13 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდაჭერის კამპანიაში ჩაერთვნენ ონლაინ-გამოცემები და 10:00 საათიდან თავიანთი ვებსაიტების ე.წ. გამხსნელი ფოტოები აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი ფოტოთი შეცვალეს. ცოტა ხნის წინ სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ეთერების თითო წუთი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერ წარწერას დაუთმეს სატელევიზიო კომპანიებმა.
კამპანიის ინიციატორია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომლის კოორდინატორი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე სოლიდარობის ამგვარ გამოხატვას ძალიან მნიშვნელოვნად თვლის. ის 11 მაისს თავის "ფეისბუკის" გვერდზე წერდა:
“რაც აჭარის ტელევიზიაში და რადიოში მოხდა/ხდება, ქართულ მედიის ისტორიას არ ახსოვს.
ეს ამბავი უფრო მეტია, ვიდრე ტელეიმედის დარბევა, ვიდრე რუსთავი 2-ის სასამართლო დავა ან სხვა დანაშაულები, რაც ჩვენ ვიცით, გამოგვიძიებია, გამოვხმაურებივართ.. ან არ ვიცით, რადგან ბევრი დარღვევა ჩუმად და შანტაჟით ხდებოდა.
ეს ამბავი გადასახადის გადამხდელების თანხას, პოლიტიკურ ინტერესებს და დამოუკიდებელი მექანიზმის მუშაობას შეეხება.
დღეს აჭარის ტელევიზიიდან ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი Malkhaz Rekhviashvili გაათავისუფლეს.
მანამდე დაამცირეს, დევნეს, ჩამოშალეს ადამიანები, მათი ნამუშევარი.
ზოგს წასვლა აიძულეს, ზოგი დააქვეითეს, ზოგიერთი დააწინაურეს და ამით გააფუჭეს, სხვებთან შიშის დათესვას ეცდებიან. „თუნდაც ის, რომ დღეს ამდენი ადამიანი სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიას და რადიოს როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს და მას გულშემატკივრობს არა როგორც კონკურენტს, არამედ როგორც იდეის მატარებელს, ვფიქრობ, ეს შემთხვევა არის განსხვავებული სხვა დანარჩენისგან. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც მედიას შეეხებოდა, დარჩა ჩვენი ყურადღების მიღმა, რამაც ხელი შეუშალა მედიაგარემოს განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, თუმცა შემთხვევა, როცა ადამიანები გაერთიანდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გარშემო (გასულ კვირაში ტელემაუწყებლებმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა შეწყვიტეს მაუწყებლობა და დააუთმეს თავიანთი ეთერის ერთი წუთი სოლიდარობას აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ), ვფიქრობ ეს არის ძალიან გაანსხვვავებული მოცემულობა. ვაფასებთ თანაგრძნობას ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების მხრიდან. ისინი ძალიან კარგად ხედავენ რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და კარგად იციან ცენზურის და თვითცენზურის სუნი”.
13 მაისს რადიო თავისუფლების ეთერში ნათია კაპანაძემ განაცხადა:
„საზოგადოებრივი მაუწყებლები თავიანთი როლით მედიაგარემოში განსაკუთრებულები არასდროს ყოფილან, არ მოუხდენიათ განსაკუთრებული გავლენა საზოგადოების განვითარების პროცესზე.
აჭარის მაუწყებელმა სულ რამდენიმე წლის წინ მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი, მანამდე საქვეუწყებო დაწესებულება იყო.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს აღქმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია დღის წესრიგში დააყენოს საზოგადოებისთვის საჭირო საკითხები. აჭარის შემთხვევაში ის ოდნავ მაინც შეეცადა შეესრულებინა თავისი ფუნქცია და ადამიანები, რომლებსაც დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ, ამ ფუნქციის მიმართ არიან განსაკუთრებით სენსიტიურები. ვფიქრობ ეს ჯაჭვი არ უნდა შეწყდეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი უნდა შეასრულონ ორგანიზაციებმა, რომლებსაც მე, თქვენ და ჩვენი მსმენელები აფინანსებენ“.
