"მხოლოდ 20 წუთი მაქვს სასაუბროდ" - რას ჰყვება ქართველი მოხალისე უკრაინიდან

ლადო გამსახურდია

34 წლის ლადო გამსახურდია უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლია.

ლადო აფხაზეთიდანაა, გუდაუთის რაიონიდან. პოლონეთის გავლით უკრაინაში წასვლას ჯერ კიდევ 28 თებერვალს რამდენიმე ათეულ მოხალისესთან ერთად გეგმავდა, თუმცა მაშინ ჩარტერული რეისი არ გაფრინდა და თბილისში დარჩა. „ხელისუფლებამ დაგვბლოკა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლადომ იმ დღეს.

ასევე ნახეთ დიპლომატიური სკანდალი ომის დროს - რატომ არ მისცა თბილისმა მოხალისეებს უკრაინაში გაფრენის საშუალება

„4 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთი დავტოვე, იქაც რუსები იყვნენ დამნაშავეები. მაშინ ჩემი სახლ-კარის დაცვის საშუალება არ მქონდა, ასაკის გამო“, - ასე ახსნა მან თავისი სურვილი, წასულიყო უკრაინაში.

ლადოს დღეს, 7 მარტს, თბილისის დროით 12:00 საათზე უკვე უკრაინაში ვესაუბრეთ. „მხოლოდ 20 წუთი მაქვს სასაუბროდ“, - მითხრა მან.

ლადო, პირველ რიგში, როგორ ხართ და სად ხართ ახლა?

უსაფრთხოების გამო დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართველ და სხვა ქვეყნების მოხალისეებთან ერთად ვიმყოფები.

ყოველ წამს ველოდებით, შეიძლება ცეცხლმა აქეთ გადმოინაცვლოს, დღესვე დაგვბომბონ და დესანტი ჩამოსხან. მოკლედ, მზად ვართ ყოველ წამს ბრძოლაში ჩავებათ. საბრძოლო განწყობაა, თან გვწვრთნიან და თან სტრატეგიულ ობიექტებსა და გზებს ვიცავთ. ვსწავლობთ, ვიცავთ, ღამეები არ გვძინავს, ვცვლით ერთმანეთს. როდესაც საჰაერო ზონები ირღვევა, განგაში ხშირად ირთვება და მთელი საომარი პროცესებია, მაგრამ, როგორც ასეთი, ცხელ ბრძოლაში ჯერ მე პირადად არ ვარ.

როდის და როგორ მოახერხეთ უკრაინაში ჩასვლა?

მე-6 დღეა აქ ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად საჰაერო გზით ჩამოვედი პოლონეთის საზღვრის გავლით. რამდენიმე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვინდოდა გამოფრენა სხვა ქართველ მოხალისეებთან ერთად, მაგრამ უკან გაგვაბრუნეს. მთავრობამ დაგვიბლოკა ფრენა და ამის შემდეგ ჩვენ თვითონ ვიყიდეთ ბილეთები.

ლადო, რა არის მთავარი, რის გამოც უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღეთ?

უკრაინის ფრონტზე ყოფნა ნიშნავს არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის, საქართველოსა და მთლიანად მშვიდობის დაცვას სამყაროში. სხვათა შორის, ერთ-ერთი მოხალისე, რომელთანაც აქ ჩამოვედი, ჩემი მეზობელი და მეგობარია გუდაუთიდან.

უკრაინაში წამოსვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიურზე ვსწავლობდი. ვარ ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია“ დამფუძნებელი. „მრგვალ მაგიდა თავისუფალ კავკასიაში“ მთლიანად კავკასია იგულისხმება, კავკასიის თავისუფლება რუსული ჯარებისგან. ჩვენი ორგანიზაციის წევრები ვართ აქ.

არ უნდა შეგვეშინდეს მტრის, თორემ ყოველთვის დაჩაგრულები ვიქნებით. ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ეს მითი და ამიტომაც ვართ აქ. რუსეთი არ არის ძლევამოსილი და ის აუცილებლად დამარცხდება. ერთობა გვინდა აუცილებლად. მხოლოდ ერთობით მარცხდება მტერი.

სხვაგან რა ვითარებაა, თუ გაქვთ ინფორმაცია?

დღეს უკრაინაში ყველგან საშიშია. არავინ იცის, რა წუთს სად დაარტყამენ და რას დაბომბავენ. ერთად ვმოქმედებთ აქ ჩამოსული მებრძოლები. უკრაინელებთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მებრძოლებთან ერთად.

3 მარტს Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 000 უცხოელი მოხალისისაგან შემდგარ „საერთაშორისო ლეგიონზე“ ისაუბრა და მსურველებს მოუწოდა შეერთებოდნენ მას „უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს დასაცავად“.

5 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უცხოეთიდან უკრაინაში 66 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

გუშინ, 6 მარტს, ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ 3 000 ამერიკელი გამოეხმაურა მოწოდებას, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ „საერთაშორისო ბატალიონში“ ემსახურათ.

საელჩოს წარმომადგენელი VOA-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების მოხალისეებმაც გადადგეს, მათ შორის, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებმა, როგორებიცაა საქართველო და ბელარუსი.

დღეს უკრაინაში რუსეთის ომის მე-12 დღეა. თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო.

სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.