ნატოს ღია კარი: მესიჯები საქართველოსთვის

უნდა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური მხარდაჭერის განზომილება - ამ შინაარსის მოწოდებებია ასახული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში, სახელწოდებით „ნატოს ერთიანობისა და სანდოობის დადასტურება ბრიუსელის სამიტზე“. საქართველო მოხსენიებულია ქვეთავში - „ღია კარის პოლიტიკა“. ვარშავაში, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, არაერთი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმაც საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის კუთხით და მათ შორის - ღია კარის პოლიტიკის კონტექსტშიც. თუმცა, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება აუცილებელია ნატოში გაწევრიანების გზაზე. რას ჰპირდება და რას ვერ ჰპირდება ნატო საქართველოს ბრიუსელის ივლისის სამიტის წინ?

ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოც ახსენა, როცა ის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ალიანსის ივლისის სამიტის პრიორიტეტებზე ლაპარაკობდა.

ოდნავ მოგვიანებით იენს სტოლტენბერგს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სამიტთან დაკავშირებული დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის, რომ საქართველო შესაბამისი ინსტრუმენტებით ემზადება ალიანსში გასაწევრიანებლად, მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა გვერდს ვერ აუვლის MAP-ის მიღების აუცილებლობას:

თუკი საქართველო გვერდს ვერ აუვლის MAP-ის მიღების აუცილებლობას, ეს დროში გააჭიანურებს გაწევრიანების პროცესს, უთხრა რადიო თავისუფლებას ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრმა ზვიად აძინბაიამ. ის ფიქრობს, რომ MAP-ის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობის გამოყენება მოხერხდებოდა თადარიგის დაჭერისა და აქტიური კამპანიის წარმართვის შემთხვევაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველო ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზეც ახსენა. აქცენტი კვლავაც ბრიუსელის სამიტზე განსახილველ პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა. საქართველოსა და უკრაინას სტოლტენბერგმა „უაღრესად ფასეული“ პარტნიორები უწოდა და აღნიშნა, რომ ნატოს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

„გაგრძელდეს საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის პროცესში და წინ იქნეს წაწეული საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური განზომილება“ - ნათქვამია დეკლარაციაში, ნომრით 444, რომელიც 28 მაისს ვარშავაში დამტკიცდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.

სხვა საკითხებთან ერთად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომ 11-12 ივლისს ბრიუსელის სამიტზე დადასტურდეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და პარტნიორების უფლება გააკეთონ დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით, რომელიც თავისუფალი იქნება გარე წნეხისა და იძულებისგან.

მოკავშირეების მხრიდან კვლავ უნდა დადასტურდეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზებასა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას...
„ღია კარის პოლიტიკა“

ქვეთავში „ღია კარის პოლიტიკა“ საქართველო რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული, და მათ შორის უკრაინასთან ერთადაც, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში:

„მოკავშირეების მხრიდან კვლავ უნდა დადასტურდეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზებასა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას. (მოკავშირეებმა ასევე კვლავ უნდა დაადასტურონ) თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა 25-28 მაისს მასპინძლობდა.