ნათლისღება მტკვარზე, ძველ თბილისში

მტკვარს - საქართველოს მთავარ მდინარეს, ქართველთა იორდანესაც უწოდებდნენ. მრავალი ასეული წლის განმავლობაში, ნათლისღებისას, თბილისელები სწორედ მტკვარში ინათლებოდნენ და ამ გარემოებას ვერ აფერხებდა ვერც წყლის ხარისხი, ვერც მტკვრის გაყინვა და ვერც უბედური შემთხვევები.

მდინარე, წყალი მნიშვნელოვანი რამ არის რელიგიურ რიტუალებში. წყალი განბანვისა და განწმენდის სიმბოლოა. იოანე ოქროპირის მიხედვით („იოანეს სახარების განმარტებანი“), თავის წყალში შთაფლვით, როგორც აკლდამაში, ჩვენ მთლიანად ვძირავთ და ვასაფლავებთ ძველ ადამს – იმ წამს, როცა აღვდგებით წყლიდან, იბადება ახალი ადამიანი.

გასაკვირი არ არის, რომ ძველ თბილისში არაერთი საკულტო ნაგებობა იდგა უშუალოდ მტკვრის ნაპირზე. ეს სიახლოვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ნათლისღების დღესასწაულის დროს. ცნობილ ფრანგ მწერალს, ალექსანდრე დიუმას დეტალურად აქვს აღწერილი მტკვარზე ნათლისღების რიტუალი, რომელსაც იგი შეესწრო 1859 წლის იანვარში, თბილისში ყოფნისას:

ალექსანდრე დიუმა

„სიცივის მიუხედავად, მთელი თბილისი ადგილიდან იყო დაძრული, აღმართებიდან ჩამოდიოდა და მტკვრისკენ მიედინებოდა, როგორც ჭრელი ლავა. ქალაქი თავისი მდინარის ორთავ მხარეზე ამფითეატრივით აღმართული, თითქოს იმ დღესასწაულისთვის იყო აგებული, რომელიც ახლა მზადდებოდა. მდინარის მთელი ნაპირი ხალხით იყო სავსე. ყველა სახურავი დახუნძლული იყო ნაირფეროვან ტანისამოსში გამოწყობილი მაყურებლებით. აბრეშუმი, ატლასი, ხავერდი, თეთრი ოქრომკერდით ნაკერი ლეჩაქები ისე ფრიალებდნენ ქარზე, როგორც გაზაფხულის ნიავზე. ყოველი სახლი ყვავილების კალათს ჰგავდა. მხოლოდ მტკვარი უწევდა წინააღმდეგობას ამ გაზაფხულის გაღვიძებას და თავის წყალში ყინულის ლოდებს მოაგორებდა. მიუხედავად ვლადიკავკაზიდან მონაბერი ცივი ქარისა, მიუხედავად 10-12 გრადუსი ყინვისა, რამდენიმე უშიშარი ფანატიკოსი მდინარის ნაპირზე ტანთ იხდიდა, რათა, როგორც კი მიტროპოლიტი ჯვარს წყალში ჩაყოფდა, შიგ გადაშვებულიყო და თავისი ცოდვები ყინულოვან წმინდა წყალში განებანა. ზოგს უნდოდა, თავისი ცხენისთვისაც მიეღებინებინა მონაწილეობა წყალკურთხევაში, ხელში აღვირი ეჭირა და მზად იყო, დანიშნულ დროზე ცხენზე შემჯდარიყო და წყალში შეეცურა. მთელი თბილისის გარნიზონი ქვეითი ჯარითა თუ არტილერიით მდინარის ნაპირზე იყო ჩამწკრივებული საბრძოლო მზადყოფნაში, რათა წყლის კურთხევის მომენტი თოფისა და ზარბაზნის გასროლით აღენიშნა. უცბად სამხედრო მუსიკა გაისმა და ხიდის სიმაღლიდან დავინახეთ, როგორ გაიარა მთელმა პროცესიამ ხიდის ერთ-ერთ მშრალ თაღში. იგი შედგებოდა სასულიერო პირთა და სამხედრო თუ სამოქალაქო ხელისუფალთაგან. ...მუსიკა საღმრთო ჰიმნს უკრავდა. საათმა თორმეტი დაჰკრა. ზარის უკანასკნელ რეკვაზე მიტროპოლიტმა ჯვარი წყალში ჩაჰყო. იმავ წუთში იჭექა არტილერიამ, მას მოჰყვა თოფების გრიალი და ჰაერი შესძრა გაბმულმა ვაშამ! მოცურავენი წყალში გადაეშვნენ, მხედრებმა ცხენები მდინარეში შეაგდეს. წყალი უკვე ნაკურთხი იყო და ვინც შესვლა გაბედა, ყველამ განიბანა ცოდვები“.

