ნარიყალა ხარაჩოებშია - შეიცვლება თბილისის სიმბოლო?

Your browser doesn’t support HTML5

რამდენიმე დღეა თბილისის არქიტექტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. ქართული კულტურის ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის კანონი იცავს.

მეიდნის ბაზრიდან ნარიყალასკენ მიმავალი საავტომობილო გზა უკვე ხის დიდი კარითაა გადაკეტილი. ციხესიმაგრემდე ფეხით მისვლა ჯერ კიდევ შეიძლება, თუმცა ნარიყალას რეაბილიტაციის დროს, რაც წელიწად-ნახევარი მაინც გაგრძელდება, ეს გზაც დაიკეტება. ციხის გალავანი უკვე ხარაჩოებშია ჩასმული.

წარწერა კარზე: „ნარიყალას ციხის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო ციხე დროებით დაკეტილია დამთვალიერებლებისთვის. გთხოვთ, დაემორჩილოთ გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს".

ნარიყალას ციხის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკა მიიყვანეს. მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები.

ნარიყალა ძველი თბილისის შუაგულში დგას, სოლოლაკის ბოლოს, ლეღვთა ხევის მარცხენა ნაპირას და მთელ ქალაქს გადაჰყურებს. აქედან ერთნაირად კარგად ჩანს მტკვრის ხეობა, ძველი თბილისის უბნები, სამების საკათედრო ტაძარი, მთაწმინდა, მახათას მთა და ბოტანიკური ბაღი.

ეს ისტორიული ძეგლი თბილისის ხუთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს შორისაა. აქედან ქართლის დედის ძეგლამდე ფეხით 8-10 წუთია, თუმცა რეაბილიტაციის გამო ნარიყალას ციხიდან სოლოლაკის ქედზე გადასასვლელი საფეხმავლო გზაც უკვე დაკეტილია.

ხედი თბილისზე ნარიყალას ციხიდან

ხედი თბილისზე ნარიყალას ციხიდან

ნარიყალა რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგრებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. მისი ისტორია მეოთხე საუკუნეში იწყება. მე-17 საუკუნემდე აქ სამეფო სასახლე, ეკლესია, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო შენობები იდგა. დროთა განმავლობაში მათ პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგეს, ნაგებობები თანდათან დაინგრა და მიწით დაიფარა, - წერს არქეოლოგი ოთარ ტყეშელაშვილი ნაშრომში „დედაციხე - ნარიყალა“.

თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხესიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს ხვდება. იმ პერიოდში მას „შურის ციხეს“ უწოდებდნენ. ტოპონიმი ნარიყალა (შიდა ციხე, ციტადელი) გვიანდელია. ის სხვადასხვა დროს მოიხსენიებოდა, როგორც კალა ანუ თბილისის ციხე და დედაციხე.

ნარიყალას ციხის დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა.

2020 წელს ნარიყალა ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 12 ძეგლს შორის მოხვდა. ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კრიტიკული წერტილია. მათ შორისაა:

  • „გახლეჩილი კოშკი“ - ციხის ყველაზე მაღალი წერტილი;
  • ოთხკუთხა კოშკი - ნარიყალას შესასვლელი;
  • სტამბულის კოშკი, რომელიც საბაგირო გზის ზედა სადგურს ესაზღვრება;
  • ვერტიკალურად გაბზარული მე-18 ბურჯი, რომელიც ბოტანიკურ ბაღს გადაჰყურებს.

ასე გამოიყურება სტამბულის კოშკი ნარიყალას ციხეზე. ეს ადგილი საბაგირო გზის ზედა სადგურს ესაზღვრება.

ნარიყალას ციხის დაზიანებული ოთხკუთხა კოშკი. ამ ადგილას ყოველდღე გასვლა ასობით ადამიანს უწევს. ეს თაღი ნარიყალას ციხის შესასვლელია.

ასე გამოიყურება „გახლეჩილი კოშკი“, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, გამოფიტულია და დაშლის საფრთხის წინაშე დგას.

დაბზარული და გამოფიტულია კლდე, რომელზეც ციხესიმაგრის კედელ-ბურჯები დგას. კედლებს ვერტიკალური, სხვადასხვა სახის და სიდიდის ბზარები დაჰყვება. გამონგრეულია კედლები, მორყეული, ჩამოშლილი და დაკარგულია ქვები.

„ნარიყალას კედლებზე ჩვენ ვხედავთ ისტორიას უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. რომ შეხედავთ ციხეს, ჭრელი სურათია, ნგრევისა და აღდგენის მრავალი ფენაა. თავისთავად ყოველი ეს გოჯი ძეგლია და ისევეა გასაფრთხილებელი, როგორც მთელი ნარიყალა“, - გვეუბნება არქიტექტორ-რესტავრატორი, ტარიელ კიპაროიძე. ის ნარიყალას ციხის რესტავრაციის პროექტის ავტორია.

ნარიყალას რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 24 იანვარს გამოაცხადა. შპს „ინსი“ ტენდერის ერთადერთი უკონკურენტო მონაწილე და გამარჯვებული გახდა. ძეგლის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო 13 მილიონ 161 212 ლარს დახარჯავს. კონტრაქტის პირობით, პროექტი წელიწად-ნახევარში, 2025 წლის აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

შპს „ინსის“ 100% წილს ნიკოლოზ ჩიქოვანი ფლობს. კომპანიის დირექტორი ზვიად თოიძეა, რომელმაც 2016 წელს "ქართულ ოცნებას" 50 000 ლარი შესწირა.

2007 წლიდან დღემდე ამ კომპანიას ჯამში 169 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, პირდაპირი კონტრაქტების გზით კი ბიუჯეტიდან 125 მილიონი მიიღო.

"ინსის" რეაბილიტირებულია: ბარათაშვილის ქუჩა, გუდიაშვილის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი, ორბელიანი, პრეზიდენტის სასახლე, აბანოს, გოგირდისა და გორგასლის ქუჩების ისტორიული ძეგლები.

„პროექტი არის 18-თვიანი, ამ გადმოსახედიდან ჩვენთვის ნორმალური დრო არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სამუშაოა, თუ ობიექტური მიზეზები გამოჩნდა, გაიწელება, მაგალითად, ოდნავ წვიმა რომ იყოს, მასალა ვერ აგვაქვს. აღმართზე დატვირთული მანქანა, თუნდაც ორხიდიანი, თითქმის შეუძლებელია ავიდეს, მაგ პრობლემებზე ვართ დამოკიდებული", - უთხრა რადიო თავისუფლებას “ინსის" დირექტორმა ზვიად თოიძემ.

რეაბილიტაციას ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს. კომპანია „ინსი” ვალდებულია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროცესში ყველა დეტალი პროექტის ავტორთან შეათანხმოს.

პროექტის მიხედვით, რესტავრაციის დროს იმ მასალას გამოიყენებენ, რომლითაც ნარიყალას ციხეა ნაგები. ასეთია ქართული აგური, კირქვა, დუღაბი.

ნარიყალას ციხის კედელი, რომელიც კარგად ასახავს მის არქიტექტურას. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური.

ნარიყალას ციხის არქიტექტურული სახე.

ციხის კედლებიდან ჩამოცვენილ ქვებს ტურისტები ასე აწყობენ.

„გამოვიყენებთ არა მეორად აგურს, არამედ ახალს. წარმოიდგინეთ, დაინგრა სადღაც ქართული აგურისგან ნაგები შენობა და მე ის აგური წამოვიღე და ნარიყალაზე გამოვიყენე. რისთვის? ძველს რომ დაემსგავსოს? ეს ხომ ყალბია?

ამ ქმედებით მე შეცდომაში შემყავს ყველა - ახლაც და მომავალშიც, მაგალითად, იქ კვლევისთვის მისული სპეციალისტები. ჩვენს მიერ გამოყენებული ახალი ქართული აგური, მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს არსებულისგან, მნახველი უნდა მიხვდეს, რომელია ძველი და რომელი რესტავრირებული“, - ამბობს არქიტექტორი და რესტავრატორი, ტარიელ კიპაროიძე. ის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია.

