ნადირობა ბერიას პატარა მხარდამჭერებზე

1953 წლის 26 ივნისს ძლევამოსილი საბჭოთა მმართველი ლავრენტი ბერია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა - ის დააპატიმრეს, ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხალხს კი გამოუცხადეს, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი იჯდაო. მაგრამ სსრკ-ის ყველა მოქალაქე როდი ახერხებდა პარტიის კურსისთვის თვალი ედევნებინა.

სტატიაში მოთხრობილი ამბავი შესაძლოა ისტორიულ ანეკდოტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ნამდვილად მოხდა და ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ უშიშროების არქივმა შემოინახა.

ეს ხომ ბერიაა!

იმ წლებში რევოლუციის წლისთავი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ყველა ქალაქსა და დაბაში დემონსტრაციას ატარებდნენ. მშრომელთა რიგების მოწყობა ალიონიდან იწყებოდა ხოლმე.

ასე დაიწყო 1953 წლის 7 ნოემბერიც უკრაინის პატარა ქალაქ გვოზდეცში, რომელიც სტანისლავსკის (დღევანდელი ივანო-ფრანკოვსკის) რაიონში მდებარეობს.

მთავარ მოედანზე ერთ-ერთი პირველები უმცროსკლასელები მივიდნენ. ისინი მეზობელი დაბა ხომიაკოვკიდან იყვნენ. მათ სკოლის ხელმძღვანელი, მასწავლებლები და სოფლის საბჭოს წარმომადგენელი ახლდნენ. ჩვეულებისამებრ, ბავშვებს ხელში ტრანსპარანტები, ლოზუნგები და საბჭოთა ლიდერების პორტრეტები ეჭირათ: სტალინის, ლენინის, მალენკოვის, ხრუშჩოვის...

ზეიმის მოლოდინში სკოლის დელეგაცია მოწყენილი იდგა. მოულოდნელად სკოლის დირექტორ ალექსანდრ სკოჩენკოსთან რკინიგზელების კოლონიდან ვიღაც ქალმა მიირბინა.

- ეს რა მოიტანეთ, ვერ ხედავთ? - აქ ქალი ჩურჩულზე გადავიდა, - ეს ბერიაა!

სკოჩენკომ გაიხედა და ფერი დაკარგა. ერთ-ერთ მოსწავლეს, მართლაც, „ხალხის მტრისა“ და „ბრიტანელი ჯაშუშის“, ლავრენტი ბერიას, პორტრეტი ეჭირა.

სკოლის მმართველი ბავშვს მივარდა, პორტრეტი ხელიდან გამოჰგლიჯა და დახია. მოსწავლეებმა ვერაფერი გაიგეს. აუხსნეს თუ არა მათ პედაგოგებმა, რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით.

იმ დღეს სკოჩენკოსა და მისი ქვეშევრდომების განწყობა საზეიმო სულაც არ გახლდათ. სკოლის მმართველმა პორტრეტის ნაკუწები თან წამოიღო და დაწვა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი იოლად ჩაივლიდა.

არ ჩაიარა.

მეხსიერებიდან ამოშლა

მას შემდეგ, რაც 1953 წლის მარტში სტალინი გარდაიცვალა, ლავრენტი ბერიას ძალაუფლება თითქოს კიდევ უფრო გაიზარდა. ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა. ბერიამ მოახერხა შეეკრიბა და თავის დაქვემდებარებაში მოექცია ძალოვანი სტრუქტურები - შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ მილიცია, უშიშროება და ჩეკისტები.

სტალინის დაკრძალვა

მაგრამ ბერიას ტრიუმფი დიდხანს არ გაგრძელებულა. ნიკიტა ხრუშჩოვსა და მის მომხრეებთან ბრძოლა მან ჯერ კიდევ ივნისში წააგო. ძლევამოსილი ლიდერი ყველა პოსტიდან გაათავისუფლეს და „შეთქმულების მოწყობისა და ჯაშუშობისთვის“ დააკავეს. იგივე ბედი ეწიათ მასთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც საბჭოთა პრესამ „ბერიას ბანდად“ მონათლა.

