მხიარული პაემანი სიკვდილთან

“დიკ ჯონსონი მკვდარია” (აშშ, 2020, “Dick Johnson is dead”, რეჟისორი კირსტენ ჯონსონი)

დედაჩემის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე ფეისბუკზე დამიპოსტავს: “ბოლო დროს ალცჰაიმერიან ავადმყოფებზე ნაამბობ არაერთ ისტორიას მოვუსმინე. ოჯახის წევრები ამბობენ: “ჩემი დედიკო უკვე ის აღარაა”, “მამაჩემი დიდი ხანია გამოვიტირე”, “ეს სხვა ადამიანია”, “ფაქტიურად არაა ცოცხალი”. გავა დრო და ინანებთ ამ სიტყვებს. შეირგეთ სიცოცხლე და თუ გიყვართ, ისეთი გიყვარდეთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს”

რატომღაც მეგონა, რომ დედა ცოცხალი აღარ იყო, როცა ეს დავწერე. გაღიზიანებული კომენტატორებიც ძლივს მოვიგერიე მაშინ - ამ სიტყვებს ხომ გულისტკივილით ამბობენ და არა საყვედურით, ყველა თავისებურად განიცდის მშობლის ამ უმძიმეს ავადმყოფობასო. ცხადია, განცდებზე კონტროლს ვერავინ დააწესებს, მაგრამ რჩევით კი ყველას შეიძლება ურჩიო, იმ ხალხს, ვისაც ალცჰაიმერიან მშობელთან (ან ბებია-ბაბუასთან) ურთიერთობა უწევს - შეირგეთ ის დრო, სანამ ცოცხალია, რადგან მერე ძალიან, ძალიან მოგენატრებათ!

ჩვენს რუბრიკაში “რას ვუყუროთ” დოკუმენტურ ფილმებს იშვიათად ვარჩევ. უნდა ვაღიარო, რომ კარგად არ ვიცი თანამედროვე დოკუმენტური კინო, ამიტომ უფლებას არ ვაძლევ ჩემს თავს, რომ რომელიმე სურათი შემოგთავაზოთ. მაგრამ ეს თემა იმდენად მტკივნეულია ჩემთვის, იმდენი შევიტყვე უკვე ამ საშინელი დაავადების შესახებ, რომ კირსტენ ჯონსონის ფილმს ვერ გამოვტოვებდი, მით უმეტეს, რომ უკვე ნანახი მქონდა და ძალიან მომეწონა მისი წინა ფილმი “ადამიანი კამერასთან”, დოკუმენტური სურათი, რომელშიც მან გააერთიანა 20 წლის მანძილზე მსოფლიოს “ცხელ წერტილებში” გადაღებული ეპიზოდები იმის გასარკვევად, თუ თავად რამდენად დაიცვა დოკუმენტური გადაღების ეთიკა, რამდენად შეინარჩუნა დისტანცია და, ამავე დროს, არა ზედაპირულად, არამედ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, “არსობრივად” გამოხატა ადამიანების სატკივარი კონფლიქტის ზონებში.

ყველამ, ვისაც დემენციანი მოხუცის მოვლა გიწევთ, ან, უბრალოდ, ამ განსაცდელის წინაშე ხართ, აუცილებლად უნდა ნახოთ ჯონსონის ახალი ფილმი “დიკ ჯონსონი მკვდარია”, ეს მხიარული, ცოცხალი, მოულოდნელობებით აღსავსე დოკუმენტური “ფენტეზი”, რომლის მთავარი გმირი რეჟისორის 84 წლის მამაა, სიეტლელი ქვრივი. როგორც კი მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, კირსტენმა მოხუცი თავისთან გადაიყვანა, ნიუ-იორკში, ყველაფერი აუხსნა და შესთავაზა “სიკვდილობანას” თამაში: მოხუცი, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა, ნელ-ნელა კარგავდა თავის იდენტობას, ნელ-ნელა “სულ სხვა ადამიანი” ხდებოდა, ახლა თამაშით, შემოქმედებით (!) შეებრძოლა განსაცდელს. ეფექტი მოულოდნელი, წარმოუდგენელი აღმოჩნდა!

“სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!” - სასწაულის სააღდგომო განცდა ფილმში “დიკ ჯონსონი მკვდარია” გააზრებულია, როგორც შემოქმედების არსი, როგორც სიცოცხლის არსი. სანამ ადამიანი ცოცხალია, სანამ სუნთქავს, სანამ აქვს შემოქმედებითი რესურსი (გარწმუნებთ, ის ყველაზე გვიან გადის - დედაჩემმა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მაგალითად, სიმღერა დაიწყო!), რჩება შანსი, რჩება ადგილი ამ სასწაულისთვის. უბრალოდ, ასეთ დროს დახმარებაა საჭირო. და თუკი მართლაც ძვირფასია თქვენთვის ეს ადამიანი, თუკი თავად გაქვთ ამის რესურსი (არსებითად ეს რესურსი ყველას გვაქვს!), არ მოდუნდეთ, არ დაიზაროთ, დაეხმარეთ! ზუსტად ისე, როგორც კირსტენ ჯონსონი დაეხმარა თავის მამას.