1892 წლის 6 იანვარს, წყალკურთხევის დღეს მტკვარზე დატრიალებული ტრაგედია

თბილისურ ნათლისღებაზე მოგვითხრობს კარაპეტ გრიგორიანციც, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის, „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბების“ ავტორი, რომლის გადმოცემით, 1892 წელს, რიტუალის მსვლელობისას, მტკვარზე საზარელი ტრაგედია დატრიალებულა:

„ყოველ წელს ნათლისღების დღეს სომხები ვანქის სობოროს წინ მტკვრის პატარა ტოტზე ფიცრის ხიდს აკეთებდნენ, რომ გადასულიყვნენ დიდ ტოტზედ იორდანესთან. ეს ხიდი კეთდებოდა დროებითი, მხოლოდ ერთი დღისთვის, ამგვარათაც ამ წელს გამართეს, მაგრამ ხალხის საუბედუროდ ამ წელს, ჯერ ერთი, რომ წყალი ძალიან ადიდებული იყო, მეორეთ ისა, რომ ამ ხიდზე 12-არშინიანი პოლის ფიცრები ჩარჩოებზე დაულურსმავი ელაგა. საზარელ სანახავს რომ იტყვიან, სწორედ ეს სანახავი იყო. როდესაც სამღვდელოებამ იორდანეზე წესრიგი გადაიხადა, ეკლესიაში დაბრუნდა, იმ დროს პოლიციამ ეკლესიის მხარეს აღარავინ მიუშვა, გაღმა მხრიდან მისული ყველა ხალხი ხიდზე გაჩერდა. ყალბათ გაკეთებულმა ხიდმა ვეღარ აიტანა ხალხის სიმძიმე, ანაზდათ ჩაიმტვრა და თან ჩაიტანა ღრმა გუბეში მორთულ-მოკაზმული საცოდავი ხალხი. იმ გვარ ამღვრეულ და ადიდებულ წყალში ხალხი ცვივოდა, იმათზედაც თორმეტარშინიანი სქელი მძიმე ფიცრები ცვივოდა. იმხრიდანაც ხალხი ერთმანეთს აწვებოდნენ და ამით უფრო უმატებდნენ წინა მყოფთა უბედურებასა. ბოლოს, მართალია, ცეცხლის მქრობი რაზმი დაიბარეს, მაგრამ იმათ მკვდრების მეტი ერთი ცოცხალი არ ამოუყვანიათ. მეტის მეტი სამწუხარო და გულსაკლავი სანახავი იყო ეს საქმე“.

კარაპეტ გრიგორიანცის წიგნი "ძველი თბილისის იშვიათი ამბები"

ამ ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს აღწერს ნიკო კვეზერელი-კოპაძე 1961 წელს გამოცემულ „თბილისის ხიდებში“:

„იმ დროს, როცა მუხრანის ხიდი არ არსებობდა, ყოველწლიურად 6 იანვარს, წყალკურთხევის დღესასწაულის ცერემონიის შესასრულებლად ვანქის ტაძრის გალავნიდან ე. წ. მადათოვის კუნძულამდე შენდებოდა 21 მეტრი სიგრძის დროებითი ხის ხიდი. მდინარის მთავარ კალაპოტამდე აწყობდნენ აგრეთვე ფარდულს, საიდანაც ჯვარს უშვებდნენ ხოლმე წყალში. 1892 წლის 6 იანვარს, როდესაც სომეხთა სამღვდელოებამ შეასრულა წყალკურთხევის წესი და უკან ბრუნდებოდა ვანქის ტაძრისკენ, ხალხის გადამეტებული სიმძიმით უეცრად ჩატყდა ხიდი 8-9 მეტრის სიგრძეზე და 500-მდე კაცი, ქალი და ბავშვი ჩაცვივდა წყალში. იმ ადგილას, ტაძრის გალავნის კედლის ძირში მტკვრის მცირე ტოტის სიღრმე აღწევდა 6,5 მეტრს. აამუშავეს 9 მაშველი ნავი და შეუდგნენ ხალხის გადარჩენას. მიუხედავად მიღებული ზომებისა, 50 კაცამდე მაინც დაიღუპა და ბევრიც დასახიჩრდა. 3-4 დღის განმავლობაში გვამებს, მეტადრე ბავშვებს, პოულობდნენ მდინარის შლამში. დასახიჩრდა აგრეთვე რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც წესრიგს ამყარებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დროებითი ხიდის სიგანე ყოფილა დაახლოებით 5,5 მეტრი, უმოაჯირო ხიდის საფენი ფიცრები ულურსმოდ ყოფილა დაწყობილი კოფოებზე. კატასტროფის ადგილზე აღმოჩნდა თხელი, ნახმარი ფიცრები“.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისში ასევე გამოვიდა ა. უხადვერდოვის ლექსების წიგნი „ვანქის ფიცრის ხიდი“ (თბილისი, 1892 წ ), რომლის მიხედვითაც, მტკვარში ჩავარდნილა 269 ადამიანი.