ოფიციალური ვერსიით, იმ წლის 7 ნოემბერს ბერია სასამართლოს მოლოდინში შეხვდა. მას დეკემბერში, განაჩენის გამოტანისთანავე, დახვრეტენ. არის ალტერნატიული ჰიპოთეზაც: ამბობენ, რომ ის დაპატიმრებისას მოკლეს, სასამართლო კი მხოლოდ იმიტაცია იყო.

მინისტრის დამხობას მასობრივი საინფორმაციო კამპანია ახლდა. გაზეთებსა და რადიოში ჰყვებოდნენ დაკავებულის „დანაშაულებრივი ჩანაფიქრის გამოაშკარავების“ შესახებ.

სწრაფი ტემპით იცილებდნენ თავიდან ყველაფერს, რაც „ხალხის მტერთან“ იყო დაკავშირებული. სოფლებს, აულებს, რაიონებს, ქუჩებს, კოლექტივებს, რომლებიც მის სახელს ატარებდნენ, სასწრაფოდ სახელები შეუცვალეს. შეცვალეს შენობებზე გამოკრული ბერიას გამოსახულებები - მათ შორის ჯგუფური პორტრეტებიც.

„დებერიიზაცია“ ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ოფიციალური განცხადება გავრცელდებოდა. ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები სახელმწიფო ორგანიზაციებში შედიოდნენ და მიზეზის აუხსნელად პორტრეტების ჩამოხსნას ითხოვდნენ.

ბერიას ბიძაშვილმა, მართამ, იმის შიშით, რომ დაიჭერდნენ, ბიძაშვილის სურათი თავად დაწვა, შემდეგ ფერფლი წყალში გახსნა, ხოლო ჩარჩო და შუშა ღამე ჩაფლა ტყეში. ამის შესახებ მოგვიანებით მეზობლები ჰყვებოდნენ.

„ტილოზე ზეთით შესრულებული ნახატებისა და დიაფილმების გამოყენება აკრძალულია მათ შესწორებამდე“, - იტყობინებოდა შსს-ს სპეციალური ცირკულარი.

მსგავსი შესწორების ერთ-ერთი მაგალითი რუსეთის თანამედროვე ისტორიის მუზეუმში ინახება. ეს ჩაის სერვისია, რომელიც სტალინგრადის ბრძოლას მიეძღვნა. ჭიქებზე საბჭოთა მხედართმთავრებისა და სახელმწიფო ლიდერების პორტრეტები არის გამოსახული. ჭიქა ბერიას პორტრეტით არ გაუნადგურებიათ, მაგრამ გამოსახულება წაშალეს.

ფინჯანი ბერიას პორტრეტით

„დებერიიზაციის“ ყველაზე ცნობილი ისტორია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტირებას უკავშირდება. 1954 წელს ენციკლოპედიის მეპატრონეებს დაუგზავნეს რეკომენდაცია, რომ წიგნის მე-5 ტომიდან მაკრატლით ან სამართებლით ამოეჭრათ სტატია ბერიაზე, ასევე მისი პორტრეტიც. სიკვდილით დასჯილი ექს-მინისტრის გვარი მოხსენიებული არ იყო. შესაბამის გვერდებზე მის ნაცვლად ენციკლოპედიაში უნდა ჩაეკრათ წერილთან ერთად მიღებული ფურცლები - ბერინგის ზღვის ფოტოები.

ინსტრუქცია ენციკლოპედიიდან ბერიას „ამოჭრის“ შესახებ

„სტალინი მომდევნოა“?

რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც საბჭოთა მმართველობის მაღალი ეშელონებიდან ადამიანი უცებ „მოღალატედ და პროვოკატორად“ იქცეოდა. მანამდე მსგავსი ბედი ეწიათ იმ პირებს, ვისაც სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელის პოსტი ბერიამდე ეჭირათ - ჰენრიხ იაგოდას, ნიკოლაი იეჟოვს, ვიქტორ აბაკუმოვს.

იმ ფაქტს, რომ „საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი“ ბერია წლების განმავლობაში საბჭოთა იერარქიის უმაღლეს პოსტებს იკავებდა, ტრადიციულად, მისი „შენიღბვის ოსტატობითა“ და „ვერაგობით“ ხსნიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არადამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ამ პრაქტიკას მაინც ყველაზე ხშირად მიმართავდნენ. მთავრობისთვის ასევე ალტერნატივა იყო „დუმილის რეჟიმი“, ანუ მოქმედება ყოველგვარი განცხადებების გარეშე. სწორედ ასე დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს იეჟოვი.

