში ვყავდეთ, მაგრამ გავანათებთ საქართველოს“, - მეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და სანამ ვინაობას ვკითხავ, სიბნელეში იკარგება.

საბოლოოდ პარკს გენერატორის დახმარებით ანათებენ, ისიც შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ამუშავდა.

ზუგდიდში საარჩევნო კამპანიას ესწრება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია

ერთმანეთის უკან ჩამწკრივებული თეთრი სკამების პირველ რიგს კოალიციის ლიდერები იკავებენ, მათ გვერდით ზის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვარდების რევოლუციამდე ორი წლით ადრე შეიქმნა და ხელისუფლების შეცვლაში მთავარი როლი ითამაშა. 2004-დან 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის მეოთხე წელს ასრულებდა.

პარტიამ მმართველობა რეფორმებით დაიწყო. რამდენიმე წელიწადში ოპოზიციური პარტიების გარდა, ადამიანის უფლებების, მედიისა და ბიზნესის შევიწროების გამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკრიტიკებდნენ.

ზუსტად 21:30 წუთზე საარჩევნო შეხვედრა მეგრული სიმღერით იწყება. ეს 12 წლის წინანდელი ვიდეოა. მასზე პირველი ლედი სანდრა რულოვსი და მისი შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი ანაკლიაში ახალი ქალაქის „ლაზიკის“ მშენებლობას აანონსებენ.

ვიდეოკლიპის დასრულებისთანავე სცენაზე ანა წითლიძე ადის და ხალხს მეგრულად მიმართავს:

„გომორძგუა, ჩქიმი საოროფო ზუგდიდი დო ჩქიმი საოროფო სამარგალო. ოჩიდოამშვი გიმეთუთას, საქორთუოში ქვესემი გომორძგუა ქიმემხვამაფუდას! რინა მარგალური ნინას!“.

მისი და სხვა პოლიტიკოსების გამოსვლები და, შეიძლება ითქვას, მთლიანად ეს შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ტრიალებს. მას აქ ისევ ისე მიმართავენ, როგორც პრეზიდენტს. წითლიძე სცენიდან ესალმება მიხეილ სააკაშვილს და ამბობს საარჩევნო დაპირებას, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ისტორიაში იქნება პირველი პარტია, რომელიც მეგრულ, ლაზურ და წოვა-თუშურ ენებს გადაარჩენს და განავითარებს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ პარტიის ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოში საქმეებია აღძრული, მიხეილ სააკაშვილი კი დაპატიმრებულია და სასჯელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, „ვივამედის“ პალატაში იხდის. პარტიის მხარდამჭერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილისთვის, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში და ძალიან კარგად მახსოვს, როგორი იყო ზუგდიდი 90-იან წლებში, მახსოვს ჩემი თაობის ზუგდიდელები, რომლებიც გაექცნენ უშუქობას, სიღარიბეს, უიმედობას, მახსოვს ათიათასობით აფხაზეთიდან დევნილი, რომლებიც ამ დრომდე ცხოვრობენ ზუგდიდში, საქართველომ და განსაკუთრებით სამეგრელომ იცის 90-იანი წლები, ზუგდიდი და სამეგრელო მტერს და ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის, ზუგდიდი და სამეგრელო არჩევს, ვინ არის ოკუპანტი, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, - მიმართა წითლიძემ შეკრებილებს და მიკროფონი პარტიის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას გადააწოდა.

„ჯგირო ბუა სამარგალო“, - თინა ბოკუჩავამაც თავისი გამოსვლა მეგრული მისალმებით დაიწყო და ორი დღით ადრე ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში მომხდარ დაპირისპირებაზე გადავიდა.

ასევე ნახეთ ჯერ თვითონ დაგვარტყეს - ენმ და "ქართული ოცნება" ძალადობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

19 სექტემბერს ცემა-ტყეპა დევნილთა დასახლებაში მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტარი ანა წითლიძე აქტივისტებთან ერთად დევნილებს ხვდებოდა. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას მიზანმიმართული პროვოკაცია მოუწყო და თავდამსხმელები წაახალისა. „ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ დასახლებიდან თავად დევნილებმა გაყარეს.

„ადგილობრივი რატომ იქნებოდა უკმაყოფილო?, - მეუბნება ბარამიას ქუჩაზე მცხოვრები ვალენტინა აბაკელია, რომელიც მომხდარს შეესწრო, - პირიქით, ადგილობრივები გაღიზიანდნენ იმის გამო, რომ 5 ნომერი არ შემოუშვეს. ჩვენთვის სულერთია, მოვიდეს ხუთიც, მოვიდეს 41-იც, ყველას მოვუსმენთ და ვისაც ავირჩევთ, ის იქნება, ვინც მოგვეწონება, ეს ხომ ჩვენი უფლებაა?!“

- ქალბატონო ვალენტინა, რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, - ვეკითხები დევნილს - გვერდს ვერ ვუვლი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე.

