„ყველა ის გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის“, - ეს სიტყვები ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანს ეკუთვნის. მისი წყრომა, ღია და პირდაპირი კრიტიკა 19 მაისის ღამეს, სანდრა რულოვსმა, ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, უფრო ზუსტად კი მისმა განცხადებამ დაიმსახურა - განცხადებამ, რომ ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მზად არის ბრძოლა ხმლით გააგრძელოს:
„ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი, სოფელ-სოფელში, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ არ იცით რა გელოდებათ, მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ, რადგან მე მზად ვარ, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე მზად ვარ, მე არ ვხუმრობ“...
როგორც ჩანს, სანდრა რულოვსის ეს განცხადება, მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მდივნისთვის, ისე გაერთიანებული ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებისთვისაც, მათ შორის, მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვისაც:
„მე არ ვიყავი მზად ამ განცხადებისთვის. ეს ახალი პოლიტიკური რეალობაა“, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია სანდრა რულოვსის განცხადებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანის ამპლუაში.
ნიკა მელიას რეაქცია სანდრა რულოვსის საბრძოლო განწყობაზე ხისტი აღმოჩნდა. ის, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული თანაგუნდელებთან, შეიძლება ითქვას, რომ ნიკა მელიას მწვავე და ხმამაღალმა კრიტიკამ დაადასტურა. მან „წინდაუხედავი განცხადება“ უწოდა სანდრა რულოვსის გამოსვლას:
„ისე არაფერი იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება. სულ თავისუფლად შეგვეძლო რომ ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა, არ ვიცოდით რომ შუალედური არჩევნები იყო? ზესტაფონში ან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ გვეტყოდა რატომ არ მიიღეთო. ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. მტკიცებულებები უნდა დავდოთ. 5 ათასი დამკვირვებელი ვართ და ხმებს ზუგდიდში ვერავინ გაგვიყალბებსო, ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია“.
იქცა თუ არა შუალედური არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების ვაშლად? იყო თუ არა პარტიაში ბზარი აქამდე და სანდრა რულოვსმა ის კიდევ უფრო ხილული გახადა? თუ 19 მაისს გაჩნდა ბზარი? - შუალედური არჩევნების მეორე დღეს, ანალიტიკოსებისათვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ აღმოჩნდა რთული. ვარაუდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა კრიზისის წინაშე იდგეს, მათი თქმით, რეალურია. ექსპერტთა აზრით, სანდრა რულოვსი და მის უკან მდგომი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქილევსის ქუსლად ექცა.
მიხეილ სააკაშვილის ნეგატიურ ფაქტორსა და პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მიუთითებდნენ ანალიტიკოსები. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა, ანალიტიკოსების აზრით, ეს იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მისი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებების გამო, რაც მათი თქმით, საზოგადოებაში აჩენდა არეულობის განცდას და შიშს.
2018 წლის შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ, გაერთიანებული ოპოზიცია და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ დაემორჩილა. სწორედ მაშინ გაჩნდა კითხვები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული რეალური ბზარის შესახებ.
ასევე ნახეთ რამდენიმე მოსაზრება იმაზე, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა არჩევნების შედეგიის, რომ სანდრა რულოვსმა 19 მაისის ღამეს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები, ამ ვარაუდს უმყარებს ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს სანდრა რულოვსის ის გარემოცვა, რომელიც მერობის კანდიდატს განცხადების გაკეთებისას ახლდა თან:
„როდესაც სანდრა რულოვსი ამ ეპატაჟურ განცხადებას აკეთებდა, მის უკან და მის გვერდით არ იდგა გაერთიანებული ოპოზიციის არცერთი ლიდერი. მხოლოდ ერთხელ და ისიც ეპიზოდურად გამოჩნდა გიორგი ბარამიძე. ეს იყო გარკვეული ნიშანი იმისა, რომ სანდრა რულოვსი ამ განცხადებებს აკეთებდა საკუთარი ინიციატივით და ის არ იყო შეთანხმებული არც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებთან და არც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან. როგორც ჩანს, პარტიაში მოიძებნენ შედარებით ზომიერი და გონიერი ადამიანები, რომლებმაც გააანალიზეს პროცესები და მიხვდნენ, რომ ასეთი მოწოდებებით პირიქით, საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უქმნის პარტიის მიმართ“.
ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ თუკი დღეს, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს დარჩეს პოლიტიკურ ველზე და არ განიცადოს სრული კრახი, მან უნდა დააღწიოს თავი მიხეილ სააკაშვილის კონტროლს:
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ოფიციალურად გრიგოლ ვაშაძეა, სიტუაციას კვლავ მიხეილ სააკაშვილი მართავს. სანდრა რულოვსის გუშინდელი განცხადებაც, დიდი ალბათობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო ნაკარნახევი. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ახლა ელოდება გადაწყვეტილებას. მათ უნდა აცნობონ ამომრჩეველს რა იქნება, დაიწყება ახალი საპროტესტო ტალღა, თუ პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ აზრი ორად გაიყოფა, რადგან დღეს პარტიას არ აქვს რესურსი, რომ ხალხის კრიტიკული მასა გამოიყვანოს ქუჩაში, მიუხედავად იმ არსებული პრობლემებისა, რაც გვაქვს ქვეყანაში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუჩაში ხალხის გამოყვანის უნარის პერსპექტივას ვერ ხედავს კიდევ ერთი ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს აღარ არის ის ლიდერი, რომლის მოწოდებებსაც ხალხი ქუჩაში გაჰყვება:
„ისინი თავად აღმოჩნდნენ მათ მიერვე შექმნილი საინფორმაციო რეალობის მძევალნი. მათ შექმნეს საინფორმაციო რეალობა, სადაც გამარჯვება იყო მათ მხარეს, სადაც საპროტესტო ელექტორატი მზად იყო „ოცნებისთვის“ ეთქვა უარი. ამავე საინფორმაციო რეალობის მძევლებად აცხოვრებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს. საუბარი იმაზე, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა „ოცნებამ“, მოისყიდა ხალხი და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ყველა არჩევნების თანმდევია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წელს, მიუხედავად უპრეცედენტოდ მძიმე ზეწოლისა და გაყალბების ფონზე, ამომრჩეველმა შეძლო მაშინდელი ხელისუფლების დამარცხება. ასე რომ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იმართლებს თავს იმით, რომ არჩევნებს აყალბებენ. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამ მარცხის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივირება და ამ ფორმატით მისვლა 2020 წლამდე. როდესაც შვიდი წლის განმავლობაში პარტია ვერ ახერხებს ვერცერთი არჩევნების მოგებას, ძნელია იქ ერთიანობის შენარჩუნება“.
არც პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პერსპექტივას. მეტიც, მისი თქმით, სიურპრიზი ის იქნება, თუკი პარტია ერთობის შენარჩუნებას მოახერხებს. ზვიად აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ვერ ხედავს ახალი ძალებისა და იდეების გენერირების შესაძლებლობას:
„ზოგადად, საქართველოში პარტიული სისტემა არასტაბილურია. პარტიების ჩამოყალიბებისა და გაქრობის პროცესი საკმაოდ ხშირია. არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს და მის ბაზაზე სხვა პარტია წარმოიქმნას. მე ვერ ვხედავ მათში ძალას, რომ 2020-ში მოიპოვონ ამომრჩევლის ისეთი მხარდაჭერა, რაც მათ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოიყვანს“.
20 მაისს სანდრა რულოვსმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღის დაწყება ზუგდიდიდან გადაწყდა. კითხვაზე, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის საერთო შეთანხმების შედეგი, სანდრა რულოვსმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. მე ამ ბრძოლაში არა ვარ მარტო. აქ ძალიან ბევრი პარტიაა, ორგანიზაციაა, მეგობრები და ამ ბრძოლაში ვისაც უნდა შემოგვიერთდება. ჩვენ გვყავს ერთი საქართველოს მტერი, ეს არის ივანიშვილი“.
ნიკა მელიამ სანდრა რულოვსის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საფუძველი 20 მაისს კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აქციები არ უნდა დაიწყოს და ძალადობა არ უნდა დაიგმოს, თუმცა, მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ გუნდის შიგნით უნდა განიხილებოდეს და შემდეგ იდგმებოდეს კონკრეტული ნაბიჯები.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნებში სანდრა რულოვსი პირველივე ტურში დაამარცხა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.