„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტზე იმუშავეს ადამიანებმა, რომელთაგან არცერთს შეუხედავს მედიის გადმოსახედიდან ამ ცვლილებებისთვის. ყველაფერს შეხედეს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ასეთი მიდგომით ზიანდება მთლიანად მედიაგარემო. უპასუხისმგებლობაა ამ პროექტის ასე შემუშავება და დიდი იმედი მაქვს, რომ კანონად არ იქცევა“, - „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი კვლავ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც მედიას ეხება.
ნატა ძველიშვილი აღნიშნავს, რომ არც ის და არც ტელემაუწყებლები არ ყოფილან სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცვლილებების პროექტზე მუშაობდა.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანია გამორჩეულად უვარგისი იყო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთმანეთის ლანძღვაგინების მეტი არაფერი მოგვისმენია კანდიდატების მხრიდან და კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა როგორი დაბალი პოლიტიკური კულტურა გვაქვს ზოგადად“, - აცხადებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა, თვლის, რომ საკანონმდებლო რეგულაციებით ამ მდგომარეობის გამოსწორება არასწორია:
„არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ მაინცდამაინც ამ რეგულაციით შეიძლება მიზნამდე მივიდეთ. სიძულვილის ენას აქვს ძალიან კონკრეტული განმარტება. ევროპის საბჭომ შეადგინა ეს განმარტება, რომელიც ძალიან ზოგადია და ეს არის გამოხატვის ნეგატიური ფორმა, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ნიშანს: რასას, სქესს, ეთნიკურ წარმომავლობას, გენდერს, რელიგიას. სხვადასხვა ნიშნით გამოყოფს ადამიანებს და მათ მოიხსენიებს ნეგატიურად. ყველა ქვეყანაში კონტექსტი სხვადასხვანაირია და ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება ჩვენთან სიძულვილის ენას გამოხატავდეს, სხვა ქვეყანაში იყოს ძალიან კორექტული გამონათქვამი.
მათ შორის, ქსენოფობიური გამონათქვამი არის სიძულვილის ენა და ვერ ვხვდები აქ ცალცალკე რატომ წერია.
წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა არ გვქონია. გვქონდა ლანძღვაგინება და ლანძღვაგინება სიძულვილის ენა არ არის. ადამიანს ზრდილობას ვერ ასწავლი კანონით. ეს არის კულტურის ნაწილი. ამიტომაც პოლიტიკოსები თვითონ უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე და თქვან, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვეჯიბრებით ერთმანეთს პროგრამებით და არა ლანძღვა-გინებით“.
მნიშვნელოვანია იმის განჭვრეტაც, როგორ იქნება შესაძლებელი ამგვარი რეგულაციის აღსრულება. ეს კითხვა უჩნდება ნატა ძველიშვილსაც:
„გამოდის, რომ მაუწყებელმა მარკეტინგის სამსახურში უნდა ჩასვას ერთი იურისტი, რომელიც შეამოწმებს ყველა რეკლამას - სადმე რამე კანონმდებლობა ხომ არ ირღვევა ამ რეკლამით, რომელიც დაამზადეს თავად პოლიტიკურმა პარტიებმა. მან უნდა გადაწყვიტოს არღვევს თუ არა მათ მიერ დამზადებული რეკლამა კანონს.
იურისტი და მარკეტინგის მენეჯერი არ შეიძლება წყვეტდნენ რა გავიდეს და რა არა ეთერში. ჩემი წარმოდგენით, ამისათვის არსებობს ცესკო. მაუწყებელს თუ გამიჩნდა ეჭვი, რომ რეკლამა არღვევს კანონს, უნდა მივმართო ცესკოს და მან უნდა გადაწყვიტოს მართლაც ასეა თუ არა. სხვანაირად გამოდის, რომ სხვის მიერ დამზადებული პროდუქციის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მაუწყებელს.
იმედი მაქვს, თვითონ მაუწყებლები ამოიღებენ ამაზე ხმას. კარგად ჩახედავენ პროექტს და საკუთარ მოსაზრებასაც დააფიქსირებენ“.
რაც შეეხება პროექტში ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც „აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, ნატა ძველიშვილი მას აღიქვამს მედიაზე ზეგავლენის პოტენციურ ბერკეტად:
„ეს არის ბერკეტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელში, რომ თავად გადაწყვიტოს - “აშკარა” იყო, “ისე რა” იყო, “მსუბუქად” იყო თუ რა დარღვევა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლისთვის გვექნება მედიაგარემო, სადაც მაუწყებლების დასჯის ძალიან მარტივი ბერკეტები იქნება კანონმდებლობაში ჩადებული და საკუთარი სურვილისამებრ იქნება ეს ჩანაწერი სისრულეში მოყვანილი“.
„დილის საუბრების“ სტუმარი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდში ტარიფების უცვლელობის საკითხზე. კერძოდ, წარმოდგენილ პროექტში წერია:
„კენჭისყრამდე არაუგვიანეს 60-ე დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით გადასცენ საეთერო დროის ტარიფები, რომელთა ცვლილებაც შემდგომში დაუშვებელია“.
ნატა ძველიშვილი:
„წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს პოლიტიკური რეკლამის ტარიფები. როცა აქტიურდებოდა წინასაარჩევნო პერიოდი და რეკლამების რაოდენობაც იზრდებოდა, მაუწყებელი ფასს ზრდიდა მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მაგრამ არის დათქმა, რომ ფასი არადისკრიმინაციულად უნდა იყოს დაწესებული, ანუ ტარიფი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ახლა ეს პროექტი ამბობს, რომ მაუწყებლებს აღარ უნდა ჰქონდეთ ფასის ცვლილების უფლება. აქაც ვერ ვიგებ, რა ლოგიკაა“.
ქარტიის ხელმძღვანელს პრაქტიკაში რთულად წარმოუდგენია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ის ნაწილიც, რომელიც ეხება ანტირეკლამის რეგულაციას და ადგენს, რომ ანტირეკლამა არ უნდა აჭარბებდეს სარეკლამო რგოლის 25%-ს:
„ეს არის შინაარსში ჩარევა. რანაირად უნდა შეფასდეს და როგორ უნდა დაითვალოს ეს 25% მაუწყებელმა - წამზომით უნდა იჯდეს და ითვალოს საიდან სადამდეა ნეგატიური?
დისკრედიტაცია და ყველაფერი, რაც არ მოგვწონს, არ არის სიძულვილის ენა. სიძულვილის ენას აქვს ერთი კონკრეტული ნიშანი და ის ეფუძნება იდენტობას“.
პარლამენტის ყოფილი სპიკერი თვლის, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე წამოჭრილი დისკუსია უსაფუძვლოა და „თითიდან გამოწოვილი“. ნატა ძველიშვილი კი არწმუნებს უმრავლესობას, რომ არაფერი ელანდება:
„ირაკლი კობახიძეს ზოგადად ახასიათებს თეთრზე მტკიცება, რომ შავია და პირიქით. ვყოფილვარ მასთან სამუშაო შეხვედრებზე. ერთს ვეუბნებოდით და სხვას გვპასუხობდა. ამიტომაც არ მიკვირს. მინდა დავარწმუნო მმართველი პარტია, რომ არაფერი გველანდება! გარკვევით წერია და ვკითხულობთ იმ ცვლილებებს, რაც შემოაქვთ“.
Your browser doesn’t support HTML5