მძღოლებს მანქანის გამონაბოლქვის გამო დააჯარიმებენ

თბილისის ქუჩა

4 სექტემბრიდან საქართველოში მანქანის გამონაბოლქვს შეამოწმებენ. თუ გამონაბოლქვი ჰაერს დასაშვებზე მეტად აბინძურებს, მეპატრონე ჯარიმას გადაიხდის.

როგორ შეამოწმებენ გამონაბოლქვს?

გარემოს დაცვის ზედამხედველობის ეკიპაჟი, ქუჩებში პატრულირებისას იმ მანქანას, რომლის გამონაბოლქვის ფერი არ მოეწონება (ზედმეტად მუქია), ან სხვა რამ დააეჭვებს, გააჩერებს და სპეციალური ხელსაწყოებით გამონაბოლქვში სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების ოდენობას გაზომავს. გამონაბოლქვის ნორმა და შემოწმების წესი განსაზღვრულია მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით: N348, თავი მეექვსე.

იქნება თუ არა გამონაკლისები?

არა. შემოწმდება ყველა მანქანა, როგორც დიზელსა და ბენზინზე, ასევე აირზე მომუშავეც. შემოწმდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ის მანქანებიც, რომლებიც საქართველოში დადიან.

სად შეამოწმებენ?

პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ ქალაქში მოქმედებს: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. თბილისში შემოწმებისთვის ხუთი ეკიპაჟია გამოყოფილი, ქუთაისში - ერთი, ბათუმსა და რუსთავში კი - ორ-ორი.

რამდენია ჯარიმა?

ფიზიკური პირები პირველ ჯერზე 100 ლარს გადაიხდიან. თუ იგივე დანაშაული 15 დღის შემდეგ კიდევ ჩაიდინა - 300 ლარს, კიდევ 15 დღის შემდეგ - 600 ლარს. ჯარიმდება მძღოლი და თუ მეპატრონე სხვაა - მეპატრონეც.

იურიდიული პირების შემთხვევაში, პირველი ჯარიმა 500 ლარია, მეორე (15 დღის შემდეგ) - 1500 ლარი და მესამე (მეორე დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) - 3000 ლარი.

როგორ დააჯარიმებენ უცხო ქვეყნის მანქანებს?

ინფორმაცია ჯარიმის შესახებ აისახება ელექტრონულ ბაზაში. თუ ჯარიმა გადახდილი არაა, მანქანა საზღვარს ვერ დატოვებს.

არის თუ არა რამე შეღავათი?

თუ მძღოლი/მეპატრონე ჯარიმას 10 დღეში გადაიხდის, თანხა 20 პროცენტით შეუმცირდება.

თუ არ გადაიხადა?

თუ მეპატრონემ ჯარიმა 30 დღის განმავლობაში არ გადაიხადა, მას დაეკისრება საურავი. ასევე მის წინააღმდეგ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცედურა.

რა იწვევს მავნე გამონაბოლქვს?

გაუმართავი მანქანა, პრობლემები შიდაწვის ძრავაში. ხშირად მავნე გამონაბოლქვი გამოწვეულია იმით, რომ მანქანას არა აქვს კატალიზური კონვერტორი, ანუ გამონაბოლქვის მაკონტროლებელი მოწყობილობა, რომელიც შიდაწვის ძრავიდან გამოდევნილ ტოქსიკურ გაზებს და გამონაბოლქვ ნივთიერებებს გარდაქმნის ნაკლებად ტოქსიკურ დამაბინძურებლებად.