დილის 10 საათია, გლდანის მეტროს ამოსასვლელთან, მრგვალ მოედანზე გარემოვაჭრეები დახლებზე ნივთებს ალაგებენ, ნაწილს პროდუქტები უკვე გაშლილი აქვს. ნახევარ საათში მათთან შესახვედრად ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი უნდა მოვიდეს, ამომრჩეველთან „დაუგეგმავი შეხვედრა“ აქვს დაგეგმილი.
დაუგეგმავი იმიტომ, რომ აქ პოლიტიკოსის მოსვლის შესახებ ჩემს მეტი ჯერ არავინ იცის.
„მართლა შალვა ნათელაშვილი უნდა მოვიდეს, შვილო? როგორ მიყვარს ეგ კაცი, ფოტოს გადავიღებ“, - ჩემგან იგებს პოლიტიკოსის მისვლის შესახებ ამბავს ერთ-ერთი გარემოვაჭრე და თან მთხოვს, ვიდეოში არ გამოვაჩინო. მეშინია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ მნახოსო.
შალვა ნათელაშვილს დათქმულ ადგილზე ერთი საათი ველოდე, რომ არ მოვიდა, კიდევ ნახევარი ვეძებე და ბოლოს გლდანის აგრარულ ბაზარში მივაგენი, მოვაჭრეებით გარშემორტყმულს.
გლდანში ორი ბაზარია - ტანსაცმლის და პროდუქტების. ორივე ახმეტელის მეტროს სიახლოვეს. გლდანის ბაზარი თბილისში შედარებით სიიაფითაა ცნობილი.
„შალვა ნათელაშვილი აქ წლებია დადის“, - წამოიძახებს წითელ კაბასა და სტაფილოსფერ ქუდში გამოწყობილი შუახნის ქალი, დახლიდან დგება, პოლიტიკოსთან მიდის და ნაცნობივით ესალმება.
შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია 1995 წლიდან. ამ დროს საქართველოს სულ რამდენიმე წელია რაც დამოუკიდებლობა აქვს მოპოვებული, ქვეყანა კი დრამატული ტრანსფორმაციის გზაზეა. პროფესიით იურისტია, პოლიტიკაში წასვლამდე მთაწმინდის რაიონის პროკურორი იყო. 1995-1999 წლებში დუშეთის მაჟორიტარი იყო პარლამენტში. 2002 წელს კი საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. ეს ორი მოვლენა მიიჩნევა ამ პარტიის ყველაზე დიდ პოლიტიკურ წარმატებად.
ისტორიულად ლეიბორისტული პარტიის დაპირებები უკავშირდება უფასო ჯანმრთელობის დაცვას, უფასო განათლებას და უფასო სოციალურ მომსახურებას, კომუნალური გადასახადების შემცირებასა და სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილი მოსამსახურეების სოციალური დაცვის საკითხებს.
„ხვავი და ბარაქა“, „წარმატებები“, „მომიკითხეთ ოჯახი“, „სახლში ხომ ხართ კარგად?“, „სად დაიკარგა იულონი?“, „გამარჯვება ჩვენი“, - ამ მისალმება-შეძახილებით ჩამოიარა შალვა ნათელაშვილმა გლდანის ბაზრის ყველა რიგი, სწრაფად ჩამოართვა ხელი ნაცნობებსა თუ უცნობებს.
არავითარი დაპირება, ხალხი დაღალა დაპირებებმა. ახლა არის საქმის გაკეთების დრო, მე თვითონ მეზიზღება ჩემი თავი, ვინმეს რამეს რომ ვპირდები.
„ასეთ დროს დიდი ხანი ხალხთან ვერ შეჩერდები“, - მეუბნება ნათელაშვილი და ამატებს: „ძირითადად ვესალმები და გამარჯვებას ვუსურვებ ხოლმე, თვითონ თუ არ დასვამენ კითხვას და პოლიტიკურ თემატიკას არ წამოწევენ, მე თავად ხმას არ ვიღებ. არავითარი დაპირება, ხალხი დაღალა დაპირებებმა. ახლა არის საქმის გაკეთების დრო, მე თვითონ მეზიზღება ჩემი თავი, ვინმეს რამეს რომ ვპირდები, აი, სადამდე მიგვიყვანეს“.