ფილმში “დიკ ჯონსონი მკვდარია” მედიცინა, თეატრი და კინო ისე ერთიანდება, თითქოს თავიდანაც სულ ასე, “მთლიანობაში”, არსებობდნენ. “თამაშის თერაპია” დიკ ჯონსონის ცხოვრებას თეატრად გადააქცევს, მაგრამ ჩვენ ამ კომედიებს აღვიქვამთ პირველ რიგში, როგორც კინოს მაყურებელი. ანდრეი ტარკოვსკი წერდა, “კინო აღბეჭდილი დროაო”, ჟან კოქტო კი კინოს “აღბეჭდილ სიკვდილს” უწოდებდა. კინოხელოვნება ერთადერთია, რომელსაც შეუძლია კვდომის პროცესი (!) ახლოდან დაგვანახოს - წარმოგვიდგინოს ჩაქრობის, გაუჩინარების, სიცოცხლესთან დამშვიდობების ეს სევდიანი სურათი. თავის დროზე ეს პროცესი აღწერა სწორედ ლევ ტოლსტოიმ თავის მარგალიტში “ივან ილიჩის სიკვდილი”, მერე აკირა კუროსავამ უჩვენა ფილმში “სიცოცხლე”... ბევრმა აღწერა... ალბათ, იმისთვისაც, რომ კი არ გავქცეოდით იმას, რაც ყველას მოგველის, არამედ გაგვევლო “რეპეტიცია” მასთან ღირსეულად შესახვედრად - თუნდაც... სიმღერ-სიმღერით!

კირსტენ ჯონსონის ფილმში ამ პროცესს უკვე დოკუმენტური კამერა აღბეჭდავს. დოკუმენტური კინოს კარგი მცოდნეები, ალბათ, სხვა ფილმებსაც გაიხსენებენ, სადაც რეალური სიკვდილი თანმიმდევრულად და ახლოდანაა წარმოდგენილი. მაგრამ ჯონსონის ფილმის განსხვავებულობა სწორედ ისაა, რომ “რეალური კვდომა” გადაფარულია მოგონილი და გათამაშებული სიკვდილით, უფრო სწორად, “სიკვდილებით”. აქ უკვე მნიშვნელოვანი ხდება არა იმდენად ის, თუ რას დგამს და რას იღებს ფილმის პერსონაჟი (სინამდვილეში, დიკ ჯონსონი ხომ კინოს იღებს! უფრო მეტიც, კასკადიორებთანაც კი გადის კონსულტაციებს), არამედ ის, თუ როგორ წარმოგვიდგენს მამას მისი ქალიშვილის კინოკამერა ( კირსტენ ჯონსონმა კინოში მუშაობა დაიწყო, როგორც ოპერატორმა - მაიკლ მურს პირველი ფილმები გადაუღო) - როდის უახლოვდება მის სახეს და, პირიქით, როდის სცილდება მას, თითქმის დემონსტრაციულად სცილდება, რადგან კინოს, მათ შორის დოკუმენტურ კინოს აქვს “ეთიკა”, რადგან არსებობს ზღვარი, რომელსაც კინემატოგრაფისტმა არ უნდა გადააბიჯოს. იმიტომ კი არა, რომ შემოქმედებაზე კონტროლია დაწესებული (და “გრძნობებზე”, როგორც მიმითითეს მაშინ ჩემს ფეისბუკსტატუსზე), არამედ იმისთვის, რომ ხელოვნების ნაწარმოებმა დაგვიტოვოს საიდუმლო, რაღაც აუხსნელი, რომლის ახსნას, თავის მხრივ, ჩვენ უნდა შევეცადოთ - მაყურებელი! კირსტენ ჯონსონმა დემენციანი მამის დარჩენილი ცხოვრების გახალისების ერთი, კონკრეტული ფორმა შემოგვთავაზა. რას შევთავაზებთ ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც ხედავენ, როგორ თანდათან “ქრებიან” მათი მშობლები, მათი ბებია-ბაბუები, როგორ კარგავენ იდენტობას, ხდებიან “სხვა ადამიანები”? რას შესთავაზებთ თქვენ? მე ისევ ჩემსას გავიმეორებ: მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს.