ასთარაზე, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე მდებარე ქალაქზე, გადის ნარკოტიკების ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო გზა. მდინარე ასთარა ერთმანეთისგან ყოფს საზღვრის იქით მდებარე ირანულ ასთარას აზერბაიჯანული ასთარისაგან. ტონობით ნარკოტიკი მოედინება ევროპისკენ ამ დასახლებული პუნქტის გავლით. მხოლოდ მცირე ნაწილს თუ მიაგნებს ხოლმე აზერბაიჯანელი სამართალდამცველი და კონფისკაციას გაუკეთებს მას. აზერბაიჯანის კანონი ნარკოტიკების მოხმარებისა და ვაჭრობის მიმართ ისე მკაცრი არ არის, როგორც ირანისა. ასთარა მხოლოდ ერთი მოზრდილი პუნქტია ნარკოტიკის მსოფლიო ვაჭრობაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ნარკოტიკების პრობლემა ქვეყანაში მძიმდება. სხვა რამეს გვიამბობენ ასთარელები. 77 წლის საფურა აჰმედოვა ნარკოტიკების ამ სავაჭრო გზის პირას ცხოვრობს და ეს მის ოჯახზე მკვეთრადაა ასახული. ორი ვაჟი და ქმარი ნარკოტიკმა მოუკლა, მესამე ვაჟი ციხეშია. მისი უფროსი ვაჟი მუშაობდა, მაგრამ ნარკოტიკს მიეჩვია. „ვერაფრით ვუშველეთ, ვუმკურნალეთ, მაგრამ უშედეგოდო“, ჰყვება აჰმედოვა. „მალევე მოკვდა, ორგანიზმი მოწამლული ჰქონდა. ქმარი მას მიჰყვა, ასევე ნარკომანი იყო. ჩემი მეორე ვაჟიც მიეჩვია ჰეროინს. ოჯახმა მიატოვა, წამლისთვის ფულის მოსაპოვებლად ძარცვა დაიწყო და დაიჭირეს“. აჰმედოვას მხოლოდ ერთი ვაჟი გადაურჩა ნარკომანიას, რაც ამ ქალაქში, სულ მცირე, არაა იოლი. ბაქოს არ სურს აღიაროს, რომ ნარკომანია ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში პრობლემაა.
2016 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის წლიურ ანგარიშში წერდა, რომ აზერბაიჯანი სულ უფრო მსხვილი სატრანზიტო ქვეყანა ხდება ნარკოტიკებით არალეგალურ საერთაშორისო ვაჭრობაში; ის მდებარეობს მსოფლიოში ოპიუმის 90 პროცენტის მწარმოებელი ავღანეთიდან ირანის გავლით ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ირანიდან გავრცელებული მონაცემებით, სულ უფრო მეტ ნარკოტიკს აკვლევს პოლიცია მის საზღვარზე. თეირანი, დიდი ხანია, მკაცრად ებრძვის ნარკოტიკის კონტრაბანდას. არალეგალური ნარკოტიკები - მეტამფეტამინი, ავღანეთში მოწეული ოპიუმისგან დამზადებული ჰეროინი და სხვა ნარკოტიკები - კვეთს ირანის 765-კილომეტრიან საზღვარს აზერბაიჯანთან. 2017 წელს ირანის მედია იტყობინებოდა, რომ ბოლო ექვს წელიწადში ნარკომანების რაოდენობა გაორმაგდა ისლამურ რესპუბლიკაში.
სააგენტო "ირნამ" გაავრცელა ეგრეთ წოდებული „მიზანშეწონილობის საბჭოს“ ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, საიდ საფათიანის, ნათქვამი, რომ ნარკოტიკებზე დამოუკიდებელ პირთა რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალიც იყოს. აზერბაიჯანს რომ დავუბრუნდეთ, ბევრი ფიქრობს, რომ იქ 2015 წლიდან ნარკოტიკების არალეგალურად გავრცელების მხრივ ვითარება გაუარესდა, რასაც ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ. არზუ ჯაფარლიმ რადიო თავისუფლებას ელექტრონულად უპასუხა, რომ უმუშევრობა, ასევე სოციალური დახმარების სისტემის არარსებობა ხელს უწყობს აზერბაიჯანის რეგიონებში ნარკომანიის ზრდას, განსაკუთრებით 2015 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილები ფიქრობენ, რომ ქვეყანა სათანადოდ არ არის აღჭურვილი საიმისოდ, რომ ნარკომანებს დაეხმაროს. ერთმა ექიმმა, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბაქოს გარეთ აზერბაიჯანის მხოლოდ ხუთ ქალაქშია ნარკომანიის მკურნალობის ცენტრი. საკუთრივ ლენქორანში, მისივე თქმით, ნარკომანიის სამკურნალო ცენტრს მხოლოდ 18 საწოლი აქვს.