ნათია კაპანაძე დღეს მედიაკოალიციის სახელით მადლობას უცხადებს ყველა მედიამენეჯერს, რომლის ორგანიზაციაც სოლიდარობის კამპანიაში ჩაერთო:
„აჭარის მაუწყებელში ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა ჩვეულ რიტმში, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ლაპარაკია იმაზე, რომ ხდება ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია. უკვე ათი შემთხვევაა, როცა ადამიანებს რიგ შემთხვევაში დაატოვებინეს სამუშაო ადგილები და ეს ხდებოდა კონკრეტული შერჩევით, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ.
...ვფიქრობ, მხარდაჭერის ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული ჟურნალისტის განცდა, რომელ მედიასაშუალებაშიც უნდა იყოს, არის დაფიქსირება იმის, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ“.
რაც შეეხება ამბავს, რომელიც ნათია კაპანაძის ერთი წლის წინანდელ იმპიჩმენტს ეხება და სასამართლოში გრძელდება:
„ვფიქრობ, ის დადგმული ფარსი, რომელიც შედგა 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის სახით, იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და დროში კარგად გაწერილი შემთხვვევა, რაც მოგვიანებით თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლომ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებბების ინსტრუმენტი, ხელიც კი არ მოკიდა საქმეს, რომელიც არის წარდგენილი და რომელიც თავისი მნიშვნელობით და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით არის ერთ-ერთი განსაკუთრებული შრომითი დავა. აქ საქმე არ ეხება ერთი პირის კონკრეტული პოზიციიდან გათავისუფლებას. მე ჩემს სარჩელში ძალიან ხაზგასმით ვსაუბრობ იმ ხელშეშლებზე, იმ გამოუკვლეველ და აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებულ სქემაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმპიჩმენტის დროს.
თუნდაც ის ფაქტი, როცა გასაჩივრდა კონკურსის შეჩერების ნაწილი, მოსამართლემ მითხრა, რომ არანაირი პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა მქონოდა და შემეძლო კონკურსში მონაწილეობა, იგივე ადამიანებთან, რომლებიც ფაქტობრივად მარიონეტებს წარმოადგენდნენ გადაწყვეტილების მიღებისა და ხელმოწერის პროცესში, იგივე ადამიანებთან მივსულიყავი და მესაუბრა იმაზე, თუ რას ვფიქრობ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე, რატომ ვმონაწილეობდი კანონის შექმნის პროცესში, რატომ ვმონაწილეობდი სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში და საერთოდ, რაში მდგომარეობდა ჩემი, როგორც ადვოკატის როლი მედიის განვითარებაში.
ვფიქრობ, იგნორირება სასამართლოს მხრიდან, იგნორირება გადაწყვეტილების მიმღების მხრიდან, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც დაგეგმილი იყო აჭარის მაუწყებლის მნიშვნელობის გასაფერმკრთალებლად. ვფიქრობ, რომ სასამართლო დავების პროცესში როგორც ჩემს შემთხვევაში, დანარჩენ ადამიანებთან დაკავშირებითაც, იქნება მცდელობა, რომ გააჭიანურდეს, შედეგი არ დადგეს და ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენა არის შესაძლებელი. ვფიქრობ, ესეც არის ერთგვარი პოლიტიკური პროცესი, თუმცა სხვებსაც და საკუთარ თავსაც ვეტყოდი, რომ სამართლიანობა და სამართლიანობისთვის ბრძოლა არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ის გულისხმობს ჩვენი მხრიდან სუფთა დამოკიდებულებას, გამძლეობას და რა თქმა უნდა, იმის დამტკიცებას, რომ თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება არის მთავარი სიკეთე, რომლის შენარჩუნებაც ჩვენ ერთად შეგვიძლია“.
Your browser doesn’t support HTML5