20 წელი ან უვადო - რა ვიცით ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ დემონსტრანტებზე

ფოტოილუსტრაცია: ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ყველა პირს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

სარჩევი:

2024 წლის 28 ნოემბრიდან - პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ოთხი დემონსტრანტი დააკავეს. ოთხივე თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და ფიქრობენ, რომ სამიზნეები ანტისახელისუფლებო პოზიციების გამო გახდნენ. ოთხივე მათგანი ჩხრეკისა და დაკავების დეტალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა იდენტურად ჰყვება.

მათი ისტორიები რადიო თავისუფლებამ შეაგროვა.

გიორგი ახობაძე

გიორგი ახობაძე

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, გვიან ღამით, თამარ მეფის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში ავტომობილით მეგობართან ერთად ბრუნდებოდა.

საქმის მასალებში დევს დაკავებამდე 4-5 საათით ადრე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი პატაკი (სავალდებულო მოხსენება ხელმძღვანელისათვის), რომელიც გიორგი ახობაძის გაჩერებისა და ჩხრეკის საფუძველი გახდა. პატაკში ეწერა, რომ ახობაძეს შეიძლება ნარკოტიკული საშუალება ჰქონოდა.

„გამკოჭეს, სახით ძირს მომათავსეს და მყისიერადვე ვგრძნობ [სხვის] ხელს ჩემ ჯიბესთან, დავიწყე ამ ყველაფრის აცილება, მაგრამ მოგეხსენებათ, 4 კაცი მაკავებდა და ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. რაღაც ნივთიერება თუ რაღაც ჩადეს.

დაწყებული მაგ მომენტიდან, დამთავრებული ჩხრეკის დასრულებამდე, მე მქონდა სიტყვიერი პროტესტი და კამათი, რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში, არანაირი უწმაწური სიტყვები მე არ მიხმარია, კამათი დამკავებლებთან, რომ ასე როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება ჩაუდო ეს ყველაფერი“, - თქვა გიორგი ახობაძემ 10 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სადაც მას მოსამართლე ნინო მარიდაშვილმა თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გამკოჭეს, სახით ძირს მომათავსეს და მყისიერადვე  ვგრძნობ, [სხვის] ხელს ჩემ ჯიბესთან, დავიწყე ამ ყველაფრის აცილება, მაგრამ მოგეხსენებათ 4 კაცი მაკავებდა...რაღაც ნივთიერება თუ რაღაც ჩადეს. 
გიორგი ახობაძე

გიორგი ახობაძეს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულმა შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პევეპე“ და ახლა გამოძიების დასადგენია, რაში დასჭირდა მას ეს ნივთიერება და სად, რა ვითარებაში შეიძინა ის.

დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის წარსულშიცაა ნასამართლევი. 10 დეკემბრის სასამართლოზე გიორგი ახობაძემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ მოიხმარს ნარკოტიკებს, მისი იმავე ბრალდებით დაკავება საზოგადოებისთვის ადვილად დასაჯერებელი იქნებოდა.

ის თავს უკანონო პატიმრად და პოლიტიკური დევნის ობიექტად მიიჩნევს. ახობაძის თქმით, დაკავებამდე გააფრთხილეს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის გამო შესაძლებელი იყო მსგავსი რამ შემთხვეოდა.

მისი დაკავების შემდეგ, ოჯახის წევრებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ეწერა, რომ მის აქტიურ აქტივიზმზე საპასუხოდ, გაზაფხულზე, გარდა იმისა, რომ მუდმივად, დღე თუ ღამე იღებდა მუქარის ზარებს, ასევე სადარბაზოს კართან გაუკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები, შეუღებეს მანქანა.

„მისთვის რუსეთი არის დაუძინებელი მტერი და ძალიან აბრაზებდა ქართველების ხელით რუსული საქმის კეთება. გიორგი დღეს მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ რუსულმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო მის ბრძოლას და სჯიან ასე სასტიკად“, - წერია გიორგი ახობაძის ოჯახის წევრების მიმართვაში.

ბრალდებულმა დაკავებამდე ორი დღით ადრე საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს:

„მინდა გაგაფრთხილოთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, არ მიღალატოთ. ციხეში გამიშვებენ, გამლახავენ თუ დამლეწავენ, არ აქვს მნიშვნელობა, ღალატს გავიგებ, გამოვალ ციხიდან და ცუდ პასუხს გაგცემთ. ამ მომენტში ღალატს, გირჩევნიათ, სისტემას დაემალოთ. თუკი ადამიანების გადარჩენის რამე ცოდნა მაქვს, შემოვატრიალებ და ამ ცოდნით გაგისწორდებით“.

