ნატო, დახმარების ხელი და ქართული ყანწები, ჩურჩხელები, ჩოხა და ქვევრი

გამოფენა, ნატოს დღეები ქუთაისში

იმერეთის რეგიონში ნატოს დღეები ქუთაისიდან დაიწყო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ მოქალაქეთა მეტად ინფორმირებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის 1 მაისამდე იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, გამოფენები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები და კულტურული ღონისძიებები.

Your browser doesn’t support HTML5

იმერეთში ნატოს დღეები ქუთაისიდან დაიწყო

წელს ნატოს დღეები, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება.

გამოფენა, ნატოს დღეები ქუთაისში

ქუთაისში ნატოს დღეები წერეთლის უნივერსიტეტიდან გაიხსნა ქალაქის 29 საჯარო სკოლის 45 მოსწავლის ნამუშევრების გამოფენით. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის მარიკა ვაჭარაძის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები და სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, საუკეთესო და კრეატიული ნამუშევრებისთვის კი ოთხ მოსწავლეს საჩუქრები გადასცეს.

გამოფენა, ნატოს დღეები ქუთაისში

გამოფენის მონაწილე, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი რჩეული, მირიან მიქელთაძე, ამბობს, რომ პლაკატის სტილში შესრულებულ ნახატზე სიტყვა ნატო, ლათინური ასოების ნაცვლად, ქართული ყანწებით, ჩურჩხელებით, ჩოხითა და ქვევრით გამოსახა.

კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი ნამუშევრის ავტორი, მერვეკლასელი ნინო გამრეკლიძე, ამბობს, რომ იდეა მას ეკუთვნის, მეგობარმა კი ჩანაფიქრი განახორციელა. ამ ნახატზე საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებიან ფაზლზე შემდგარი ადამიანები ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან. ნინოს აზრით, მისმა თანატოლებმა ნატოს შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიონ.

გამოფენა, ნატოს დღეები ქუთაისში

გამოფენის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნანუკა შაკინოვმა, საქართველო-ნატოს ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ საკუთარი იდეა თექაზე მუშაობით გადმოსცა.

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგის ლალი უშვერიძის შეფასებით, გამოფენები და კონკურსები ხელს უწყობს მოსწავლეების წახალისებას და მოზარდები მეტი ინტერესით სწავლობენ სამოქალაქო განათლების საგანს, რომელიც მათ ცნობიერებას ამაღლებს.

გამოფენა, ნატოს დღეები ქუთაისში

თავის მხრივ, გამოფენის მონაწილე მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ნატოს შესახებ გამოფენა-კონკურსით საშუალება მიეცათ თანატოლებისთვის გაეზიარებინათ თავისი ცოდნა და დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის შესახებ.