საუბარს რამდენჯერმე გვაწყვეტინებენ - ზოგი ცდილობს, პოლიტიკოსს თავი შეახსენოს, გვარით, ოჯახის წევრებით, საქმით, ზოგს შალვა ნათელაშვილის ახლოდან გაცნობა სურს და სამახსოვრო ფოტოსაც იღებს.
ახლაც შალვა ნათელაშვილს ყველაზე ხშირად იმას ეკითხებიან, 22 წლის წინ რატომ დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. იგივე იკითხა მარინა მაჭარაშვილმაც.
2002 წლის 2 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქების მერები პირდაპირი კენჭისყრით აირჩიეს. მაშინ თბილისის საკრებულოში ყველაზე მეტი - 16 ადგილი - ლეიბორისტებმა მოიპოვეს. ეს შედეგი დღემდე პარტიის ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევაა. შალვა ნათელაშვილი სააკაშვილთან დაპირისპირებულ პოლიტიკოსად ითვლებოდა, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი სააკაშვილის დაუჭირა.
„სჯობს მას მხარი დავუჭიროთ, რომ შემდეგ არ თქვან, სააკაშვილს თბილისისა და საქართველოს გადარჩენა შეეძლო და თქვენ [ლეიბორისტებმა] შანსი არ მიეცითო“, - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება მაშინ შალვა ნათელაშვილმა, თავად საკრებულოს თავმჯდომარეობა არ სურდა. თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა.
ნათელაშვილი მაშინაც სააკაშვილთან დაპირისპირებულ პოლიტიკოსად ითვლებოდა და ახლაც ასეა. ურთიერთობა ორ პოლიტიკოსს შორის 2007 წლიდან განსაკუთრებით დაიძაბა, მაშინ როცა ლეიბორისტული პარტია ცხრა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიციის წევრი გახდა და მათთან ერთად მართავდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათელაშვილს შპიონაჟისა და მთავრობის დამხობის მოწყობის მცდელობის ბრალდებები წაუყენეს. თუმცა გადადგომამდე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ნათელაშვილს არ დააპატიმრებდნენ, ამის შემდეგ ნათელაშვილი კოალიციას გამოეთიშა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო.
მაბრალებენ, ღმერთი, რჯული, არაფერი დამითმია [სააკაშვილისთვის], არავინ გამრიგებია
„მაბრალებენ, ღმერთი, რჯული, არაფერი დამითმია [სააკაშვილისთვის], არავინ გამრიგებია“, - ნახევრად ხუმრობით პასუხობს თამარს შალვა ნათელაშვილი და როგორც კი დახლთან მდგომი სხვა ქალი გასძახებს - „ეს გველეშაპი მოგვაშორეთ!“, - ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე გადადის.
„2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტნიორებს ვუთხარი, ივანიშვილს სანქცირების გარეშე ვერ მოიცილებთ-მეთქი, მაშინ გიჟად ჩამთვალეს, ახლა ნახეთ რა ხდება, მე უფრო კულტურულად ვსაუბრობ ივანიშვილზე, ვიდრე ისინი“, - ეუბნება ამომრჩეველს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.
ის დახლებთან რამდენიმე წამით ჩერდება, ძირითადად წარსულს იხსენებს და თუ სიტყვამ მოიტანა, ერთი-ორს ლეიბორისტულ პარტიაზეც ამბობს.
„საიდან ხართ, დმანისიდან? მაგარი კულტურული ძეგლია დმანისი, მაგრამ ამ ოქროს ძებნაში თავდაყირა დააყენეს. ისევ ეძებენ ოქროს და რაღაცეებს? მე ჩამოვედი [მანდ] რამდენჯერმე, აქციაც კი ჩავატარე, ტყეში მოჭრილი ხეები ჩვენ ვიპოვეთ“, - ეუბნება ნათელვაშვილი დმანისელ ყასაბს, რომელიც პოლიტიკოსის ჩამოსართმევად გაწვდილი ხელის გაწმენდას ვერ ასწრებს.