გიორგი ახობაძე ბავშვთა ექიმია. „აგენტების კანონის“ განხილვების წინააღმდეგ გამართული აქციებიდან მოყოლებული დაკავებამდე ის დემონსტრანტებს სამედიცინო რჩევებით ეხმარებოდა. აქტიურად იღებდა მონაწილეობას პროევროპულ დემონსტრაციებში და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე სოციალურ ქსელში საჯაროდ საუბრობდა.

MANIFEST.GE-ზე პეტიციას სახელწოდებით: „თავისუფლება ექიმ გიორგი ახობაძეს“ ხელს 6000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

„გიორგის თავდაუზოგავმა აქტიურობამ, როგორც აქციებზე, ისე სოციალურ ქსელში, უსამართლო რეჟიმის ყურადღება მიიქცია, მაგრამ გიორგი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ბედზე ზრუნვისას, რეჟიმის შიში დაადუმებდა. გიორგი სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს და დაპატიმრებულს, რომლებიც ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან და გიორგის მსგავსად რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენენ“, - წერია პეტიციის ტექსტში.

ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგი ახობაძე უკანონოდ დააკავეს, რადგან მისი ჩხრეკა კანონის დარღვევით წარიმართა. დაკავების ოქმი კი უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკის საფუძველზეა შედგენილი.

„როცა უკანონო ნივთის ამოღება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება, სამართალდამცველი ვალდებულია პროცესს დაასწროს ე.წ. ნეიტრალური მოწმე ან სხვა ნეიტრალური მტკიცებულება მოიპოვოს, მაგალითად, გადაიღოს ჩხრეკის პროცესი“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, გიორგი ახობაძემ დაკავების ადგილზე 6-ზე მეტი პოლიციელი შენიშნა, ამის მიუხედავად, დაკავების ოქმში წერია, რომ არ ჰქონდათ ტექნიკური და ადამიანური რესურსი, გადაეღოთ გიორგი ახობაძის ჩხრეკის ოპერაცია. ამის გარდა, არ არის მოძიებული ნეიტრალური მოწმე, მაგალითად, ნებისმიერი ტაქსის მძღოლი, რომელიც დაკავების ადგილზე, ქუჩაში იყო.

„ანუ ამბობენ, რომ ცოტანი იყვნენ და მობილური არ ჰქონდათ. ვინ დაიჯერებს დღეს ამას? პლუს ამას, ნეიტრალურ მოწმეზე არაფერი უწერიათ“, - ამბობს ადვოკატი. მან სასამართლოში დაკავების ოქმის კანონიერად ცნობაზე იდავა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამას გარდა, ადვოკატს აქვს ეჭვი, რომ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც, მისივე თქმით, ახობაძეს ჩაუდეს, დნმ ხელოვნურად გადაიტანეს. როგორ? - აი, რას ჰყვება ადვოკატი:

„ოთხი პაკეტი ამოიღეს, რომელიც ლეიკოპლასტირში იყო გადახვეული. ჩატარდა ექსპერტიზა და გიორგი ახობაძის დნმ იპოვეს ამ შესაკრავ ლეიკოებზე და არა პაკეტებზე. გიორგი იხსენებს, რომ ჩხრეკისას პოლიციამ ყელში თითი ღრმად გამოუსვა, ამას გარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გახადეს და იღლიები გაუსინჯეს.

ჩვენ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვას - რომელი ბიოლოგიური მასალიდანაა დნმ. თუ დადგინდა, რომ ემთხვევა ნერწყვს ან იღლიას, ეს ჩვენს ვარაუდს შესძენს ლეგიტიმაციას - დნმ უკანონო ნივთზე მიზანმიმართულად გადაიტანეს“, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

დაკავებულმა ექიმმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ბორის ჩელე ყურუამ გამოაქვეყნა:

„გარეთ რომ ვიყავი, ნამდვილად ვღელავდი დაჭერაზე, მაგრამ ახლა ეს შიშიც გამიქრეს.

ის მეთოდები, რეპრესიები, რასაც სახელმწიფო იყენებს ჩვენს წინააღმდეგ, საერთოდ არაა ეფექტური, პირიქით ახლა გაათმაგებულად მაქვს სურვილი იგივე საქმე ვაკეთო და ქვეყანას დავეხმარო.

ამიტომ არაფრის შეგეშინდეთ, ბოლომდე მიაწექით, ბოლომდე, არავისთვის დასათმობი ქვეყანა არ გვაქვს ჩვენ“, - წერს გიორგი ახობაძე, რომელსაც ციხეში ყოფნის დროს ლოგინად ჩავარდნილი დედა გარდაეცვალა. ინსულტგადატანილ დედას გიორგი უვლიდა. 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გიორგიმ მოსამართლეს უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილ დედაზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა აქვს და გირაოთი გათავისუფლება ითხოვა.