„ასეთი უვიცობა, 70 წლის ქალი ვარ, და ჯერ არავის უთქვამს. როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა?“ ბოდიში რატომ უნდა მოვუხადოთ?! ისტორია რომ არ უსწავლია და წიგნი არ წაუკითხია… მაგან არც იცის ალბათ და აქ რატომღაც ისიც არ იცის ზოგიერთმა, რუსი რას აკეთებდა ყოველთვის...ისიც არ იციან, ჩვენ რატომ ვართ აქ…“, - მპასუხობს სახლის კიბესთან ჩამომჯდარი ქალი და თან ქვაფენილზე გოგრის ჩეხვას განაგრძობს.

ბარამიას ქუჩა, დევნილთა დასახლება ზუგდიდში.

„ყველაფერი გააკეთა [ამ] მთავრობამ მათთვის [დევნილებისთვის - რ.თ.], მაგრამ არ აფასებენ, მე რაც მესმის ხმები, მაგათი ნათქვამები… არ უჭერენ მხარს "ქართულ ოცნებას". უსამართლობაა, მაგათ სამ-სამი ბინა აქვთ, ზოგს ორი, მშვენივრად ცხოვრობენ, დადიან გალში, უმადურები არიან, ჩემი აზრით“, - მეუბნება თამილა ნასარიძე, რომელიც დევნილთა დასახლებაში შვილთან დროებით ცხოვრობს, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დასაქმებული.

ისევ დადიანების სასახლის პარკში პოლიტიკოსებისთვის გაშლილ სცენას რომ დავუბრუნდეთ - „ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის შიშის გამოვლინება იყო ეს თავდასხმა“, - ამბობს თინა ბოკუჩავა 19 სექტებრის ამბავზე და სცენიდან ამომრჩეველს ჰპირდება, რომ „26 ოქტომბერს გაათავისუფლებენ პრეზიდენტ სააკაშვილს და დაიბრუნებენ ევროპულ პერსპექტივას“.

კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა ფორმითა და ფერით პასპორტის მსგავს ქაღალდზეა დაბეჭდილი. ენმ მას სიმბოლურად ევროკავშირის პასპორტს უწოდებს, რომელშიც თავმოყრილია კოალიციის 5 პრიორიტეტი: ევროკავშირში გაწევრიანება, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერი ოჯახი, ფასების „მაფიის“ დასრულება.

ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაუშვეს მიხეილ სააკაშვილის 16-წუთიანი ჩანაწერი სასამართლო პროცესიდან.

ამის შემდეგ სცენაზე მეგრელებისთვის განსაკუთრებით საყვარელი მომღერალი ნანა ბელქანია ავიდა. „მისი სიმღერების გარეშე ზუგდიდში არცერთი შეკრება არ არსებობსო“, - თქვა კობა ნაყოფიამ.

ნანა ბელქანია აუდიტორიამ სიმღერით „დიდოუ ნანა“ გაიცნო. მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა: „თოლიგე“, „სამარგალო გვალო შხვა რე“, „ჩქიმ სოფელი“. მის საავტორო მელოდიებს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ასრულებენ, მაგალითად, თურქეთში.

ბელქანიას სიმღერამ ცოტა დაღლილი აუდიტორია გამოაფხიზლა - მაყურებლებმა ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყეს, უფრო თამამებმა წაიცეკვეს კიდეც. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ხალხი პოლიტიკოსებთან მივიდა - ზოგმა ფოტო გადაიღო, ზოგმაც კი ხელი ჩამოართვა.

დადიანების სასახლის პარკი ნახევარ საათში დაიცალა და ორგანიზატორებმა სკამებისა და სცენის აშლა დაიწყეს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ქალაქ ზუგდიდიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ფოტოს ამობეჭდილს ინახავს

კოალიციის ლიდერების ნაწილი ზუგდიდში დარჩა, ნაწილი უკან თბილისში დაბრუნდა. მითხრეს, რომ ასეთ შეხვედრას კიდევ ერთხელ გამართავენ ზუგდიდში - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. მანამდე ანა წითლიძის ამოცანაა, თავის გუნდთან ერთად ზუგდიდის ისეთ იუბნები მოიაროს, სადაც იციან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერენ ან „ქართული ოცნება“ ცდილობს პოზიციების გამყარებას, ისე როგორც ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში.

შემდეგი რეპორტაჟი „ქართულ ოცნებაზე“ იქნება, რომელიც 28 სექტემბერს თელავში ჩადის.

ასევე ნახეთ „სახლში ხომ ხართ კარგად?” - ნათელაშვილი გლდანის ბაზარში