იოსებ გრიშაშვილის თქმით, „იორდანეს ხიდის“ ჩატეხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა მეთევზე-ყარაჩოღელები.

მტკვარი ძველ თბილისში

„...მდინარე მტკვარში 300-ზე მეტი კაცი ჩაცვივდა, ამ დროს თბილელი მეთევზე ყარაჩოღელები ვაჟკაცურად გადაეშველნენ დასაღუპად განწირულთ და მრავალი მათგანი გადაარჩინეს სიკვდილს“ (ი. გრიშაშვილი, „საიათნოვა“).

გადმოცემით ცნობილია, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა (ბევრად ნაკლები მსხვერპლით) ადრე, 1882 წელსაც მომხდარა, მაგრამ ამის გამო მომდევნო წლებში მტკვარზე გამართულ ნათლისღების რიტუალს ხალხი არ მოჰკლებია. მტკვარში „შთაფლვის“ მსურველებს ვერც მტკვრის გაყინვა აჩერებდა.

დიახ, მართალია იშვიათად, მაგრამ მტკვარი იყინებოდა ხოლმე. ცნობილი ფაქტია, რომ 1894 წლის იანვარში მდინარე დაფარულა 26-37 სმ სისქის ყინულით და მასზე, თურმე, თავისუფლად მოძრაობდა ოთხთვალა საზიდრები. გაზეთი „ივერია“ გულისტკივილით იუწყებოდა, მტკვრის გაყინვის გამო წისქვილების მუშაობა შეწყდაო. მძიმე მდგომარეობა შექმნილიყო ქალაქის წყალმომარაგებაშიც – ავჭალიდან „მილის წყალიც“ აღარ მოდიოდა. „თულუხჩები ერთ თულუხ წყალში სამ-ოთხ შაურს ითხოვდნენ. მედუქნეებსაც აეწიათ ფასი – ვედრო წყალი ხუთი-ექვსი კაპიკი ღირდა“.

რიყე

ცხადია, მდინარის გაყინულ ზედაპირს ამტვრევდნენ და ისე შედიოდნენ თბილისელები როგორც განსაბანად, ასევე მოსანათლად.

გაყინული მტკვარი თბილისის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროც იყო. სანამ ტექნიკური პროგრესი ყინულის ხელოვნურად მიღების საშუალებას გააჩენდა, თბილისელები გაყინულ ტბებსა და მდინარეებზე, მათ შორის მტკვარზე მოპოვებულ ყინულს ზაფხულის ცხელი დღეებისთვის იმარაგებდნენ.

ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალიდან“ ირკვევა, რომ საქართველოში კარგად ყოფილა განვითარებული ყინულის მოპოვებისა და ხანგრძლივი შენახვის ტექნოლოგია. ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლში ვკითხულობთ: „სძეთ... თოვლის ზიდვა“ და კიდევ: „ჯარიმა ნაცუალმა უნდა აიღოს და ბატონის ქარხანაში მიაბაროს: ყინულის თეთრი, როგორც სამეფოსა სძესო“.

თბილისში ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო საყინულეები (ერთი ასეთი საყინულე წლების წინ დაინგრა მშენებლობის გამო წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის გასწვრივ).

თოვლ-ყინულს დიდი მოთხოვნილება ჰქონდა თბილისის დუქან-ბაზრებში, რითაც აციებდნენ ღვინოებს, ხორცეულს, თევზეულს და სხვადასხვა საჭმელ-სანოვაგეს.

არსებობდა ყინულის შესანახი საცავების ოთხი ტიპი: 1. ორმო-თხრილები, 2. „კლდენაკვეთები“, 3. საყინულე სარდაფები, 4. ჩავარდნილი ადგილები, ყინულს კი ადგილებში მოიპოვებდნენ შემდეგ: „ლისის ტბა“, „დიდვარცლის ტბა“, „მლაშე ტბები“, „დიდგორ-წინის ტბა“, „შიოს ტბები“, „მუხათგვერდის ტბა“, „ჭაჭაურები“, „ძეგვის ტბა“, „ჩახერგილის ტბა“ და, ცხადია, მდინარეებში.

საცავებს, რომლებშიც ყინული ინახებოდა, როგორც წესი, მაისში ან ივლისში გახსნიდნენ ხოლმე. ასე რომ, ნათლისღებაზე მოპოვებული ყინული, ხშირად, გვიან შემოდგომამდეც ინახებოდა.

*შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში ალექსანდრე დიუმას მიერ მტკვარზე ნათლისღების რიტუალის აღწერის თარიღად შეცდომით იყო მითითებული 1879 წლის იანვარი.