გიორგი ახობაძეს დედის პანაშვიდზე დასწრების საშუალება მისცეს და 17 იანვარს, დაკრძალვის დღეს რამდენიმე საათით გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოიყვანეს.

ნიკოლოზ კაცია

ნიკა კაცია

ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, საღამოს საათებში სახლიდან აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მასაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, რადგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.

„დაკავებისას მექცეოდნენ დამცინავად, ბილწსიტყვაობდნენ. თავიდან მეგონა, რომ ბანდფორმირება დამესხა თავს. მერე იმ შენობაში წამიყვანეს, რომელსაც კრიმპოლის სახელით ვიცნობთ. ენის ბორძიკი დამეწყო ნერვიულობისგან, ამაზეც დამცინოდნენ. აქამდე მე ენის ბორძიკი არასდროს მქონია.

"შენ მაგარი ნაბოზარი ხარ, შენ მაგარი შენძრეული ბიჭი ხარო" - მეუბნებოდნენ”, - თქვა ნიკოლოზ კაციამ 2024 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე, სადაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა კაციასა და გიორგი ახობაძის საქმეებში რამდენიმე მსგავსებაა:

  • პირველი - ორივე ჰყვება, რომ ჩხრეკისას მათ პოლიციელებმა პირში ხელი ღრმად გამოუსვეს და ასე სცადეს მათი დნმ-ის მოპოვება.
  • მეორე - ჩხრეკას არ დაასწრეს არცერთი ნეიტრალური პირი და არც ვიდეოზე გადაიღეს, რაც დარღვევაა და დაკავებას უკანონოს ხდის.

ამას გარდა, დაკავების ოქმში უზუსტობებია, მაგალითად, არ ემთხვევა დაკავების ადგილი და დრო. კაციას დაკავებისას ადგილზე იყო სამი ავტომანქანა და 10-მდე პოლიციელი.

„არ ვიცოდი რატომ დამაკავეს. 14 გრამი კოკაინი რომ ჩამიდეს, ამაზეც მეცინება, შემობრუნებული 41-ია“, - თქვა სასამართლო სხდომაზე ნიკა კაციამ და დაამატა: - „ახსენეს პაკეტი. ამ დროს მაშინვე მივხვდი, რომ იმ ჩადებაზეა ლაპარაკი, რომელიც მეგონა, რომ დღევანდელ სამყაროში აღარ იყო“.

ნიკა კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა დაკავების შემდეგ წაართვეს ტელეფონი და მის პირად მიმოწერებს კითხულობდნენ ჯგუფ „დაიტოვესა“ და ტელეგრამარხებში.

„ეკითხებოდნენ, რატომ იყო ამ ჩხუბში, როგორ მოხვდა, აბულინგებდნენ აქციებზე სიარულის გამო, რიჟიკა ხარ, ბიჭოო, - ეუბნებოდნენ“, - ამბობს ადვოკატი ნინო ლომინაძე.

მან მოიპოვა ნიკა კაციას ტელეფონის ამონაწერი, რომელიც კაციას დაპატიმრების შემდეგ ორი დღე აქტიური იყო. დალუქული უნდა ყოფილიყო, გვაქვს ეჭვი, რომ პოლიციელები არაკანონიერად იყენებდნენ მას და იკვლევდნენ იქ არსებულ ინფორმაციას“, - ამბობს ადვოკატი.

პროფესიით ჟურნალისტი ნიკა კაცია წლებია რეპორტიორად აღარ მუშაობდა, ბოლოს თანამშრომლობდა კოალიციასთან „ცვლილებისთვის“ და ჩართული იყო მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვაში.

ანტონ ჩეჩინი

ანტონ ჩეჩინი

ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე, რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი, რომელიც საქართველოში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა.

ანტონ ჩეჩინი რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.

„მან საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული რეჟიმის შედეგები. ჩართული იყო, როგორც თვითონ მითხრა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის საქმიანობაში, ნავალნიც ახსენა, მისი მხარდამჭერი იყო“, - ჰყვება ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.

ის რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს, რის შემდეგაც რამდენიმე სხვა დემონსტრანტთან ერთად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ანტონ ჩეჩინმა ქართველი ცოლი მოიყვანა და რუსთაველზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე იდგა. ერთ დღეს ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა.

„ანტონ ჩეჩინი უკანონოდ დააკავეს 18 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც, თუმცა რაიმე სამართლებრივი გაგრძელება აღნიშნულს არ მოჰყოლია. დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მუქარას, რათა შეეწყვიტა ანტონს დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება“, - ამბობს ადვოკატი.

ის სახლთან 2024 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურში მიდიოდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახლა რაც თქვენთან ხდება, მე ეს ყველაფერი უკვე ნანახი მაქვს
ანტონ ჩეჩინი

„მას საცხოვრებელ კორპუსთან დახვდნენ პირები, ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე, ჩასვეს ავტომობილში, იძალადეს და ნარკოტიკული ნივთიერების "ჩადების" გზით ხელოვნურად შექმნეს მტკიცებულება.

ანტონთან შეხვედრისას ერთი საინტერესო ფრაზა მოვისმინე: "ახლა რაც თქვენთან ხდება, მე ეს ყველაფერი უკვე ნანახი მაქვს"“, - უყვება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.

ანტონ ჩეჩინმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც წერს, რატომაა პოლიტპატიმარი.

„ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო ციმბირში, სადაც მონაწილეობას ვიღებდი მიტინგებში ოპოზიციასთან ერთად პუტინის რეჟიმის, სისხლიანი ომისა და ციხეებში სასტიკი მოპყრობის/მკვლელობის წინააღმდეგ. რეპრესიებიდან გამომდინარე ჩამოვედი საქართველოში, სადაც დავიწყე უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა და ვიბრძოდი საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული წესით დამაჯარიმეს, ხოლო შემდგომ რამდენიმე თვეში პოლიციის თანამშრომლებმა ჩამიდეს ნარკოტიკი. ეს ყველაფერი (საქართველოში მიმდინარე მოვლენები - რ.თ.) ძალიან ჰგავს რუსეთში არსებულ ვითარებას“, - წერს ციხიდან ანტონ ჩეჩინი. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული ისევე, როგორც აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ ყველა დემონსტრანტს.

თედო აბრამოვი

თედო აბრამოვი

22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა, ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.

თედო აბრამოვის ადვოკატი გოჩა ჯაბანიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს მოუხმარია ნარკოტიკი:

„თედო სპორტსმენია, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ბოქსიორია. ვარჯიშობდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, ბოლოს კი - საბერძნეთში. ორი თვეა საქართველოში დაბრუნდა. მშობლები ემიგრაციაში არიან, ცხოვრობს მოხუც ბებოსთან და მცირეწლოვან ძმასთან ერთად“, - ამბობს ადვოკატი.

გოჩა ჯაბანაშვილის თქმით, თედო აბრამოვი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო, თუმცა დღეს, ადვოკატი მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საჯაროდ საუბარს ერიდება, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ არ ვიყენებთ სიტყვებს: „ჩაუდეს“ და ასეთები, ეგ ჩვენ არ ვიცით. აბრამოვი ამბობს, რომ ნარკოტიკი მისი არაა, ბოლომდე იბრძოლებს და მიაღწევს სიმართლეს, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. იმედი აქვს, რომ სასამართლო მტკიცებულებების შეჯერებით მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ის.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე თედო აბრამოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნარკოტიკული დანაშაულის გამო დაკავებულების სასამართლო განხილვები საქალაქო სასამართლოში 23 იანვრიდან იწყება.

პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.

დაკავებული ჟურნალისტი:

  1. მზია ამაღლობელი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:

  1. ვეფხია კასრაძე
  2. ვალერი კაძელაშვილი
  3. ზვიად ცეცხლაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:

  1. ნიკოლოზ ჯავახიშვილი
  2. თორნიკე გოშაძე
  3. ირაკლი მიმინოშვილი
  4. ზვიად ცეცხლაძე
  5. გიორგი გორგაძე
  6. ინსაფ ალიევი
  7. ანდრო ჭიჭინაძე
  8. ონისე ცხადაძე
  9. გურამ მირცხულავა
  10. ლუკა ჯაბუა
  11. ჯანო არჩაია
  12. რუსლან სივაკოვი
  13. რევაზ კიკნაძე
  14. გიორგი ტერაშვილი
  15. ვალერი თეთრაშვილი
  16. სერგეი კუხარჩუკი
  17. ირაკლი ქერაშვილი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:

  1. ანზორ (ანრი) კვარაცხელია
  2. გიორგი მინდაძე
  3. დავით ლომიძე
  4. თემურ ზასოხაშვილი
  5. საბა ჯიქია
  6. საბა სხვიტარიძე

სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:

  1. გურამ ხუტაშვილი
  2. დანიელ მუმლაძე
  3. არჩილ მუსელიანცი
  4. ლაშა ჩხაიძე
  5. მ.გ. (არასრულწლოვანი)

აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:

  1. დავით ხომერიკი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:

  1. გიორგი ახობაძე
  2. ნიკოლოზ კაცია
  3. ანტონ ჩეჩინი
  4. თედო აბრამოვი

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;

  1. მამუკა ჯორბენაძე
  2. გურამ მიქელაძე
  3. დავით გვიანიძე
  4. გიორგი დავითაძე
  5. ანრი კაკაბაძე

პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:

  1. ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)

არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:

  1. მათე დევიძე
  2. ანატოლი გიგაური