ნატოში დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია რასმუსენის იდეას საქართველოს შესახებ

ასეთი წინადადებები დროდადრო თავს იჩენს ხოლმე და, როგორც წესი, საქართველოს პოლიტიკური წრეების აღელვებას იწვევს - იდეა გულისხმობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის ცნობილი მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. იდეა, რომელიც ამჯერად სამხედრო ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, გამოთქვა, ძირითადად ეფუძნება „ცივი ომისდროინდელ“ დასავლეთ გერმანიის მაგალითს, როცა იმხანად საბჭოთა ბლოკის წევრი აღმოსავლეთ გერმანია არ შედიოდა ნატოში და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდებოდა ალიანსის წესები და ვალდებულება.

და როგორც ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც ასეთი იდეა წამოიჭრება ხოლმე, ნატომ ამჯერადაც უკუაგდო იგი.

„გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ისე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე]. ვფიქრობ, ახლა ამ დისკუსიას აზრი არა აქვს. ვერ ვხედავ ნატოში ამის განხილვის სურვილს, არც იმის მჯერა, რომ ეს იდეა დროულია, საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების თვალსაზრისით“, - დაწერა 11 სექტემბრის საღამოს „ფეისბუკში“ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

ამის მსგავსი შეფასება ნატოს სხვა წყაროებისგანაც მოვისმინე. ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც ამჟამად განიხილება. ერთმა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა შენიშნა, „სიმართლე ითქვას, რასმუსენი ამას არ იტყოდა, ჯერ კიდევ ნატოს გენერალური მდივანი ან დანიის პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყოო“.

ერთმა დიპლომატმა კი აღნიშნა, რომ საქართველო, შესაძლოა, არც კი იყოს ნატოს მომდევნო, ლონდონის 3-4 დეკემბერის სამიტის, თემა და, სინამდვილეში, შესაძლოა, საერთოდ არც კი იყოს დიდი მსჯელობა ნატოს გაფართოებაზე, გარდა იმისა, რომ მიესალმებიან ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლას ალიანსში 30-ე წევრად. სავარაუდოდ, ეს დარჩება კლუბის ბოლო შევსებად მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში.

სამაგიეროდ, ნატო კონცენტრირებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედოს ავღანეთში, როგორ უპასუხოს საშუალო და შორი მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულების (INF) დარღვევას და ევროპაში თავდაცვითი ხარჯების გაზრდის საჭიროებას - და ეს ნამდვილად ასე იქნება როგორც ბრიტანეთის დედაქალაქში, ისე ნატოს სხვა მომდევნო შეხვედრების დროსაც. განსაკუთრებით ბოლო პუნქტი იქნება დაპირისპირების მთავარი საგანი, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

საინტერესოა აღნიშნოს, რომ ეს იყო ნატოს შარშანდელ - ბრიუსელის - სამიტზე, როდესაც საქართველოსა და უკრაინისადმი მიძღვნილი სესია შეწყდა აშშ-ის ლიდერის მოულოდნელი გამოჩენით. ის ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას ევროპელი ლიდერების მისამართით და, მათ მიერ საკუთარი შეიარაღებული ძალების დაფინანსების მხრივ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მთელი შეხვედრის ჩაშლით იმუქრებოდა.

შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ქართველებმა ეს, ალბათ, უნდა მიიღონ იმის ნიშნად, რომ მომდევნო წლებში ნატო, სავარაუდოდ, ვერ იქნება მათზე დიდად ფოკუსირებული, მით უფრო, როგორც ნატოს პოტენციურ წევრზე, რა შესანიშნავ იდეებსაც არ უნდა გამოთქვამდეს დროდადრო სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტი.