მწარე სიმართლე გურიელზე

ილიას ბიოგრაფიისგან განსხვავებით, მამია გურიელის ცხოვრების აღწერისას იონა მეუნარგიას წინააღმდეგობა არ შეხვედრია - არც იაკობ გოგებაშვილი დაჰპირისპირებია მას და არც შვილები. იონამ, როგორც სჩვეოდა, შეულამაზებლად დახატა გურიელის პორტრეტი ისე, რომ არც ამჯერად უერთგულა ლათინურ სენტენციას „მკვდრებზე ან კარგი, ან არაფერი“ [De mortuis aut bene, aut nihil], თუმცა იონას „შეულამაზებელი თხრობა“ ახლოსაც კი ვერ მივა გურიელზე ნათქვამ იმ „მწარე სიმართლესთან“, რომელიც პეტრე უმიკაშვილმა პირში მიახალა გაზეთ „ივერიის“ დროებით რედაქტორს, გრიგოლ (გიგო) ყიფშიძეს.

„შვინდი მიშოვე სადმე“

მამია გურიელი (ფაზელი) 1891 წლის 25 ივლისს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ქუთაისში, „ერთს ბნელ ფიცრულში, რიონის პირად, ბალახვანის ქუჩაზე ვიღაც ბაბალე დედაკაცისას, რომელიც ოდესმე ნამსახური ყოფილა დადიან-გურიელებისა“.

პოეტის ამგვარ პირობებში სიკვდილი დაუჯერებლად მოჩანს იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც სამი ათეული წლის წინ მისი ოჯახი ისეთი შეძლებული ყოფილა, რომ, როცა მამია პირველად დაბრუნდა გურიაში პოდპორუჩიკის მუნდირით, მამამ, დავით გურიელმა, მას დაახვედრა „ორას-სამასი ცხენოსანი კაცი, რომელთაგან ბატონიშვილს ვინ კალთაზე კოცნიდა, ვინ ხელებზე, ვინ მკერდზეო“, - წერს იონა მეუნარგია, რომელიც პოეტის უკანასკნელი დღის აღსაწერად თვით „ბაბალე დედაკაცსაც“ შეხვედრია:

”სიკვდილის დღეს მამია სახლიდან არ გასულა. საღამო ხანს შემოვიდა მასთან ჯაბა [მამიას ძმა ჯამბაკური] და ორივემ ერთად დიდხანს ილაპარაკეს. მამია კარგ გუნებაზე იყო. მეათე საათზე ჯაბა გამოეთხოვა მამიას და წავიდა. ეზოს რომ გასცილდა, მამიამ დაუძახა:

„ხვალ დილას შვინდი მიშოვე სადმე და გამომიგზავნე, ფულს მე მივცემ“. ჯაბამ, კი, ბატონო, მე თვითონ ვიყიდი და მოგართმევო.

მამია გურიელი

ამ ლაპარაკის შემდეგ ჯაბას ასი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადადგმული, რომ მამიამ ერთი ძალზედ დაახველა და იმას ყელიდან სისხლი ნაკადულივით გადმოედინა. მე ყვირილი მოვრთე, ჩემს ხმაზე ჯაბა დაბრუნდა, ექიმთან კაცი ვარბენინეთ მაგრამ, სანამ ხეჩინოვი მოვიდოდა, მამია სულ დაიწრიტა სისხლისაგან. ის ერთ საათში გათავდა“.

რა ავადმყოფობით მოკვდა მამია გურიელი, ამაზე ნათელ წარმოდგენას ქმნის ცნობილი ექიმის, სამსონ თოფურიას, დასკვნა, წარდგენილი პოლიციაში:

„25 Июля 10 ч. вечера Мамия Гуриели скончался от смертельного кровоистечения на почве туберкулезнаго поражения легких. Д- р Топурия“ [25 ივნისს საღამოს 10 სთ-ზე მამია გურიელი გარდაიცვალა ტუბერკულოზით დაზიანებული ფილტვებიდან სასიკვდილო სისხლდენით. ექიმი თოფურია]

დაასაფლავეს ქუთაისში, არქიელის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში, „იქ, საცა ტაძრის გარშემო მდებარე სწორე მოედანი თავდება და იწყება დაღმართი რიონისაკენ დაშვებული, და მით აღუსრულდა მგოსანს მისი გულითადი ნატვრა, რომ მას განესვენა იქ:

„სად გრგვინვა ფაზის, მარადის მწყრალის,/ უდუდუნებდეს ხმას საამურსა…“

როგორ დაიტირა „ივერიამ“

მამია გურიელის გარდაცვალებას არაერთი ნეკროლოგი და პუბლიკაცია მიუძღვნა გაზეთმა „ივერიამ“, რომელშიც „ფაზელის“ ფსევდონიმით მრავალი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა განსვენებული პოეტის ლექსები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 3 აგვისტოს (164) ნომერი, რომლის თითქმის ნახევარი დაეთმო მამია გურიელის ღვაწლისა და შემოქმედების ქებას, ფაზელისადმი მიძღვნილ ლექსებს:

გაზეთი "ივერია". დიმ. ერისთავის ლექსი

„...მაგრამ შენ მაინც არ უღალატე

შენს აღთქმულთ აზრთა, წმინდასა ალამს,

და სამშობლოის, მოძმის სიყვარულს

ამსახურებდი ნიჭიერ კილამს“ [დიმ. ერისთავი]

„...ეხლა კი ვსწუხვართ, მაგრამ რაღა დროს?

ვერ მოვატყუებთ შთამომავლობას,

ფარისევლურის ტირილ-წუწუნით

ვეღარ დავფარავთ ჩვენს გულ-ქვაობას!.. [დუტუ მეგრელი]

შთამბეჭდავი იყო გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი ვრცელი ხელმოუწერელი წერილი, რომელშიც მამია გურიელი ბესარიონ ბელინსკისთან იყო შედარებული:

„ბელინსკივით მამიაც გასტეხა დიდმა მხნეობამ და მასთან შეუძლებლობამ საქმის გაკეთებისამ. გული მისი ჰგრძნობდა დიდს შესაძლებლობას, საქმეში კი, - ნამდვილ საქმეში და არა წერაში, - ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. ასეთ გარემოებაში ადამიანის ძალა გადაიქცევა ხოლმე შხამად, საწამლავად, რომელიც სტანჯავს, ცეცხლს უკიდებს კაცს“.

Georgia -- Mamia Gurieli Obituary

რითი იყო ძვირფასი მამია? - კითხვას სვამს წერილის ავტორი და თვითონვე უპასუხებს:

„იმით, რომ მეტად უყვარდა თავისი სამშობლო ქვეყანა; იმით, რომ მზად იყო წვეთ-წვეთობით დაექცია მისთვის სისხლი... მისთვის იწვოდა, იდაგებოდა, ილეოდა, დნებოდა, მაგრამ ამ ტანჯვა-წამებაში მამია მარტო იყო, უამხანაგო, ობლად დარჩენილი... სული პოეტისა ამის გამო ჰშფოთავდა, ჰბორგავდა, ყაფაზაში დამწყვდეულ ლომივით გრგვინავდა, აბობოქრებულის ზღვასავით აქეთ-იქით კიდეებს ეჯახებოდა, ჩიოდა, ტიროდა, იწყევლებოდა, ფიცსა და აღთქმასა სდებდა, თავის იდეალისათვის არ ეღალატნა არასოდეს, არაფრის გულისათვის“.

უფრო ვრცელი იყო „წერილი ქუთაისიდამ“ (ავტ. იასონ ნიკოლაშვილი), რომელიც ასე მთავრდებოდა:

„საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსეულო მამულიშვილო და დიდებულო მქადაგებელო კაცურის კაცობისავ!“

ამავე წერილშია მოტანილი გურიელის ლექსის („ნატვრა“) ფრაგმენტი, რომლითაც ავტორმა სცადა აღეწერა პოეტის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მდგომარეობა, რომელშიც მამია გურიელი სიცოცხლის ბოლო წლების განმავლობაში იმყოფებოდა:

„მსურს მოვისვენო, გადავრჩე ტანჯვებს,

შფოთს, საყვედურებს, მღელვარებასა,

სიცილსა, თამაშს, ცრემლებს და დარდებს...