ბაზარში სიარული ხალხის ტკივილების გასაგებად მინდაო.
„ამისთვის არ ვამზადებთ არანაირ წინასწარ შეხვედრებს ტაშის დამკვრელებით, ფორმით, ავტობუსებით და პირდაპირ მივდივართ ხალხში, სხვა ყველა ფორმატი არის ხალხის მოტყუება“, - ამბობს და ხანში შესულ ქალთან ჩერდება. მას დახლზე რამდენიმე კილო ყურძენი უდევს, მუხრანიდანაა ჩამოსული. ის პოლიტიკოსს ხმადაბლა, ისე, რომ ყურადღება არ მიიქციოს, ეუბნება, რომ მუხრანში „წყალი არ აქვთ“ და დახმარებას სთხოვს.
„ხელისუფლება არ გიკეთებთ?! ან მუხრანელი ოლიგარქები რას შვებიან?! ჩამოვალ მუხრანში და დეტალურად ვილაპარაკოთ“, - ხმამაღლა პასუხობს ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილი მარტო არაა, მასთან ერთად არიან პარტიის სხვა წევრებიც, მათ შორის გიორგი გუგავა. ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ამომრჩეველს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, საერთო პრობლემები აქვს. ესენია: უმუშევრობა, მაღალი ფასები და უხარისხო განდაცვა. პოლიტიკოსს არცერთი საარჩევნო დაპირება არ წამოსცდენია.
ჩვენი სათქმელია, რომ არსებული ოლიგარქიული სისტემა ევროპული სოციალიზმით უნდა ჩანაცვლდეს და ის სიმდიდრე, რაც ქვეყანას გააჩნია, უნდა გადანაწილდეს თანაბრად
„ჩვენი სათქმელია, რომ არსებული ოლიგარქიული სისტემა ევროპული სოციალიზმით უნდა ჩანაცვლდეს და ის სიმდიდრე, რაც ქვეყანას გააჩნია, უნდა გადანაწილდეს თანაბრად“, - მეუბნება გიორგი გუგავა.
ლეიბორისტული პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბევრჯერ თქვა საჯაროდ, რომ კოალიციაში არავისთან გაერთიანებას არ აპირებს. ყველაზე ბოლოს, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2024 წლის 13 სექტემბერს ედისონ რისერჩმა გამოაქვეყნა. ამ კვლევის მიხედვით, ლეიბორისტული პარტია ბარიერს ლახავს - მას მხარს ამომრჩეველთა 5,1% უჭერს.
შალვა ნათელაშვილსა და ლეიბორისტული პარტიის წევრ პოლიტიკოსებს ხელს ყველა კეთილგანწყობით ართმევს და მეტიც - ენთუზიაზმით ერთვებიან მათთან დიალოგში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა საარჩევნო ყუთთანაც დარჩება.
აფხაზეთიდან დევნილი მარინა მაჭარაშვილი, რომელიც გლდანის ბაზარში ხილს ყიდის და სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს, მეუბნება:
„საერთოდ შალვა როცა მოდიოდა, სულ სიმართლეს ლაპარაკობდა, მისი იმედი მქონდა, მაგრამ განზე გადგა, რატომ არ ვიცი, თუმცა, ვინ დაუთმობდა გზას?“.
„ახლა დადიხართ, ახლა მოგინდათ, ხო? ახლა გაგახსენდით“, - ეს ფრაზებიც რამდენჯერმე მიადევნეს პოლიტიკოსს. შალვა ნათელაშვილის ხალხთან საუბარს თვალს ადევნებდა კახა დვალიშვილიც, მეუბნება, რომ „ქართული ოცნების ამომრჩეველია.
