მხარდაჭერა ამბოხს აშშ-ში - აქციის მონაწილეები, მოწინააღმდეგეები და უბრალოდ გამვლელები

"ერთად დავგმოთ პოლიციური ძალადობა და უმცირესობების ჩაგვრა აშშ-ში!" - აცხადებდნენ ახალგაზრდების ჯგუფის წევრები, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ რუსთაველის მეტროსთან.

ამ ფორმით ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში დაწყებული პროტესტისა და ძალადობის ტალღას გამოეხმაურნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი, თბილისში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეები, სოლიდარობას უცხადებენ მოძრაობა „Black lives Matter”-ს და გმობენ პოლიციელების ძალადობას აშშ-ში.

საქართველოში მცხოვრები 33 წლის კალიფორნიელი ბრიანა ქუინტერო და 26 წლის ალასკელი ჯარი პიპერი აქციაზე საპროტესტო ტრანსპარანტებით მივიდნენ.

სტივენ ჰაკიც საქართველოში მცხოვრები ამერიკელია, თუმცა აქციაზე ის მონაწილეების მხარდასაჭერად არ მისულა."მართალია, ფლოიდი მოკლეს, მაგრამ არა რასობრივი მოტივით", - ამბობდა იგი. ​ სტივენი, რომელიც აქციის მონაწილეებს შეეკამათა, აცხადებდა, რომ უსამართლობაა ამერიკის შეერთებული შტატების რასისტულ ქვეყნად წარმოჩენა.

სტივენ ჰაკის მსგავსად, ეს ორი მამაკაციც, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშით, აქციის ორგანიზატორების პოზიციას აპროტესტებდა. "ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, ეროვნულ პრეზიდენტს, ვუჭერთ მხარს", - უთხრეს მათ ჟურნალისტებს აქციის მსვლელობისას.

დღეს სხვებთან ერთად რუსთაველის ძეგლთან შეკრებილებს შეუერთდა თბილისში მცხოვრები სამხრეთაფრიკელი მაითი მავშა. ის შემთხვევით შეესწრო შავკანიანთა ჩაგვრისა და პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას და ბოლომდე დარჩა. აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

ამავე თემაზე: ​
სიბრაზე და პროტესტი: რა იწვევს მღელვარე აქციებს შეერთებულ შტატებში

ფოტო: ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები ამერიკასა და მსოფლიოში