სრულად მივეცე განსვენებასა.“

პეტრე - „ჩერჩეტი და ხეპრე“?

მამია გურიელის გარდაცვალება „ივერიის“ ამ ნომრიდან შეიტყო იმ ხანებში რუსეთში მყოფმა ცნობილმა ქართველმა პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ, პეტრე უმიკაშვილმა, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, გულმა არ გაუძლო და წერილი მისწერა „ივერიის“ რედაქტორს, გიგო ყიფშიძეს.

როგორც ფილიპე გოგიჩაიშვილი იხსენებს, პეტრეს სჩვეოდა ასეთი „არგამოსაქვეყნებელი წერილების“ მიწერა რედაქტორებისათვის. ერთი ასეთი წერილი 1894 წლის 26 სექტემბერს ილია ჭავჭავაძისთვისაც მიუწერია:

პეტრე უმიკაშვილი

„როგორი ამბავია ჩვენს თავს, რომ ილია, ჩვენი უკეთესი კაცი, რომლის ზრუნვა ჩვენის მწერლობის და საზოგადო ზრდის ბედზე ეჭვს გარეშეა, როგორი ამბავია, რომ ვერ უვლის ერთადერთს ჩვენს გაზეთს, უკიდურეს მდგომარეობაში მისულს, ვერ დაუყენებია დონეზე და საზოგადოების ცნების და ცოდნის ხარისხზე დაბლა დგას... ყველას ებადება აზრი, რასაც კი მიიტანენ რედაქციაში, ჰბეჭდენო. სად არის რედაქცია, ვინ ჰპატრონობს გაზეთს, ვინ არის გამძღოლი და გამსინჯავიო... ცხადია, რომ ეხლანდელი რედაქცია ვერ გასძღოლია, ღონე არ აქვს და გაზეთს ვერ მოუვლის. არა აქვს ცოდნა, არა აქვს ტაქტი ლიტერატურული, არ იცის ტონის მიცემა, არ შეუძლია მოვლენათა ახსნა-განმარტება...“

ილიას რომ ასეთი აკადრა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რას მისწერდა გიგო ყიფშიძეს, „ივერიის“ დროებით რედაქტორს. მცირე შესავლის შემდეგ პეტრე მთავარ სათქმელზე გადადის:

გრიგოლ (გიგო) ყიფშიძე

„რასაკვირველია, სამწუხაროა მამიას გარდაცვალება: შესაძლებელი იყო კიდევ რამ დაეწერა, მაგრამ... თქვენი ზომას გადაცილებული ქება კიდევ წრეს გადავიდა, ვიდრე როდესმე მომხდარიყოს. მამიას წოდება „ძლიერ ღერად“, „ძლიერ მგოსნად“, „ენადაუშრობელ მღაღადებლად“, ბელინსკისთან შედარება (ეს სულ მეთაურ წერილში), „შვილად რჩეულად“ (დიმ. ერისთავის ლექსში), „დიდებულ მქადაგებლად კაცურის კაცისა“, (სულ ეს ამოდენა ქება ერთ ნომერში) ნეტა რას მოასწავებს? სიტყვების უაზრო რახა-რუხია, ბოდვაა, თუ დაცინვაა ქართულის მწერლობისა, ან თვითონ გარდაცვალებულისა? განა ასე დაეცა და დამცირდა ჩვენი აზრი ღირსებაზე, რჩეულობაზე და სხვა ამგვარ მნიშვნელოვან შემეცნებაზე, რომ ასე უაზროდ ვისროლოთ და ყველას ვარგუნოთ, უბრალო მელექსესაც კი, რომელიც დიდი ხანია ცოცხალივე მკვდართა თანა შეირაცხა, რომელიც თვითმყოფი და ორიგინალური მწერალი არას დროს არ ყოფილა; არც შნო ჰქონია და არც ყოფილა ნამდვილი ქართულის სიტყვა წმახვნის უფალი და მომქნელი? რას ნიშნავს ეს უბედური ქება-დიდება გახრწნილის კაცისა, ჩვენის მოზარდ თავადაზნაურთა შვილთა გამრყვნელის მაგალითისა, რომელთა ცხოვრების საგანი ლოთობა, ქაღალდის თამაშობა, უქმობა, მატყუარობა, წართმა-გლეჯა და ხანდახან ვითომ მამულის მოყვარეობის გრძნობით წამოცდენილი ლექსები ანუ სიტყვებია და მუდმივად კი რომელნიც მოწინააღმდეგენი არიან შრომისა, სწავლა-მეცნიერებისა, აზროვნებისა და ყოველისფრისა, რაც ამშვენებს და წინა სწევს კაცურ ცხოვრებასა? რა უყოთ, რომ ორიოდე ლექსი დასწერა? ვის აქებთ, ვისა? ხალხის ხროვა რომ შეყრილა დამარხვაზე, იქნება მაგან მოგატყუათ? მე დარწმუნებული ვარ, ხალხი იმიტომ შეიყარა, რომ ჯერ პირველად მამია თავადიშვილი იყო, გურიელის გვარისა; მცნობი პირადად ბევრი ჰყავდა, რომელთანაც ქაღალდში და ღვინის სმაში ბევრი დრო გაუტარებია“.

პეტრე უმიკაშვილს ასეთი პირდაპირობის გამო აკაკი წერეთელმა ერთხელ ექსპრომტად გამოუთქვა, ვაი შენ ჩემო პეტრეო, შე ჩერჩეტო და ხეპრეო...

„სმა და მძვინვარება“

პეტრე, ცხადია, ჩერჩეტი არ ყოფილა, ხეპრე - უზრდელობამდე პირში მთქმელი, კიდევ შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ჩერჩეტი? მამია გურიელის ადამიანურ სისუსტეებზე ბევრად მეტს მოგვითხრობს იონა მეუნარგია, თუმცა, ცხადია, არა ისეთი პირდაპირობით, როგორც პეტრე უმიკაშვილი.

იონა მეუნარგია ერთგულებს პრინციპს, საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, და დეტალურად აღწერს მამია გურიელის ცხოვრების ყველა ეტაპს ბავშვობიდან გარდაცვალების დღემდე, ამბობს იმას, რომ მომავალ პოეტს სწავლის დაწყება დაუგვიანდა. „იმ ხანში, როცა გრიბოედოვს უნივერსიტეტი ჰქონდა თითქმის დამთავრებული და პუშკინი და ლერმონტოვი განათლებულნი ყმაწვილნი იყვნენ, მამია სოფელ-სოფელ დაარბენინებდა ცხენებს და გოგო-ბიჭებთან და შინაყმებთან ლასლასით ღუპავდა სიყმაწვილის დღეებსო“.

და რომ არა მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი „რომელმაც სთხოვა გურიელს გაეგზავნა მასთან თბილისში მისი პირმშო შვილი“, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს „ილასლასებდა“ მამია სოფელ-სოფელ.

ტფილისში ჩასულს მალევე მოუსწრებს თურქეთ-რუსეთის ომი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გრენადერთა პოლკის რიგებში უნტერ-ოფიცრად. ომში ყარსის ციხეზე მიტანილი იერიშის დროს დაიჭრება „მარჯვენა ფეხში შტუცერის ტყვიით“ და სამ თვეს გაატარებს საავადმყოფოში.

იონას თქმით, პოლკში მამია ყველასგან საყვარელი ოფიცერი იყო, ყველასთან ზრდილი, თავაზიანი, თუმცა განსაკუთრებულად ვერაფრით გამოიჩინა თავი, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ სტანიცაში ”კანდიტერის მშვენიერი ცოლის“ გამო მომხდარი დაპირისპირებისას რუსი „აფიცრის“ გასილაქებას.

1856 წელს გარდაიცვალა დავით გურიელი და, როგორც იონა მეუნარგია წერს, მამიამ სწორედ ამ დროიდან აიცრუა გული სამსახურზე:

იონა მეუნარგია

„სულ შინისაკენ იწევდა არა მხოლოდ იმ წმინდა გრძნობით აღვსილი, რომლითაც სამშობლო ადგილი ძვირფასია ყველასათვის, არამედ უფრო იმიტომ, რომ იმას ერჩივნა იმ საზოგადოებაში ლაციცობა, რომელშიაც გაატარა თავისი სიყმაწვილე“.

