მხატვარი ლიმონათის ქარხნიდან

Your browser doesn’t support HTML5

რომან არაქელოვი - იყო ასეთი თბილისელი მხატვარი, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც წლები მუშაობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში და ხატავდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.

ასობით კალმით ჩანახატში არაქელოვს მთელი საწარმოო პროცესი აქვს აღწერილი, ქარხნის მუშების პორტრეტები, ეტიკეტების მიკვრის თუ ყუთებში ჩალაგების პროცესი, შესვენებაზე სკამზე მიწოლილი თანამშრომლები... ყველაფერი, რაც წლების წინ თბილისის ლიმონათის ქარხანაში ხდებოდა.

მისი ეს ჩანახატები, არაქელოვის ავტოპორტრეტებთან, მის საბუთებთან, საბჭოთა თემატიკის პლაკატებთან, სასმელების ეტიკეტებთან და თბილისის თემაზე შექმნილ სხვა ნახატებთან ერთად ჯერ ბუკინისტების ჯიხურში მოხვდა, მერე კი გასტრონომიის თემით დაინტერესებულ კოლექციონერთან, გიორგი იოსავასთან, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლებამ უკვე გიამბოთ.

თავიდან, როცა გიორგი იოსავამ არაქელოვის რამდენიმე ნახატი იყიდა, მასზე გამოსახული ადამიანები ჩაცმულობით მზარეულებს მიამსგავსა, მაგრამ მერე,როცა ამ ავტორის არქივიდან სხვა მასალებიც შეიძინა, აღმოაჩინა, რომ ეს იყო მხატვარი, რომელიც მუშად მუშაობდა ლიმონათის ქარხანაში.

ინტერნეტში რომან არაქელოვზე თითქმის არაფერი იძებნება. იმ ძველ საბუთებში კი, რომელიც გიორგი იოსავას კოლექციაშია, მითითებული იყო არაქელოვის მისამართი მთაწმინდაზე. ამ ოთახს, მხატვარი, სავარაუდოდ ქირაობდა და იქ მუშაობდა.

ამ მისამართზე მისვლისას მართლაც დაგხვდა ერთი ოთახი სხვენში, სადაც გადასაყრელ ქაღალდებს შორის მისი ნახატებიც იყო მიმოფანტული.

ამ სახლის მფლობელმა კი გვითხრა, რომ უკვე საკმაოდ მოხუცი არაქელოვი იქ ბოლომდე მიდიოდა ხოლმე და ხატავდა. შემდეგ შვილმა წაიყვანა და მეტი მასზე აღარაფერი იციან.