მხატვარი, რომელიც ხანძრებს ხატავდა

Your browser doesn’t support HTML5

შეიძლება შეგიმჩნევიათ დღევანდელი ცინცაძის, ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე, სახანძროს შენობაზე ფერადი მოზაიკა, რომლის თემაც ხანძარი და მეხანძრეები არიან. საბჭოთა პერიოდში შექმნილი ამ მოზაიკური პანოს ავტორი მხატვარი-გრაფიკოსი გივი კერვალიშვილია. თბილისში იმ პერიოდის მისი კიდევ ერთი მოზაიკაა შემორჩენილი, ისიც ხანძრის თემაზე. მის პირად და სხვა კერძო კოლექციებში კი ამავე თემაზე მისი შესრულებული ნახატების, პოსტერების, კალენდრების უამრავი ნამუშევარია შენახული.

ხანძრის თემის გარდა, გივი კერვალიშვილის დახატულია თბილისის ცირკის არაერთი სარეკლამო პლაკატიც - სამხატვრო აკადემიაში სტუდენტობის პარალელურად ცირკში მუშაობდა და დასთან ერთად ხშირად დადიოდა გასტროლებზეც.

არის ცნობილი ნახატ ფილმ „ბომბორას“ პირველი სერიის მხატვარი.

მის სახლში დღესაც ინახება არაერთი გრაფიკული ილუსტრაცია, მათ შორის, რომან „დიდი მოურავის“ წიგნის ილუსტრაციებიც გიორგი სააკაძის თემაზე.

პირად კოლექციებში მისი არაერთი გრაფიკული ნამუშევარია გაფანტული, რომელიც საბჭოთა ეპოქის სურათებს აცოცხლებს და დღეს უკვე ისტორიაა - როგორი იყო მაშინდელი რეკლამა, როგორი ფორმა ჰქონდა აგიტაციას, როგორ გადაიცემოდა სათქმელი იმ პერიოდში ძალიან პოპულარული პლაკატებით.

გივი კერვალიშვილი უკვე 80 წელს გადასცდა. დღესაც ხატავს და როგორც გვითხრა, წამოწყებული გეგმებიც ბოლომდე აქვს მისაყვანი.