ტარიელ კიპაროიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი

პროექტში წერია, რომ დაძრული ქვები კირდუღაბის ხსნარით გამაგრდება, გამოფიტულები ახლით შეიცვლება, გამობერილი კედლები ჩამოიშლება და გადაეწყობა. სამშენებლო მასალის ფერი, ფორმა, ზომა, სიმკვრივე და რაოდენობა პროექტში დეტალურადაა აღწერილი.

„მთელ პერიმეტრზე კირის გამოფიტული დუღაბებია, რომელიც წყლის ჭავლით უნდა გაიწმინდოს და შემდეგ უნდა გამოიგოზოს. უფაქიზესი სამუშაოა, ამას მოქანდაკე, მძერწავი ადამიანი სჭირდება, რათა შუა საუკუნეების ფენები არ დაზიანდეს. გვპირდებიან, რომ ხელოსნები თავს გაართმევენ“, - ამბობს პროექტის ავტორი.

რეაბილიტაციის დროს ე.წ. გახლეჩილ კოშკს ჯერ სპეციალისტები შეისწავლიან, შემდეგ კი გაამაგრებენ. არქეოლოგიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს ე.წ. სტამბულის კოშკსა და ოთხკუთხა კოშკზეც.

დაგეგმილია ნარიყალას შუა საუკუნეების წყლის რეზერვუარის აღდგენაც.

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ გამკვრივებული, აღდგენილი და გაძლიერებული ნარიყალა, ყოველგვარი დანამატებისა და ინტერპრეტაციების გარეშე....“, - ამბობს ტარიელ კიპაროიძე.

ციხე-კომპლექსის პირველი საფუძვლიანი შესწავლა არქეოლოგებმა 1966 წელს დაიწყეს. ტარიელ კიპაროიძე იმ დროს სტუდენტი იყო და არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა. ამ გათხრების დროს აღმოაჩინეს ციხის ტერიტორიაზე მე-13 საუკუნით დათარიღებული რუსთაველის ეპოქის ტაძრის ნანგრევები, რომელიც მოგვიანებით აღადგინა კიდეც.

რესტავრაციის საერთაშორისოდ აღიარებული წესები მხარს ისტორიული ობიექტის კონსერვაციას* უჭერს და ისტორიული ძეგლების ნანგრევებიდან აღდგენას ეწინააღმდეგება. ამ საერთაშორისო მიდგომას იზიარებს ტარიელ კიპაროიძეც, თუმცა ნარიყალას ტაძრის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა:

„არსებობს, ერთი მხრივ, კონსერვაცია საკუთრივ ძეგლის და, მეორე მხრივ, ქალაქმშენებლური კონსერვაცია. ნარიყალას ეკლესიის შემთხვევაში მეორე პრაქტიკით ვიმოქმედე. ნარიყალასა და მეტეხის ტაძრები თბილისში ერთდროულადაა აგებული. მეტეხი დღემდეა შემორჩენილი, ნარიყალას ეკლესია კი მიწის პირას იყო გასწორებული. ტაძარი აღვადგინეთ მხოლოდ იმისთვის, რომ სივრცის მხატვრული მთლიანობა აღგვედგინა”, - ამბობს ტარიელ კიპაროძე, კომპანიის გენერალური დირექტორი.

ასე გამოიყურებოდა ნარიყალას ციხის ტერიტორია არქეოლოგიური გათხრების დაწყებამდე

ასეთი გამონაკლისები ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტში არ არის. პროექტის ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანი ძეგლის განახლება, გამაგრება, ციხის დაზიანებული კედლებისა და ბურჯების ჩამოშლის შეჩერება და კონსერვაცია იქნება.

ყველაზე ბოლოს ნარიყალას რესტავრაცია 2017 წელს ჩაუტარდა. მაშინ ძეგლს მოხსნეს გალავნის კედლისთვის სახიფათოდ მიშენებული სატრაპეზო; ქვაფენილით მოაპირკეთეს გალავნის შესასვლელიდან - წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.

რეაბილიტაცია ციხის ეკლესიაში წირვა-ლოცვას არ შეაფერხებს. სამშენებლო კომპანია „ინსი-ში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეკლესიის წინამძღოლთან შეთანხმებით ციხესიმაგრე მრევლისა და ვიზიტორებისთვის შაბათ-კვირას გაიღება.