„მაინტერესებდა, ამერიკაში რომ სახლი იყიდა, საიდან იყიდა? არ მიკითხავს, ხალხი იყო და ვერ მივედი, არ გავუფუჭე საარჩევნო პროცესი და ამიტომ არ მივედი. იციან ხანდახან მოსვლა შიგდაშიგ. არჩევნების წინ ყურადღება გვაქვს. ყველა თავის თავიზა ზრუნავს და არც ერთი ზრუნავს ხალხიზა და მომავლიზა“, - ამბობს კახა, რომლის პოლიტიკურ არჩევანსაც არ ეთანხმებიან, ხშირად ეკამათებიან მის წინ მსხდომი აფხაზეთიდან დევნილი ქალები.
„ვინმე ისეთი უნდა გამოჩნდეს, რომ ამ საცოდავ ხალხს მოგვკიდოს ხელი და ამოგვიყვანოს, სულ აქ ხო არ ვიჯდებით? პენსია წამლებში არ გვყოფნის, ბატონი შალვა სულ ლაპარაკობს. მაგრამ არ უჯერებენ“, - ამბობს მარინა.
ფეისბუკგვერდმა სახელწოდებით „ლიდერი 41“ 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „შალვა ნათელაშვილის სახლი ამერიკაში. (ბრუკლინში)“. ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, პოლიტიკოსს ჟურნალისტებმაც ჰკითხეს სახლის შესახებ, რაზეც ნათელაშვილი ამბობს ტყუილიაო. ფეისბუკგვერდი „ლიდერი 41“, ISFED-ის ანგარიშების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„ამგენს ["ქართული ოცნება" - რ.თ.] ჯიბე მაინც აქვს გასქელებული და კიდე სხვა გინდათ, რომ მოვიდეს?“ - ამბობს 75 წლის ნაზი, რომელიც მის წინ დაწყობილ სიმინდის ტაროებს არჩევს, აბაშიდან მოაქვს და გლდანის ბაზარში ყიდის. მეუბნება - ქმარი და შვილი დამეღუპა და შვილიშვილებს მე ვეხმარებიო:
„[ჩემმა შვილიშვილებმა] ისწავლეს, უმაღლესი დაამთავრეს, მაგრამ სამსახური მაინც არ აქვთ, დაიღალნენ, აქაც იდგნენ, არ ეთაკილებათ პროდუქტის გაყიდვა, მინდა რამით დავეხმარო“.
როცა ვეკითხები, ყველაზე მეტად მთავრობისგან რას ელოდება, მპასუხობს - პენსია მინდა გაიზარდოს და გადასახადი შემცირდესო.
შალვა ნათელაშვილმა გლდანის ბაზარში ამომრჩევლებთან შეხვედრა ერთ საათში დაასრულა. არჩევნებამდე თბილისში სხვა ბაზრობებისა და ბაზრების მოვლასაც გეგმავს. ის ამომრჩეველს ყველაზე ხშირად სწორედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდება, უკვე იყო იმერეთში, გურიაში, აჭარაში და კიდევ მოასწრებს რამდენიმე რეგიონში ჩასვლას.
„ახლა მთავარია, ჩვენ მოვიაროთ თავშეყრის ადგილები, სადაც ნამდვილ ხალხს შევხვდებით, ვინც ქვეყნის ისტორიას წერს. ყველაზე ხშირად ეს ხალხი მე მეუბნება, რომ თუ რამე არ შეიცვალა, ქვეყანას დატოვებენ“, - მეუბნება ნათელაშვილი.
ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო მანდატი ორჯერ მოიპოვა - 2008 და 2020 წლებში, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში არცერთხელ არ შევიდა. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მას სადეპუტატო უფლებამოსილება სხდომების არასაპატიო მიზეზებით გაცდენის გამო შეუწყვიტა.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დროს. ამ დროს დაკავებულია ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი პარტიებთან ერთად კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე მსჯელობს.
შემდეგ რეპორტაჟში მოგიყვებით, როგორ შეხვდნენ თელავში ამომრჩევლებს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია, მათი პარტიები საარჩევნოდ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ქვეშ გაერთიანდნენ.