რუსთავში შარტავას ქუჩით შემოსულს, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს, სადაც ქვეითები დადიან, თვალში მოგხვდებათ გარე განათების ბოძებზე დამაგრებული ბანერები, რომლებიც ქართველი კლასიკოსი მწერლების, თანამედროვე ავტორთა ფოტოებითა და მათი ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი ციტატებით არის გაფორმებული. 72 ქართველი მწერლის ბანერი შარტავას მოედნამდეა გამოფენილი.
Your browser doesn’t support HTML5
„ბევრს, მაგალითად, მეც ვერ ვცნობ, ამხელა კაცი ვარ... აი, ახალგაზრდები გაიგებენ, ვინ არიან ქართველები, რა ხალხი ვართ. ყველა ქუჩაზე რომ ასეთი ბანერები იყოს, ძალიან კარგი იქნება.
მით უმეტეს, ეს ქართველ ახალგაზრდებს სჭირდებათ. ეს არის ქართველი კლასიკოსების და არა მარტო კლასიკოსების მარგალიტები“, - ამბობენ რუსთაველები, რომლებსაც რადიო თავისუფლება სწორედ შარტავას ქუჩაზე ზემოხსენებულ ბანერებთან გაესაუბრა.
ლიტერატურული პროექტი „ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ რუსთავის საკრებულოს წევრ ამირან ჯანჯღავას ინიციატივითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით განხორციელდა:
პავლე ინგოროყვა ვერ მოხვდა, რეზო ჭეიშვილი ვერ მოხვდა, ნუგზარ შატაიძე ვერ მოხვდა. ჯემალ ქარჩხაძე ვერ ჩავსვი, ვერაფრით ვერ ჩავსვი ვერც ლეო ქიაჩელი. 72 მწერალში გრიგოლ რობაქიძე არა გვყავს. აკა მორჩილაძე რატომ არ უნდა ყოფილიყო?..თინათინ სიყმაშვილი
„იდეა ისაა, რომ გავაცნოთ საზოგადოებას ის მწერლები, რომლებსაც უნდა იცნობდეს, თუმცა რაღაც ფაქტორების გამო, იქნება ეს დაძაბული რეჟიმი, მოუცლელობა თუ სხვა, მათ არა აქვთ ამის საშუალება, ამიტომ გარეთ გამოვფინეთ, რათა გაიცნონ ახალი მწერლები“.
ამირან ჯანჯღავას თქმით, 10 ბანერი რუსთაველ ავტორებს დაეთმოთ - მაგალითად, კარპე მუმლაძეს, მურად ჭოლოკავას, პოეტ ია სულაბერიძეს.
ავტორების შესარჩევად სპეციალურ კომისიას უნდა ემუშავა, მაგრამ, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი თინათინ სიყმაშვილი ამბობს, რეალურად მხოლოდ სამი ადამიანი იყო ამ საქმით დაკავებული: თავად ის, მწერალი მურად ჭოლოკავა და პოეტი ია სულაბერიძე. ამასთან, თინათინ სიყმაშვილის სიტყვებით, მას დიქტატის ქვეშ უწევდა მუშაობა, როგორც კომისიის წევრების, ისე გარედან ჩარევის გამო:
„პავლე ინგოროყვა ვერ მოხვდა [ბანერზე], რეზო ჭეიშვილი ვერ მოხვდა, ნუგზარ შატაიძე ვერ მოხვდა. ჯემალ ქარჩხაძე ვერ ჩავსვი, ვერაფრით ვერ ჩავსვი ვერც ლეო ქიაჩელი. 72 მწერალში გრიგოლ რობაქიძე არა გვყავს. აკა მორჩილაძე რატომ არ უნდა ყოფილიყო?“
თინათინ სიყმაშვილის თქმით, კომისიაში ისეთი ადამიანების ჩასმაც უნდოდათ, რომლებიც ბანერებზე გამოტანილ ზოგიერთ ავტორთან ძალიან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ, მისი კატეგორიული მოთხოვნით, პროექტის ავტორებმა, საბოლოოდ, მათზე უარი თქვეს.
ამირან ჯანჯღავა კი ამბობს, რომ ქართული მწერლობა იმდენ ავტორს ითვლის, რომ, ბუნებრივია, ყველას ბანერი ვერ გაკეთდებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსთავის ინიციატივას სხვა ქალაქებიც გამოეხმაურებიან და მსგავს ლიტერატურულ პროექტში ის ავტორებიც მოხვდებიან, რომელთა ბანერები ვერ განთავსდა რუსთავში.
რუსთაველი პოეტი ია სულაბერიძე კი ამბობს, რომ რუსთავში გამოფენილი ბანერები მუდმივად განახლებადი იქნება. დიდ კლასიკოსებს არ შეეხებიან, საუბარია საბჭოთა პერიოდის, თანამედროვე ეპოქის პოპულარულ ავტორებზე, მათ შორის ახალგაზრდებზე:
„აკა მორჩილაძის საწინააღმდეგო როგორ შეიძლება მქონდეს?! პირიქით, მივესალმები. უბრალოდ, რუსთავია და რადგან რუსთაველები უნდა ყოფილიყვნენ შედარებით ბევრნი წარმოდგენილნი, ამიტომ მოხდა დანარჩენების, ასე ვთქვათ, შევიწროება სხვების სასარგებლოდ“.
ია სულაბერიძე აქვე იმედოვნებს, რომ პროექტი წარმატებული იქნება და მკითხველ და არამკითხველ საზოგადოებას შორის თანაფარდობა პირველთა მხარეს გადაიხრება. საგულისხმოა, რომ ეს პირველი ლიტერატურული პროექტი არ არის, რომელიც რუსთავში განხორციელდა.
გასულ წელს რუსთავში სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი “ქალაქი ბიბლიოთეკა” წიგნების სახლ “საბას” ინიციატივით განხორციელდა, რუსთავის მერიასა და ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
რუსთავში - მწერლების სახელობის ქუჩებში, ბიბლიოთეკების შენობებთან, პარკებსა და სკვერებში ორიგინალური კონსტრუქციები – “საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდა. მათზე დაბეჭდილი QR კოდისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობილურ ტელეფონში წიგნები უფასოდ ჩამოტვირთოს და წაიკითხოს. თუმცა საგულისხმოა, რომ ერთი ასეთი ბიბლიოთეკა დღემდე დაუდგენელმა პირმა დამონტაჟებიდან ცოტა ხანში დააზიანა.