1876 წელს გურიელი ხელახლა შევიდა სამხედრო სამსახურში. თურქეთთან მორიგი ომის დროს ის დანიშნეს გურიის ქვეითა დრუჟინის კომანდირად, თუმცა მამიას სამხედრო კარიერა „ლამის სასირცხვოდ გათავდა“:

„მამია გურიელს ბრალი ბრალდებოდა: უფლების გადამეტება; მილიციონერების უკანონოდ და ანგარებით შინ დათხოვნა; ანგარებითვე და პირადი სარგებლობისათვის ოფიციალურ დოკუმენტებში ტყუილი ცნობების ჩაწერა; იმავე მიზეზების გამო სამსახურის დოკუმენტების შედგენა უკანა რიცხვებით; სახაზინო ფულების მითვისება; მის ხელქვეითთაგან ჯამაგირის დაჭერა; უქმობა; ვადის მოსვლამდის ფულების გაცემა და ჯილდოებზე უსაფუძვლოდ წარდგენა. მისდა საბედნიეროდ, დროებითმა სამხედრო სასამართლომ, რომელიც იჯდა ოზურგეთს, მამია გაამართლა ამ ბრალდებისაგან. თავის დროზე საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მამიას პროცესის გამო. დრუჟინის ფულს ხარჯავდა თუ თავისას, ეს კია, რომ მამიას ყოველდღე გამოულეველი წვეულება ჰქონდა და უზომოდ ღვინის სმა ოზურგეთში. სასტუმროში ტიკებით შეატანინებდა ღვინოს და თუ არ დალევდნენ წვეულნი, გულმოსული მივარდებოდა ტიკებს და ხანჯლით აჭრიდა”.

მეუნარგიას დახასიათებით, მამია უფრო ”ვეფხისტყაოსნის” ქვეყნის ჩამონათალი იყო: ან მეტისმეტად თავდაჭერილი, გულჩახვეული და წარბებშეკრული, ან წრესგადასულად მომლხენი და მოქეიფე, რომლისთვისაც, საუბედუროდ, ლხინი და შექცევა ხშირად სინონიმი იყო სმისა და ”მძვინვარების”.

უიღბლო გამოდგა პოეტის ქოწინებაც კორხმაზ მელიქიშვილის ასულ მარიამზე, რომელსაც მალევე გაეყარა. როგორც იონა მეუნარგია ამბობს, გურიელმა ძალიან განიცადა შვილთან, კახაბერთან, განშორება.

მამია გურიელი

„მამიამ დაიწყო სმა, რომ ყოველი მისი სიმწარე ღვინოში დაეღუპა. ... სვამდა უზომოდ. ყოველთვის და ყოველგან, საცა კი შეეძლო ან შეესწრებოდა. სვამდა შინ, ნაცნობ-მეგობრებთან, სასტუმროებში, დუქნებში, ბნელსა და ნოტიო სარდაფებში. როგორც ალფრედ მიუსემ, საყვარლისაგან ხელაღებულმა, მამიამაც მისცა თავი ალკოჰოლს და ნელ-ნელა ყოველდღიური ხანგრძლივის სმით თავი მოიწამლა და დაღუპა თავისი ძლიერი ნიჭებულება. ...უწესო ცხოვრებამ, სასტუმროებსა და რესტორნებში გამოულეველმა ლხინმა და ლოთობამ მამიას ყოველი წყარო გაუშრეს ცხოვრებისა და ის ჩავარდა გადუხდელს ვალში და უფულობაში. მე ის მინახავს ქუთაისში ჯერ საუკეთესო სასტუმრო ”კოლხიდაში” მცხოვრებად, მერე უფრო დაბალი ხარისხის სასტუმრო ”ბათუმში” და შემდეგ ადანიას რესტორანში, ან, უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ადანიას დუქანში, და ბოლოს კი ერთს რაღაც სოროში, რიონის პირად, ვიღაც ბაბალე დედაკაცთან, რომელიც ოდესმე დადიან-გურიელების ნამსახური ყოფილა, საცა არც გზა იყო, არც სინათლე, არც საკმაო ჰაერი. ფული იმას არ ჰქონდა. ...რაც უფრო ხანში შედიოდა მამია, იმას სმის სურვილი თანდათან ემატებოდა. უკანასკნელ ხანებში იმისთვის საკმაო იყო ერთი ბოთლი, ბოთლნახევარი, რომ იმისთვის ფეხებს ეღალატნა“.

ამგვარმა გარემოებებმა მიწასთან გაასწორეს ჯერ ზნეობითად, შემდეგ ფიზიკურადაც: გაუჩნდა ფილტვის ავადმყოფობა (ტუბერკულოზი), პირიდან სისხლს აღებინებდა, თუმცა სმას მაინც არ იშლიდა. თავის მოკვლაც უცდია, მაგრამ რიონიდან ამოუყვანიათ. ძმა ჯაბა (ჯამბაკური) პატრონობდა, სწორედ მასთან ყოფნის დროს მოუვიდა რუსეთიდან თავზარდამცემი ამბავი, რომ მის შვილს, კახაბერს, თავი მოუკლავს. რამდენიმე თვის შემდეგ თვითონაც გარდაიცვალა.

„ღმერთი ვიწრო წრეში“

სილოვან ხუნდაძეს მიეწერება მამია გურიელის შესახებ დაწერილი ეპიგრამა:

ბახუსისგან აღგზნებულმა

თავის ქება იცის ხშირი,

ასე ამბობს, ჩემთან რაა

ბაირონი ან შექსპირი.

პეტრე უმიკაშვილიც, როგორც „ივერიის“ დროებითი რედაქტორისათვის მიწერილი წერილიდან ჩანს, არ იყო დიდი წარმოდგენის გურიელის პოეზიაზე:

„კარგი მოლაპარაკე, რიხიანის კილოთი მოლაპარაკე იყო, სხვა რა, ორიოდე ლექსი, ორიოდე ვაივაგლახური, უხერხული თარგმანი?..თვითმყოფი, საკუთარი კილო მამიას არ ჰქონია. მისი ლექსები ძლიერი არ არის არც აზრით, არც ფორმით...“

იონა მეუნარგია ამბობს, რომ მისი საქმე არ არის გურიელის პოეზიის ავ-კარგზე მსჯელობა, მაგრამ იქვე დასძენს, რომ უმეტესობა მამიას ლექსებისა არ მოახდენს თქვენზე ღრმა შთაბეჭდილებას, არ გამოიწვევს თქვენში არც დიდ აზრს, არც დიდ გრძნობას, არც ენთუზიაზმს, იმ უმაღლეს სიამოვნებას, რომელიც ეძლევა კაცს ჭეშმარიტი პოეზიისაგანო.

იონა მეუნარგია იზიარებს პეტრე უმიკაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მამია უფრო კარგი მოლაპარაკე, დეკლამატორი იყო, ვიდრე პოეტი:

„მამიას კითხვაში მე ყველაზე უფრო ის მაკვირვებდა, რომ ამ ჩერიასავით გამხმარ კაცს, როცა იგი დაიწყებდა კითხვას, ფილტვებში იმდენი ჰაერი მოეძეოდა, რომ თუნდა ერთ გვერდს წაიკითხავდა ისე, რომ ხმა არსად უღალატებდა და აფიქრებინებდა კაცს, რომ იმას კიდევ სხვა იმდენის წაკითხვა შეეძლო. ამის გამო იგი ყოველ სიტყვას ცალ-ცალკე და მკაფიოდ ჩამარცვლავდა, როგორც მძივს და ამასთან კითხულობდა მოსვენებით, სულწაუსვლელად, ღრმად... მამიას კითხვაში შესანიშნავი ის იყო, რომ რაც უნდა გაცხარებული კითხვა ჰქონოდა იმას, რაც უნდა დრამატული მოძრაობა ყოფილიყო ლექსში, ფრაზა და ფრაზას შუა მამიაში სრულიად დამშვიდებულს და თავისუფალ არტისტს გრძნობდი“.

გიორგი ლასხიშვილი

საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლასხიშვილიც, თავის „მემუარებში“ შთამბეჭდავად აღწერს მამია გურიელის ამ ნიჭს:

„მე მამიას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ქუთაისის გიმნაზიელებს ის ხშირად გვყავდა, რასაკვირველია, ნანახი და ძალიანაც გვიყვარდა; მისი ზოგი პატრიოტული ლექსი ზეპირად ვიცოდით: განსაკუთრებულად აღტაცებაში მოვყავდით მის სცენიდან დეკლამაციას. ახლაც თვალწინ მიდგას მამია სცენაზე: პენსნე ქვეით ჩამოწეული, მამია ზევიდან გამოიყურება და თავისებურის ხელების ქნევით, მომხიბლავი კილოთი წარმოსთქვამს: «ყმაწვილებო, ჯერ ვუსურვოთ ჩვენ სამშობლოს დღეგრძელობა»... დაბოლოს:“ასე ვუთხრათ: საქართველო, აღსდეგ, გახდი კვლავ თავხედი, არარა არს უსაშველო, ყმაწვილებო, ალავერდი“! ამ «ყმაწვილებო, ალავერდის» ისეთი გრძნობითა და აღტაცებით იტყოდა ხოლმე, რომ მთელი თეატრი ერთხმად და აღტაცებით შესძახოდა: „იახშიოლ“.

მამია გურიელი ძირითადად ე.წ. პატრიოტულ ლექსებს წერდა. ძველი დროების საქართველო, ივერია თამარ მეფისა და კახაბერისა - ეს იყო მისი პოეზიის ძირითადი თემა. ძნელი სათქმელია, თვითონ როგორი აზრისა იყო თავის ნაწრმოებებზე, რა მიაჩნდა თავის ჭეშმარიტ მოწოდებად, მელექსეობა თუ ლექსის კითხვა.

მეც ღმერთი ვარ ვიწრო წრეში, გონებისა ნათლის სვეტიო“, - ამბობს თავის ერთ ლექსში (”ნაძლევი”) პოეტი, რომლისაც დღეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ, ალბათ, ისიც ბევრ რამედ ღირს, რომ თვით გალაკტიონ ტაბიძე არ იყო გულგრილი მამია გურიელის მიმართ.

გალაკტიონ ტაბიძე

„ჩემთვის ეს წამი მკაცრი წამია,
მოველი, როგორც წესი, რიგია,
თვით საქართველოც დღეს მოწამეა,
რომ უმკაცრესი ომი, მამია,
არ წაგვიგია“.

„არც ერთი ომი არ წაგვიგია“ - მამია გურიელისადმი მიძღვნილი ლექსია. დაწერილია 1945 წ. მაისში. გენიალური ლექსია“ - ჩაუწერია გალაკტიონს თავის დღიურში თავისივე ლექსის შესახებ.

მამია გურიელის ბედითა და შემოქმედებით შთაგონებული კიდევ ერთი ლექსი - „მამია გურიელის საფლავზეგალაკტიონს ბევრად ადრე, 10-იან წლებში აქვს დაწერილი:

"მამია გურიელის საფლავზე". გალაკტიონის ავტოგრაფი

თავ-დახრილი, მწუხარე, ვდგევარ მე შენს საფლავთან,
ცოცხალთ სამყოფ-ბინისგან უნუგეშოდ ლტოლვილი,
და ფიქრები გარშემო ირევიან თანდათან,
ვდგევარ აქ ყველასაგან დევნილ-უარყოფილი..

და საფლავში მდებარე, უფრო ახლო ხარ ჩემთან,
ვინემ ცოცხალთა გუნდი, ეგ გუნდი გარეწარი.
მინდა ბევრი რამ გითხრა, რის თქმას ვერ ვბედავ სხვებთან,
მაგრამ შენც დავიწყების გფარავს შავი ზეწარი..

მოგატყვილა ცხოვრებამ და სამარემდე გდევნა,
წაგართვა ყველაფერი, ჩაგიქრო ყრმობის დილა,
მხოლოდ ერთი სიკვდილის, მარადისობის ხვევნა
ცხოვრებამ ვერ მოგისპო, ყოფნამ ვერ დაგიჩრდილა.

ოჰ, მაინც მეცოდები, საშინლად მეცოდები,
ტკბობა და ნეტარება სიცოცხლეშივე გსურდა,
ქვეყნათ ვერ მოისმინე თანაგრძნობისა ხმები,
და მომავლის იმედი ისე გაგინადგურდა..