1953 წელს შსს-ს დაევალა თვალყური ედევნებინა, თუ რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ბერიას „გამოაშკარავებაზე“. ის, რასაც ხალხი უკრაინის სხვადასხვა რაიონში ლაპარაკობდა, ასევე საარქივო მასალებში ინახება. ამ შეტყობინებებს თუ დავუჯერებთ, მოსახლეობა პირად საუბრებში უმეტესად იმას იმეორებდა, რაც მრავალათასიან მიტინგებზე ჰქონდა მოსმენილი. ანუ გმობდნენ „მტრულ ელემენტს“ და აღშფოთებულები იყვნენ იმით, თუ როგორ გააცურა ისინი ბერიამ. მაგრამ ისეთებიც იყვნენ, ვინც რიტორიკის შეცვლამ დააფიქრა.

„ერთმა ეშმაკმა იცის ხელისუფლებაში რა ხდება. თვითონ ერთმანეთში ვერ მორიგებულან, ეს კი მშრომელთა კლასზე აისახება“, - მუშა მარია ლიჩმანი.

ახალ ამბებს სკეპტიკურად უყურებდა ცნობილი მათემატიკოსი, პროფესორი იური სოკოლოვი: „ბერიაზე ლაპარაკით ცკ საკუთარ თავს უკეთებს დისკრედიტაციას. არავინ დაიჯერებს, რომ ბერია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსხვილი პარტიული მუშაკი იყო, უცებ ხალხის მტერი გახდა. ყველასთვის გასაგებია, რომ ახლა პარტიაში ძალაუფლებისთვის იბრძვიან“.

ზაპოროჟიის სანიტარიული სადგურის ფერშალი ლუნევა გამოთქვამდა აზრს, რომ დაკავებულ ექს-მინისტრს გაამართლებდნენ და გამოუშვებდნენ. „მას იგივე ელის, რაც კრემლის ექიმებს“, - ამბობდა ის. „ექიმების საქმე“ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიხურა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ბერიას მიუძღოდა.

„ბერიას ხალხის მტრად გამოცხადება ნიშნავს სტალინიც ხალხის მტრად გამოაცხადო. ხელისუფლებისგან ზუსტ ინფორმაციას მოვითხოვთ, რატომ მოხსნეს ბერია“, - თქვა ოდესაში ჩამოსულმა ქართველმა ევტეხი აკობიამ. ის მართალი გამოდგა: ორ-ნახევარი წლის შემდეგ ქვეყანაში „დესტალინიზაციაც“ დაიწყო.

შინნაკეთი

დავუბრუნდეთ სტანისლავსკის რაიონს, სადაც შსს-ს თანამშრომლებს განკარგულება მიეცათ გამოეძიათ, ვინ იდგა 7 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის უკან. შესაძლოა, აქცია დაგეგმილი იყო და დაბა ხომიაკოვკაში ბერიას მომხრეთა საიდუმლო ორგანიზაცია მოქმედებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პორტრეტები და ლოზუნგები სკოლაში ჯერ კიდევ პირველ მაისამდე დაამზადეს, ანუ მანამ, სანამ ბერია ძალაუფლებისთვის ბრძოლას წააგებდა. ატრიბუტები ნახევარი წელი სხვენში ეწყო. მათი ჩამოტანა და ბავშვებისთვის განაწილება სკოლის მმართველმა 17 წლის მოსწავლეს, მარია ნესტორაკს, დაავალა. გოგონა, როგორც ჩანს, პარტიის რყევებში დიდად ვერ ერკვეოდა. საგანგაშო ვერაფერი შენიშნეს ვერც ზეიმის სხვა მონაწილეებმა, მათ შორის სოფლის საბჭოს ხელმძღვანელმა. უყურადღებობის გამო პასუხი ორმა მასწავლებელმა აგო, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა რაიონი, დეტალურად შეემოწმებინათ და გამოეკვლიათ „ხომ არ იყო ბერიას პორტრეტის გამოტანა წინასწარგანზრახული მტრული ქმედება“. როგორც ჩანს, დამატებითმა გამოძიებამ ახალი არაფერი აჩვენა.