"ისინი ეცდებიან უზენაეს სასამართლოშიც გაიმყარონ გავლენები"

საქართველოს უკვე მეხუთე თვეა არ ჰყავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, სასამართლო არასრული შემადგენლობით ფუნქციონირებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს "უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე". დღეს მესამე ინსტანციის სასამართლოში 11 მოსამართლე მუშაობს, რომელთაგან ერთს მიმდინარე საქმეების დასასრულებლად გაუგრძელდა ვადა. ანუ, დღის წესრიგშია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის შერჩევა. კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს და თითოეული უვადოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს პარლამენტმა. სასამართლოს წევრებისგან ირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი უყრის კენჭს. 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის რედაქციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს სხდომას მიმართა ინიციატივით - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა მოხდეს ღია კონკურსის წესით და პროცესში ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება. ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება პროცესის გამჭვირვალება. მისი ეს იდეა მიუღებელია საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს აგრეთვე ზოგადად საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართ მოსამართლე წევრების დამოკიდებულებაზე, რაც სასამართლო სისტემის შიდა მოხმარების ქსელის - ინტრანეტის სივრცეშიც ძალიან მწვავედ აისახება და ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ხშირად ბულინგის მსხვერპლი ხდებიან: "ინტრანეტში იდება ჩვენი ფოტოები, ერთად დამონტაჟებული. იდება ჩვენი ტექსტები და კლანის რომელიმე წევრის მოწოდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ვასილ მშვენიერაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოუწოდებს მოსამართლეებს: აბა, მოსამართლეებო, გამოთქვით თქვენი აზრი ამ ქალბატონების შესახებ და მერე მიდის ბულინგი", - ბოლო ასეთი შემთხვევა, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ იყო.

Your browser doesn’t support HTML5

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაზე